ავტორი:

მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

მანქანების გატაცება, შეიარაღებული ჩინოსნები და ბომბები რიგითი აფხაზების სახლებში - ასლან ბჟანია აფხაზური კრიმინალის პირისპირ

ბოლო დროს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას, რომ კრიმინალის დასამარცხებლად, შეუწყნარებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს, ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. აფხაზების თქმით, ყველა "ხელისუფლება", რომელიც ამ ინიციატივით გამოდის, ბოლოს ან მათთან გარიგებაში შედის, ან მათთან ბრძოლას ეწირება.

"ვნახოთ რა გამოუვა ასლან ბჟანიას", - წერენ აფხაზები აფხაზეთის ლიდერის პასუხად.

"გაიხედეთ გარეთ, 21-ე საუკუნეა... არავითარი "მაყურებლები" და მსგავსი ელემენტები ჩვენს რეალობაში არ უნდა იყვნენ. არ გვჭირდება ისინი. მე არავისთვის თავის მოჭრის ინციატივით არ გამოვდივარ, მაგრამ თუ ჩვენ ერთ პრობლემას არ მოვაგვარებთ, ის მეორეს გამოიწვევს და ასე იქნება სულ. საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ ტურისტები ქვეყანაში აღარ ჩამოვლენ, რადგან ტურისტმა შეუძლებელია დაისვენოს სახელმწიფოში, მასობრივი მკვლელობის ფონზე. არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა რაოდენობით იარაღს ინახავს ჩვენი მოსახლეობა სახლში, მხოლოდ ცეცხლსასროლს კი არა, მსხვილკალიბრიან იარაღს, ბომბებს, თვითნაკეთი ასაფეთქებელ მოწყობილობებს ვგულისხმობ?! ვის რაში და რატომ სჭირდება ამდენი იარაღი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. დანაშაულთან ბრძოლაში, ხალხს სამართალდამცავი ორგანოები უნდა ეხმარებოდნენ", - განაცხადა ბჟანიამ.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა რაულ ხაჯიმბამ შარშან მარტში, რომლის თანახმადაც, დიდი რაოდენობით იარაღის შენახვა-ტარება, "სისხლის სამართლის დანაშაულად" გამოცხადდა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. აფხაზების თქმით, პირიქით, გავლენიანი კლანის წარმომადგენლებმა არსენალი გაამდიდრეს.

ადგილობრივების ცნობით, ე.წ. პროკურატურისა და ძალოვანი უწყებების მუშაობაში არაფერი შეცვლილა - ისინი კრიმინალებთან კვლავაც გარიგებული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებთან მოლაპარაკებას ცდილობს "პრემიერ-მინისტრი" ალექსანდრე ანქვაბი, რათა მათი კონტროლის ქვეშ არსებული ბიზნესი გაათავისუფლოს.

"ახლა ვნახავთ, რამდენად იმსახურებს ხისტი, სასტიკი და შეუბრალებელი ანქვაბი "რკინის ალიკას" სტატუსს. ჩვენს მის მხარეს ვართ, თუკი ეს საკმარისია", - წერს ადგილობრივი მარი ანუა.

"თუმცა, ამის კვალდაკვალ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის თანამდებობის პირების, ან ყოფილი ძალოვნების სახლებში ჩატარდა ჩხრეკა და სხვადასხვა დასახელების იარაღთან ერთად, ყუმბარმტყორცნები და ბომბებიც ამოიღეს. ამიტომაც, ალბათ არავის უკვირს 5 ივნისს რუსეთის საელჩოში შესული შეტყობინება, იქ ბომბის არსებობის შესახებ. გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები ახლაც არ არის მოხსნილი. თუმცა, ჩვენს ხელისუფლებასა და მათ მიერ კონტროლირებად მედიას რომ ჰკითხოთ, აფხაზეთში ანტირუსული განწყობები არ არის, მაშ რას ემსახურებოდა ის მიმართვა?!" - წერს აფხაზი ინტერნეტმომხარებელი, დათო ჭკადუა.

ადგილობრივების თქმით, გასული კვირა მანქანების გატაცების მხრივ, უპრეცენდენტო იყო. აფხაზები წერენ, რომ შარშან ამ დროს მოსახლეობა ტურიზმისთვის ემზადებოდა, წელს კი, სრული იმედგაცრუებაა, შესაბამისად, იმატა დანაშაულმა.

"როგორც ჩანს, კრიზისი მსხვილ ბიზნესმენებზეც აისახა, ან უბრალოდ მიზეზს ეძებენ, რომ იაფად გამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ სოხუმში, მშენებლობაზე ყაზახეთიდან სამუშაოდ ჩამოსულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. როგორც ირკვევა, დაჭრილია ერთი ადამიანი. სავარაუდოდ, ყაზახი ნასვამი იყო, მას შრომის საფასური არ გადაუხადეს, ვეღარც სახლში დაბრუნდა და ჯავრი უბრალო ადამიანებზე იყარა. მშენებლობის ბიზნესი ფაქტობრივად სომხებმა გადაიბარეს, დასკვნები თქვენთვის მომინდვია", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი, ნათელა ჩაჩხალია.

ekhokavkaza.com-ს ცნობით, გასული კვირა კიდევ იმით იყო "მნიშვნელოვანი", რომ "სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი პაციენტი გაიქცა. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შენახვისთვის იყო დაკავებული. საქმე ის არის, რომ გურგენ კირაკოზიანმა ბორკილებიდან ხელები გაითავისუფლა, ზეწრები ერთმანეთს გადააბა, მესამე სართულიდან გადმოცოცდა და ასე დატოვა საავადმყოფოს სპეფციალური პალატა, რომელის ფანჯრებსაც რკინის გისოსები აქვს. რასაკვირველია, დაუჯერებელია", - წერს გამოცემა.

აფხაზების ცნობით, ფოტოები, რომელზეც ფანჯრიდან გამოკიდებული ზეწრები ფრიალებდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა, დადგმული იყო, სინამდვილეში, "სომეხმა რემბომ", რომელსაც იარაღის ტარებასთან ერთად, ნარკორეალიზაციასაც ედავებიან, შეიარაღებულ დაცვას ფული გადაუხადა და ასე გაიპარა საავადმყოფოდან და არავითარი ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პერსონაჟთან არ გვაქვს საქმე. მხოლოდ ფული, მეგობრებო, მუქთა ფული, რომელიც ჩვენს ხალხს ძალიან უყვარს", - წერს ბეჟან კვირკვია.

აფხაზეთის ე.წ. "ეროვნული ბანკი" - თურქულმა ბანკებმა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურება დაიწყეს

ცნობილია, როდის ამუშავდება სოხუმის აეროპორტი - ასლან ბჟანია თარიღს ასახელებს

აღდგება თუ არა სოხუმის აეროპორტი და რაზე შეუთანხმდა ბჟანია რუსეთს - “რას გადაგვაყოლეთ ამ შენობების დაკონსერვებას, ვერ ხედავთ, ქვეყანა თავზე გვენგრევა"