ავტორი:

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად სანდოა სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უსიმპტომო პაციენტები უნდა დაადგინოს

ანტისხეულებზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს კორონავირუსის მასშტაბების განსაზღვრასა და პრევენციაში მნიშვნელოვან მიგნებად მიიჩნევენ. მასზე იმედებს ამყარებენ საქართველოშიც. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაახლოებით ერთი კვირის წინ ანტისხეულების 30 000 ტესტი შეიძინა. უწყების მტკიცებით, ტესტები ძალიან მაღალი სიზუსტისაა.

საერთაშორისო მედიასაშუალებები კი სულ უფრო აქტიურად აქვეყნებენ ცნობებს ანტისხეულების ტესტების ცდომილებების შესახებ. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტისხეულების ტესტები ხშირად არც ისე ზუსტია. CDC-ში აცხადებენ იმასაც, რომ სეროლოგიური ტესტი ყალბ დადებით პასუხს უფრო ხშირად იძლევა, ვიდრე - ყალბ უარყოფითს.

AMBEBI.GE ამ საკითხზე ქართველი სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა:

ინფექციურ საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურმა საავადმყოფომ დაიწყო სეროპრევალენტური კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს უსიმპტომოდ გადატანილი კორონავირუსის მასშტაბები. მისი თქმით, მიმდინარე კვლევამ უკვე გამოავლინა 10 ისეთი პირი, რომელმაც კორონავირუსი ისე გადაიტანა, რომ ვერც კი გაიგო.

"კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ, ზრდასრულ მოსახლეობაში, გამოვიკვლიეთ 1000 ადამიანი და მათგან 6 ადამიანს აღმოაჩნდა COVID-19-ის ანტისხეულები. კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით და არა PCR-ტესტით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6 ადამიანი ავადმყოფია, ისინი არიან სეროპოზიტიურები ანუ მათ აქვთ ანტისხეულები.

კვლევა მთელ საქართველოში არ ჩაგვიტარებია, ჩავატარეთ 860 000 კაციან ქალაქში 1000 კაცზე და მიღებულ იქნა 6 დადებითი შედეგი ანტისხეულებზე. ახლა უნდა მოხდეს ამ მონაცემის ექსტრაპოლაცია, ანუ გადათვლა მთელს მოსახლეობაზე" - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ სეროლოგიური (ანტისხეულების ტესტი) მაღალი ცდომილებით ხასიათდება და მასზე დაყრდნობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

"რას აკეთებს სეროლოგიური კვლევა? ეს ტესტი სისხლში ეძებს ორი ტიპის ანტისხეულებს - იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G. იმუნოგლობულინი M-ის არსებობა სხეულში იმის დასტურია, რომ პირი დაავდების მწვავე ფაზაში იმყოფება, ხოლო G ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმს გადატანილი აქვს.

ზოგადად სეროლოგიული კვლევა ნაკლებად სარწმუნოა... იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეობს, გამოვლინდა ანტისხეულებზე დადებთი პასუხი, რომელიც PSR კვლევით არ დადასტურდა. საერთოდ, სუროლოგიურ რეაქციებში ცდომილება მაღალია, ამიტომ ამაზე მთლიანად დაყრდობა, ჩემი აზრით, არ შეიძლება. შესაძლოა არსებობდეს ისეთი პაციენტები, რომლებმაც ისე გადაიტანეს კორონავირუსი, რომ ვერც კი გაიგეს, მაგრამ ასეთი ბევრი არ იქნება" - ამბობს ინფექციონისტი.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა კორონავირუსი გადატანილი და რამდენად საშიშია უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება? - ამ კითხვაზე მარინა ენდელაძე ასე გვპასუხობს:

"ამის ერთადერთი გზა არსებობს - მივიდეთ კლინიკებში, ლაბორატორიებში და ჩავიტაროთ ტესტი ანტისხეულებზე. ეს არის სისხლის ანალიზი, თუმცა როგორც გითხარით, იგი არ იქნება ბოლომდე სარწმუნო. ამიტომ კარგი იქნება თუ გადავამოწმებთ მაგალითად PSR ტესტით.

რაც შეეხება კორონავირუსის მიერ დატოვებულ კვალს, ასეთი რამ ჯერ ჩვენ არ გამოგვივლენია. ჩვენ მიერ გაწერილი ყველა პაციენტი შესანიშნავად გრძნობს თავს...

ყველა მათგანს კარგი ლაბორატორიული მონაცემები აქვს და არაფერს არ უჩივიან" - ამბობს ენდელაძე.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უკვე უამრავი ადამიანი იქნება ისეთი, რომელსაც კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი. ბუწაშვილის მოსაზრებით, ასეთი პირების რიცხვი სულ უფრო გაიზრდება და ამაში საგანგაშო არაფერია.

"ყველა ინფექციის დროს არსებობს ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომელიც უსიმპტომოდ გადაიტანს ამ დაავდებას. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს კორონავირუსის დროსაც. სხვადასხვა კვლევების დროს ასეთია 15-20 %, რომელსაც არავითარი სიმპტომი არ აქვს. ასევე, მეორე ჯგუფია, რომელსაც იმდენად უმნიშვნელო სიმპტომები აქვს, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა არ არის აუცილებელი. შესაბამისად, ასეთი ადამიანები თანდათან დაგროვდებიან, რომელთაც ექნებათ გადატანილი ვირუსი, მაგრამ არ ეცოდინებათ ეს.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთ დროსაც გადამდებია ადამიანი...

საერთოდ, ცემინების და ხველის დროს დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს სიმპტომები იყოს სახეზე. ხმამაღალი საუბრით, სიმღერით, გახშირებული სუნთქვითაც შეიძლება ვირუსის გადადება. როდესაც დიდი ოდენობით ჰაერი ამოიფრქვევა, მას მოჰყვება ვირუსი. რაც შეეხება სეროლოგიური კვლევის ცდომილების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს - ასე კრიტიკულადაც არ დგას საკითხი.

ცდომილება ახასიათებს PSR ტესტსაც. ანტისხეულების ტესტირებისას ცდომილების მაჩვენებელი დამოკიდებულია არა მეთოდზე, არამედ კონკრეტული ტესტის ხარისხზე, მის სახეობაზე" - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

გავრცელებული მოსაზრებით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ადამიანის სხეულში გაჩენილი ანტისხეულები ორგანიზმს ხელახალი დაინფიცირებისგან მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში იცავენ.

ბუწაშვილის თქმით, ანტისხეულები ადამიანს ვირუსისგან აუცილებლად დაიცავენ, მაგრამ რა ვადით, ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

"ამ კონკრეტული კორონავირუსის დროს ანტისხეულების მოქმედების ვადა მაშინ გვეცოდინება, როცა დრო გავა. ახლა ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ სხვა კორონავირუსებზე დაყრდნობით, როდესაც ანტისხეულები ორგანიზმში 2-3 წლით რჩება და იწვევს მყარ იმუნიტეტს.

წითელას დროს მაგალითად, ანტისხეულები ორგანიზმში მთელი ცხოვრება რჩება და იცავს ორგანიზმს ამ ინფექციისგან. რაც შეეხება ინფექციური საავამდყოფოს კვლევას, მე არ ვიცი რა დიზაინით ატარებენ ამ კვლევას ისინი, თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ წარმომადგენლობითი კვლევის შედეგები, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აჩვენოს სურათი, მაშინ საჭიროა შემთხვევითი შერჩევის, კარდაკარის პრინციპით უნდა გაიტესტოს ადამიანები.

ისე როგორც 2015 წელს ჩაატარა C ჰეპატიტზე კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ახლა სიტუაციიდან გამომდინარე, როცა კონტაქტებს ყველა ერიდება, ცოტათი წარმოუდგენლად მეჩვენება წარმომადგენლობითი, ნამდვილი კვლევის ჩატარება" - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩ ზურაბ აბაშიძის მდგომარეობაზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა