ავტორი:

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს

იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, COVID-19-ის ანტისხეულებს დიდხანს ვერ ინარჩუნებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი“ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოჯანმრთელებულის ორგანიზმმა შესაძლოა, სულ რამდენიმე თვეში დაკარგოს ანტისხეულები - ცილები, რომლებიც ებრძვიან ვირუსს და ხელს უშლიან თავიდან დაინფიცირებას.

კვლევის შედეგმა ახალი კითხვები გააჩინა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ და სამეცნიერო წრეებში კიდევ უფრო საეჭვო გახადა ეფექტური ვაქცინის შექმნის შესაძლებლობა.

კვლევა ჩინეთში ჩატარდა. მეცნიერებმა ანტისხეულები შეამოწმეს 37 ინფიცირებული და გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტების სხეულში, ასევე 37 ინფიცირებული, მაგრამ უსიმპტომო პაციენტის ორგანიზმში - როგორც დაავადების მიმდინარეობის პერიოდში, ასევე ვირუსის გადატანის შემდეგ.

კვლევა გამიზნული იყო ორ კითხვაზე პასუხის მისაღებად:

1. უვითარდებათ თუ არა ადამიანებს იმუნიტეტი ვირუსის გადატანის შემდეგ?

2. რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები?

კვლევაში ჩართულ ადამიანთა უმეტესობას ანტისხეულები გამოჯანმრთელებიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში შეუნარჩუნდათ.

გამოჯანმრთელებიდან 8 კვირის შემდეგ, ანტისხეულები იმ ადამიანებში, რომლებსაც COVID-19-ის გამოხატული სიმპტომები ჰქონდათ, 40%-მდე შემცირდა, ხოლო უსიმპტომო პაციენტებში - 13%-მდე.

"ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, ვირუსის დამარცხების შემდეგ ჰქონდათ უფრო სუსტი იმუნური სისტემა", - ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

მეცნიერთა თქმით, ამ ეტაპზე უცნობია ანტისხეულების დაბალი დონე არის თუ არა საკმარისი იმუნიტეტისთვის და იმისთვის, რომ ადამიანი მეორედ აღარ დაინფიცირდეს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ანტისხეულების მცირე რაოდენობაც კი შესაძლოა საკმარისი იყოს თავიდან დაინფიცირების ასარიდებლად, თუმცა მეცნიერებს ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ორი სახის ანტისხეულები - იმუნოგლობულინი G (igG) და იმუნოგლობულინი M (igM).

ზოგადად, ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმი, პირველ რიგში, გამოიმუშავებს igM ანტისხეულებს ვირუსული ინფექციის საპასუხოდ, ხოლო igG გამომუშავდება მაშინ, როცა ადამიანი დიდი დროის განმავლობაშია ინფიცირებული. მეცნიერთა თქმით, იმუნიტეტის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის igG უფრო მნიშვნელოვანია.

კვლევაში ჩართული იმ ადამიანებიდან, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს, 7-ს, ხოლო სიმპტომიანებიდან 6-ს სხეულში igG ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ ვირუსის გადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ. უფრო მეტიც, ამ ადამიანების ორგანიზმში არც igM არ იყო გამომუშავებული.

8 კვირის შემდეგ igG ანტისხეულების დონე შემცირდა სხვა პაციენტებშიც. 71%-ით შემცირდა უსიმპტომო პაციენტების ჯგუფში, ხოლო 76%-ით იმ ადამიანებში რომლებმაც ვირუსი გამოხატული სიმპტომებით გადაიტანეს.

ზემოთ აღნიშნული ანტისხეულების გარდა, კვლევის მონაწილეებს სხვა ტიპის ანტისხეულებიც გამოუმუშავდათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურად და აბსოლუტურად სხვაგვარად რეაგირებს ვირუსზე და განსხვავებული ტიპის ანტისხეულები უმუშავდებათ, თუმცა საერთო სურათი ისაა, რომ 8 კვირის შემდეგ მათი რაოდენობა ზოგიერთ პაციენტში მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთის ორგანიზმიდან კი საერთოდ გაქრა.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მის სამკურნალოდ არ არსებობს მედიკამენტი და არც ვაქცინა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება "დექსამეტაზონია", რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. რაც შეეხება ვაქცინას, ექსპერტების ვარაუდით, ის 2020 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.

ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, ვირუსით 8.6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 455 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4.5 მილიონი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა" - გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"ვუყურებდი ჩემი შვილის გათეთრებულ სახეს და ვგრძნობდი, მას ვკარგავდი..." - წინადაცვეთის ტრადიციას შეწირული გოგონების საშინელი ისტორიები ჩრდილო კავკასიაში

WhatsApp-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა