ცხელი კლიმატი ცხოვრებას აძვირებს

ცხელი კლიმატი ცხოვრებას აძვირებს

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდის მორიგი ტალღა დაიწყო, საშუალოდ, 10%-ით გაძვირდა ხორცპროდუქტები, ჩაი, კონსერვები, საწებლები, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელიც კი, რომელიც წინა თვეებში, სურსათისგან განსხვავებით, გაიაფებული იყო...

გამყიდველები ფასების ზრდის მიზეზად გაზრდილ საბაჟო განაკვეთს ასახელებენ. ცნობილია, რომ იანვრიდან ზოგიერთი დასახელების იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო განაკვეთი 5-დან 12%-მდე გაიზარდა.

- მოდიან და გვეჩხუბებიან, ქაა, გეგონება, მე ვუშვებდე ამ დასაბუგ ტანსაცმელსა... ბებიაჩემი ქსომს წინდებსა და მაგაი ორ ლარად ყიდის, იაფია. ჰოდა, მივიდნენ და ეგ იყიდონ რაღა, - ხმამაღლა იმართლა თავი ჭრელი თავსაფრით თავწაკრულმა ქალმა, როცა მყიდველი შეწუხდა, როგორ გაძვირდა ყველაფერიო... - ცხოვრება გაძვირდა, გენაცვალე, ცხოვრება, - არ ცხრებოდა ქალი.

მალე გამარკვიეს, რომ იმპორტიორებს მარაგი ივნისში ამოეწურათ და ახალი შესყიდვები სწორედ გაზრდილი საბაჟო განაკვეთების პირობებში მოუხდათ, რაც პროდუქციის ფასებზეც აისახა.

სამოსის პარალელურად, თბილისურ სუპერმარკეტებში პროდუქტიც 10-დან 20%-მდე გაძვირდა. შედეგად კი მომხმარებელმა გამოსავალი იპოვა და შედარებით დაბალფასიან და დაბალხარისხიან პროდუქციაზე გადავიდა.

- აქამდე პროდუქციაზე ფასების საგრძნობი, დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში მატება, პირველად ივნისში ლარის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. მას შემდეგ ლარი დასტაბილურდა და გამყარდა კიდეც, მაგრამ ერთხელ გაძვირებულის გაიაფებას ვერ ვრისკავთ, - მითხრა ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონემ და მიზეზიც "ამიხსნა", - მეშინია, ისევ არ ავარდეს დოლარი და წაგებაში არ წავიდეთო.

წინა წლებთან შედარებით უჩვეულოდ ძვირია ბოსტნეულიც. გამყიდველთა თქმით, ფასს იმიტომ ვერ აკლებენ, რომ ძირითადად იმპორტული ბოსტნეულით ვაჭრობენ და ერთ კილოგრამ გაყიდულ პროდუქციაში 5 თეთრამდე მოგება რჩებათ. "თორემ როდის გინახავთ ივლისში პომიდორი 2 ლარი ღირდეს და მწვანე ლობიო 4 ლარზე ნაკლებად არ იშოვებოდეს?!" - კითხვა შემომიბრუნა მოხუცმა და დაჭყლეტილ ბოსტნეულს დანანებით გადახედა. ადგილობრივი ბაზარი რომ იმპორტულ ბოსტნეულით არის სავსე და ნიორსაც კი ნორვეგიულს ვჭამთ, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ფასები ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებსაც მოემატა, რომელთაც განბაჟება არ სჭირდება...

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკური ექსპერტი:

- სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში კი, მსოფლიო ფასები, რაც შემდეგ, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ ქვეყნებშიც აისახება. ნებისმიერი სახის პროდუქტი, შაქარი, პურპროდუქტები და სხვა სახის სურსათი, არის იმპორტირებული და მათი წარმოება მიბმულია ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გაძვირებაზე. იგივე შეიძლება ითქვას ადგილობრივი რძის პროდუქტებზე...

ამასთან, რამდენიმე თვის წინ ეროვნული ვალუტა 6-7%-ით გაუფასურდა და როგორც გითხარით, სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ანუ დოლარში ნაყიდია და ლარის კურსის დაცემამ ფასების ზრდა გამოიწვია. მართალია, დღეს ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ამას ფასების დაწევა არ გამოუწვია. გარდა ამისა, ქართული ბაზარზე კონკურენცია არ არის, რამაც მონოპოლიური სისტემა ჩამოაყალიბა...

ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, სისტემატიური გვალვები პურისა და შაქრის მოსავლის შემცირებას გამოიწვევს, რაც ავტომატურად გაზრდის მათ ფასს... მაგალითისთვის, შარშან საქართველოში ხილი და ბოსტნეული ბევრად უფრო ძვირი იყო, ვიდრე წინა წლებში. წლევანდელი ცხელი და მშრალი კლიმატი არ გვაძლევს იმედს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ყველაფერი იაფი იქნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ