ავტორი:

"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ

"ჩვენთან 108 ინფიცირებული 19 წლამდე ასაკისაა" - თენგიზ ცერცვაძე ყვება, რა მითები გააქრო და რა აჩვენა ქართველ სპეციალისტებს COVID-19-ზე დაკვირვებამ

მსოფლიომ კორონავირუსის შესახებ 31 დეკემბერს გაიგო, საქართველოში კი პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა... დღეს რა ვიცით ამ ვირუსის შესახებ, გავიცანით თუ არა უხილავი მტერი და კიდევ რა "სიურპრიზს" გვიმზადებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "კვირის პალიტრას" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ესაუბრება.

- "კოვიდ-19", როგორც დაავადება, მისი გამომწვევი ვირუსი და ამ ვირუსით გამოწვეული ეპიდემიის სცენარი უფრო ძნელად ასახსნელი და ჯერჯერობით ამოუცნობი გამოდგა, ვიდრე გვეგონა. თავიდან ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს იყო პნევმონია მძიმე მიმდინარეობით. ასახელებდნენ გარდაცვალების სხვადასხვა მაჩვენებელს, საშუალოდ - 5-6%-ს, რაც რესპირაციული ინფექციისათვის მაღალია. ცნობისთვის, ე.წ. ღორის გრიპის დროს ეს მაჩვენებელი 0.5%-ს არ აღემატებოდა, ზოგიერთ ქვეყანაში კი მაქსიმუმ 1%-ს აღწევდა... ამ ახალი დაავადების შესახებ თანდათან ბევრი სიახლე გამოიკვეთა. მაგალითად, თავიდან ითვლებოდა, რომ აავადებს მხოლოდ მოზრდილებს, განსაკუთრებით - ხანდაზმულ ადამიანებს და თითქმის არ გვხვდება ბავშვებში. მერე აღმოჩნდა, რომ ბავშვებს მაინც ემართებათ. საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენთან არის 19 წლამდე ასაკის 108 დაავადებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13%-ია და ეს არცთუ ცოტაა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ვირუსი აზიანებს არა მხოლოდ ფილტვებს და იწვევს არა მხოლოდ პნევმონიას, არამედ ხშირად აზიანებს სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემებს. უპირველეს ყოვლისა, სისხლძარღვებს, გულს, სისხლის შედედების სისტემას, ღვიძლს, თირკმელს, შეუძლია თავის ტვინზე ნევროლოგიური გართულებებიც გამოიწვიოს. მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით საყურადღებოდ იქცა შემდედებელი სისტემის ცვლილებები, რასაც ხშირად ახლავს ე.წ. თრომბოემბოლიზმი, რაც იწვევს დაავადების დამძიმებას და ზოგჯერ სიკვდილსაც. ამ დაავადების დროს აგრეთვე აღინიშნა ინსულტის შემთხვევები, ხშირი იყო გულის დაზიანებებიც...ანუ ეს დაავადება ხასიათდება მულტიორგანული, მულტისისტემური დაზიანებით, რაც განასხვავებს მას სხვა რესპირაციული ვირუსებისგან, რომელთა დროს, ძირითადად, მაინც სასუნთქი სისტემა ზიანდება.

სწორედ ამიტომ, ჩვენც და მსოფლიომაც შემოვიღეთ პრაქტიკა, შეიქმნას ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც იქნებიან სხვა სპეციალობის ექიმებიც

- თავიდან გამოითქვა იმედი, რომ დათბობა ვირუსის გამრავლებას ხელს შეუშლიდა. ეს შეხედულებაც დაინგრა?

- დიახ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც კითხვებს აჩენს და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების საფუძველი ხდება. იყო მოლოდინი, რომ როგორც ყველა რესპირაციული ინფექცია, "კოვიდ-19"-იც იქნებოდა სეზონური, რადგან ისიც რესპირაციულია და გამოწვეულია, მართალია, ახალი, მაგრამ მაინც კორონავირუსით.

გრიპის პიკი არის ნოემბერ-დეკემბერსა და თებერვალ-მარტში, ზაფხულში კი ნამდვილი გრიპი (არა გაცივება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება) თითქმის არ დასტურდება. კორონავირუსისგანაც ასეთ ქცევას მოელოდნენ და ფიქრობდნენ, რომ საყოველთაო შეზღუდვები დროებითი იქნებოდა, 2-3 თვით შეზღუდვებს კი საზოგადოებაც და ქვეყნის ეკონომიკაც შედარებით ადვილად გაუძლებდა, მაგრამ აი, გავიდა ეს ორი-სამი თვე, ზაფხულიც დაიწყო და აღმოჩნდა, რომ სეზონურობის ნიშნებს არ ამჟღავნებს.

ნუ შეგვაცდენს საქართველოს მდგომარეობა, რომ დღეს ჩვენთან ახალი შემთხვევები მცირე რაოდენობით ჩნდება. ამით თავის დამშვიდება არ შეიძლება. შეიძლება ერთ დღეს ერთ რომელიმე კლასტერში, ვთქვათ, ბოლნისში, თეთრიწყაროში ან მარნეულში დადასტურდეს რამდენიმე შემთხვევა და ეს არ გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი სეზონურობას ამჟღავნებს. დამიჯერეთ, ეს არ არის სეზონურობის გამოხატულება, ეს შესაბამისი სამსახურების კარგი მუშაობის შედეგია. ყველაფერი გაკეთდა ძალიან კარგად, უკეთესადაც კი, ვიდრე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში.

- რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

- მსოფლიოში ეპიდემიის დინამიკა. 8 ივნისს მსოფლიოში სულ 113 000 ახალი შემთხვევა აღინიშნა, 11 ივნისს კი - 137 000, ანუ ზაფხულში მსოფლიოში არათუ იკლებს შემთხვევების რაოდენობა, პირიქით, იმატებს. ახლა დავაზუსტოთ, სად იმატებს და როგორ. არის შეხედულება, რომ იმატებს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში, სადაც ახლა ზამთარი იწყება და სწორედ ამიტომ არ გამოირიცხება ვირუსის სეზონურობა. მაგალითად მოჰყავთ ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში. კი ბატონო, მაგრამ ავსტრალიაც სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყანაა, მაგრამ იქ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მექსიკა კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია და შემთხვევები იმატებს.შეიძლება თქვან, რომ ბრაზილია, პაკისტანი და ინდოეთი განვითარებადი ქვეყნებია, ავსტრალია კი - განვითარებული და ეს არის მიზეზი. ავსტრალიაზე განვითარებულია აშშ და ინგლისი, მაგრამ შემთხვევები იმატებს, ასე რომ, ვირუსის გავრცელების თითქმის არავითარი კანონზომიერება არ ვლინდება - არც გეოგრაფიული და არც ეკონომიკური.

აშშ-ში, სადაც ახლა ზაფხულია, 8 ივნისს 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ივნისს - 23 000. ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში ერთხანს იყო კლება, ბოლო დღეებში მოიმატა. შვედეთში, სადაც შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობა არ შემოუღიათ, 8 ივნისს იყო 81 ახალი შემთხვევა, 11 ივნისს - 1300!შეიძლება ვიღაც შემომედავოს, რომ ევროპის ქვეყნებში მაინც არის კლების ტენდენცია, მაგრამ ეს არ არის ტენდენცია, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ პანდემიამ ჩაიარა.

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში როგორც კი შეზღუდვები მოხსნეს, ისევ იმატა დაავადებულთა რიცხვმა. საფრანგეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სკოლები გახსნეს და ისევ დახურეს. ანუ რა გამოდის? შემთხვევათა რაოდენობის შემცირება ყველგან საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების დამსახურება იყო და არა - ამინდის.

ჩვენს სამეზობლოში მიმოვიხედოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჯერჯერობით სიმშვიდეა, მაგრამ ნახეთ, რა ხდება სომხეთში! მატების ტენდენციაა აზერბაიჯანშიც. 11 ივნისს აზერბაიჯანში დადასტურდა 352 შემთხვევა, საქართველოში - 6, სომხეთში - 566. მოლდოვაში, რომელიც ასევე ჩვენს მეზობლად მიიჩნევა, 406 ახალი შემთხვევა იყო... არაფერს ვამბობ რუსეთზე, სადაც ერთ დღეში 8 700 ახალი შემთხვევა აღინიშნა! თურქეთში, სადაც თითქოს კლება დაიწყო, ერთ დღეში მაინც აღინიშნა 987 შემთხვევა. თუმცა, თუ ახალ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვს შევადარებთ, მთელ მსოფლიოში გარდაცვალების პროცენტულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 1%-ით იკლო, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ - მხოლოდ 1%-ით! ექსპერტები საგონებელში არიან. მსჯელობენ და კითხულობენ, იქნება თუ არა მეორე ტალღა შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, მაგრამ მეორე ტალღაზე ახლა ლაპარაკი უხერხულია, რადგან ჯერ ბევრ ქვეყანაში პირველი ტალღა არ დამთავრებულა. უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ შეიძლება კორონავირუსმა წლიური ხასიათი მიიღოს. შეიძლება ზაფხულში ცოტა შემცირდეს, ზამთარში კი ცოტა მოიმატოს, მაგრამ ეს მაინცდამაინც შესამჩნევი არ იყოს. ისე არ იქნება, რომ ზაფხულში გაქრეს, ზამთარში - გაჩნდეს.ასე ვთქვათ, "კოვიდ-19" სულ ჩვენთან იქნება... თუმცა ჯერჯერობით საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შეზღუდვების მოხსნამ შემთხვევათა რაოდენობის მატება არ გამოიწვია. სომხეთში ამის მიზეზად შეზღუდვების მოხსნას ასახელებდნენ. მართლაც, იქ აკრძალვების შერბილებამ აფეთქება გამოიწვია, ჩვენთან კი - არა.

- თუმცა ჩვენთანაც გაჩნდა ახალი კლასტერები, მაგალითად, ნუცუბიძის...

- დიახ, მაგრამ ეს არაფერია. 10-20-კაციანი კლასტერის შედარება სომხეთში დღეში 400-500 ახალ შემთხვევასთან როგორ შეიძლება?!

- წინ გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვის - ტურიზმის გახსნა...

- სხვა შეზღუდვების მოხსნას გავუძელით, მაგრამ ძნელი სათქმელია, გავუძლებთ თუ არა მიმოსვლის, ფრენების აღდგენას. ვნახოთ. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ განვლილი სამი თვის განმავლობაში გამოიჩინა შესაშური თვითშეგნება და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც ქართველებისთვის მაინცდამაინც დამახასიათებელი არ არის, მაგრამ ახლა, როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ცოტა გადავაჭარბეთ თავისუფლებით ტკბობას. ხომ გახსოვთ, რა კარგად ვიცავდით სოციალურ დისტანციას? არ იმართებოდა ქორწილები, ქელეხები, ხალხმრავალი შეკრებები. ახლა მაინც იმართება შეკრებები, დაბადების დღეები...

ამას წინათ მთელი "ფეისბუკი" მოიარა კადრებმა, ახალგაზრდების როგორი თავყრილობა იყო კაფე "ფაბრიკაში", სადაც არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, არც პირბადეები ჰქონდათ. სიფრთხილის შეგრძნება დავკარგეთ, რაშიც, ცოტა არ იყოს, დათვური სამსახური გაგვიწია საქართელოს კარგმა ეპიდსიტუაციამ და შედეგებმა.

მიმდინარეობს დისკუსია, რა ვქნათ, ხომ არ დავუბრუნდეთ იძულებით საკანონმდებლო შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რაც კარგი არ იქნება. მოსახლეობა დიდხანს ვერ მოითმენს ამას და, რაც მთავარია, ეკონომიკა ვერ მოითმენს. ჩვენთან ეკონომიკა ყველაზე მეტად დაზარალდა - ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს, ცხოვრება გაძვირდა... ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.არ უნდა დავუშვათ ეპიდემიის შემობრუნება, თორემ სახელმწიფო იძულებული იქნება, ისევ დაიწყოს შეზღუდვები, ეკონომიკაც ისევ დამუხრუჭდება და ხალხიც უფრო დაზარალდება. აშშ, გერმანია და შვედეთი ასეთ ეკონომიკურ დარტყმას უძლებენ, იმიტომ, რომ დიდი ეკონომიკური რესურსი აქვთ, საქართველოსნაირი ქვეყნები კი მეორე შემოტევას ვერ გაუძლებენ...

წუწუნებენ, რომ ნიღაბი დისკომფორტს ქმნის, სიცხეში გაწუხებს, ან ეროვნულ გამოცდებზე როგორ უნდა გაიკეთოს აბიტურიენტმა... უნდა გვესმოდეს, რომ ეს კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. ნუ შევასკდებით ეპიდემიას შუბლით, ნუ მივცემთ საშუალებას, დააზარალოს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, შეიწიროს ადამიანების სიცოცხლე. გახსოვთ, როგორი ვნებათაღელვა მოჰყვა ღვედების მოხმარებას? ხალხმა ეს თავისუფლების შეზღუდვად აღიქვა, მაგრამ დღეს ყველა იკეთებს. მოდი, ცოტა ხანს ნიღბებიც მოვითმინოთ.

სტატისტიკურად დამტკიცდა, რომ ღვედის გაკეთებამ ავტოკატასტროფების დროს ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. ასეა ახლაც - დამტკიცდა, რომ ნიღბების გამოყენება გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს. წაიკითხეთ სრულად

"გულზე ხელი დაიდეთ და თქვით..." - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ძმის სამძიმარზე იმყოფებოდა

"სიკვდილის არ მეშინია... მუხლებზე დაჩოქილს ვერც კადიროვი და ვერც ვერავინ ვერ მნახავს" - გაბუნიას პასუხი ჩეჩნეთის ლიდერს