ავტორი:

ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა

ერთი წელი 20 ივნისიდან - როგორ ვითარდებოდა მოვლენები მძიმე ღამეს, რომელმაც ქვეყნის რეალობა შეცვალა

"20 ივნისი" - ერთი შეხედვით, უბრალო თარიღი, რომლის გაგონებაზეც ყველას ახსენდება ამბავი, თუ როგორ შეიცვალა რამდენიმე საათში ადამიანებისა და საქართველოს ცხოვრება.

ზუსტად ერთი წლის წინ ქვეყანაში დილა ერთი, მოსახლეობისთვის აღმაშფოთებელი სიახლით დაიწყო - "პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი უძღვება". ის, თუ რამდენად აღმაშფოთებელი იყო ეს სიახლე იმ სახელმწიფოს მოქალაქეთათვის, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სულ რამდენიმე საათში ნათლად გამოჩნდა.

AMBEBI.GE 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, დეტალურად გაგახსენებთ:

  • 20 ივნისამდე

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია 2019 წელს საქართველოში ტარდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომი დუმის დეპუტატის გამო აგორებულ მასობრივ პროტესტამდე, საკუთარი პროტესტი ასამბლეის დაწყებისთანავე, 19 ივნისს გამოთქვეს აქციის მონაწილეებმა, რომელთაც სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, სადაც სესია მიმდინარეობდა, გავრილოვის ჩამოსვლა გააპროტესტეს.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა საკუთარი პროტესტი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღების დატოვებით გამოთქვა.

რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილისში

  • 20 ივნისი, 10:00-12:00 საათი

დილით, დაახლოებით 10:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან", სერგეი გავრილოვი, რუსულ ენაზე უძღვებოდა.

საპარლამენტო ოპოზიცია ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებდა, მათი განცხადებით, გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ ჰქონდა დარღვეული, რასაც უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი იყო, უარყოფდა.

გავრცელებული ინფორმაცია და კადრები დაუყოვნებლივ გახდა დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ხელისუფლების შემადგენლებიდან პირველი, რომელმაც ნანახი გააკრიტიკა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ, გამანადგურა“.

რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომის დაწყებიდან დაახლოებით, საათნახევარში, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პროტესტი პარლამენტშივე გამოხატეს. ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში ავიდნენ და ხანმოკლე შესვენების დროს განაცხადეს, რომ სერგეი გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემდნენ და გავრილოვის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენას „სირცხვილი“ უწოდეს.

  • 12:00 - 15:00 საათი

შუადღისას, სესიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს?“

ამასობაში, პარლამენტში, სპიკერატის ოპოზიციონერების მიერ დაკავების გამო სესიის გაგრძელება ვერ ხერხდებოდა. პარლამენტში პროტესტის გამოსახატავად სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ. ისმოდა მოწოდებები სესიის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

დაახლოებით 12:40 საათზე ცნობილი გახდა, რომ სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა და დელეგატები პარლამენტის შენობას ტოვებდნენ. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სესია სხვაგან გაგრძელდებოდა.

სწორედ სასესიო დარბაზიდან ფოიეში გამოსულ ქუცნაშვილს უწოდეს სამოქალაქო პირებმა "მოღალატე და მონა" და მოსთხოვეს პასუხი იმაზე, როგორ დაუშვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატები აღმოჩნდნენ. ქუცნაშვილმა, თავის მხრივ, აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც ეწერა: „სირცხვილი მთავრობას“.

VIDEO: ➤ ხმაური პარლამენტში - ოპოზიციის წევრებმა რუს დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დატოვება აიძულეს

დაახლოებით 13:30-ზე პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა მოსახლეობას 19:00 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნაც მაშინ პირველად გააჟღერეს, ხელისუფლებიდან კი უფრო მეტმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ გავრილოვის პარლამენტში ყოფნა მართლაც მიუღებელი იყო.

ამასობაში, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ გავრილოვი სასტუმრო „რედისონში“ იმყოფებოდა, აქედან გამომდინარე, ნაწილმა სწორედ იქ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სასტუმროსთან მივიდნენ შეძახილებით: „პუტინ ხუილო", „გაუმარჯოს საქართველოს". მოქალაქეები გავრილოვის სასწრაფო დეპორტაციასა და საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ბოდიშის გადახდას ითხოვდნენ.

გავრილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რადიკალებმა სხდომა შეაწყვეტინეს, წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

ოპოზიციის მხრიდან, მომხდარის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება გიგი უგულავას ეკუთვნოდა: „ეს ფაქტობრივად, ცეკვაა ცხედრებზე, იმ ადამიანებზე, ვინც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში თავი გაწირეს ქვეყნისთვის“.

  • 15:00 - 18:00 საათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის სავარძელშიც გავრილოვი იჯდა, მომხდარს მხოლოდ 17:00 საათის შემდეგ გამოეხმაურა. ბაქოში ვიზიტით მყოფმა კობახიძემ თქვა: "რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო".

მანვე თქვა, რომ საზღვარგარეთ ყოფნის გამო მყისიერად რეაგირება ვერ მოახერხა, და როგორც კი მომხდარზე გაიგო, მაშინვე მოითხოვა სხდომის შეწყვეტა.

ქუცნაშვილმა კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ თუ ვინ წაიყვანდა სხდომას, „ტექნიკური საკითხი“ იყო.

გავრილოვის პარლამენტში აღმოჩენის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დედაქალაქს მიღმაც დაიწყო - ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში.

VIDEO: ➤ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტურმო "რედისონიდან" ხმაურის ფონზე გაიყვანეს

თბილისში, „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები კი სერგეი გავრილოვის გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, მათ სასტუმროს შენობის ორივე შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. საბოლოოდ, 17:20 საათზე სერგეი გავრილოვი ტერიტორიდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა მას ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს და წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგანი ესროლეს.

რუსი დეპუტატის გაყვანა დაცვას გაუჭირდა, მანქანაში ვერ ჩასვეს და საბოლოოდ, ეს სირბილით მოხერხდა. მისი ტერიტორიიდან გარიდების შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რამდენიმე მათგანი პოლიციამ ასევე გაიყვანა ტერიტორიიდან.

შემდეგ, „რედისონთან“ შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტისკენ, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე გაემართნენ.

VIDEO: ➤ პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ

ამასობაში, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რჩებოდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი, არაპარლამენტარი წარმომადგენლები. ისინი არ აპირებდნენ სხდომათა დარბაზის დატოვებას, სანამ თანამდებობას პარლამენტის თავმჯდომარე არ დატოვებდა.

სხდომათა დარბაზის სპიკერატში გადმოფენილი იყო საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, გიორგი ანწუხელიძის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და იმ მეომრების სურათები, ვინც რუსულ ოკუპაციას ემსხვერპლნენ.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას ასე გამოეხმაურა: „ლამის გული გამიჩერდეს, როგორ შევხედო ჩემი შვილის სურათს, არ ვიცი“.

  • 19:00 - 21:00 საათი

19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მოთხოვნებად თავდაპირველად ირაკლი კობახიძის, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა გაჟღერდა, რისთვისაც მთავრობას ერთი საათი მიეცა.

VIDEO: საპროტესტო აქცია პარლამენტთან სლოგანით "სირცხვილია!"

ხელისუფლების წევრები (მაგალითად, ანრი ოხანაშვილი) ამბობდნენ, რომ კობახიძის გადადგომაზე საუბარი უადგილო იყო, ვინაიდან სადაც მისი ხელმოწერა ფიქსირდებოდა, არ ეწერა, რომ რუსეთის დელეგაციის რომელიმე წარმომადგენელს უნდა წაეყვანა სხდომა, მათი ინფორმაციით კი, თავმჯდომარეობა საბერძნეთის დელეგაციას ეკუთვნოდა, შესაბამისად, რაც მოხდა, პროტოკოლის შეცდომას უკავშირდებოდა.

დაახლოებით 19:00 საათისთვის გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატოვეს.

20:00 საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულ შსს-ს თანამშრომლებს სამართალდამცველები დაემატნენ.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ რჩებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები და სხვა წევრები, კობახიძის გადადგომის მოთხოვნით.

ამასობაში, მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი აღშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით, რომელთა აგრესიული ქმედებების გამო, ასამბლეის 25 წევრის პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ სამუშაო.

პარალელურად, რუსთაველზე ვითარება იძაბებოდა. ერთი ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე საკრებულოს წევრების - ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას უკავშირდებოდა, მეორე - ნიკა მელიასა და ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა პოლიციას პარლამენტის ჭიშკარი გააღებინა. შედეგად, მელია და აქციის მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

  • 21:00 - 00:00 საათი

აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებზე მთავრობა დუმდა. ამასობაში, სწორედ იმ პირმა, ვის გამოც პროტესტი დაიწყო, რამდენიმე განცხადება გააკეთა. გავრილოვის თქმით, ქართულმა მხარემ შესთავაზა ადგილის სპიკერატში დაკავება, ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაწყებულიყო, რაც გადატრიალების მცდელობა იყო. ასევე, გავრილოვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მოუხადა.

დაახლოებით 21:15 საათზე გავრცელდა ინფორმაცია დეპუტატ ნიკა მელიას მიმართვის შესახებ საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი: "მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში“. მისი თქმით, თუ 1 საათის განმავლობაში არ დაკმაყოფილდებოდა აქციის მოთხოვნები, პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევიდოდნენ. გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც.

ამასობაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებდა და ამ მოთხოვნაზე „სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდა“, ხოლო თუ მელია რამე არაკანონიერს განიზრახავდა, მყისიერ პასუხს მიიღებდა.

საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. 21:50 საათზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობები დაიწყეს, რამაც პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია - აქციის მონაწილეები პოლიციელებს საგნებს ესროდნენ, სამართალდამცველები კი ნიღბებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი.

22:05 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდა. ამავე დროს აქციაზე შს მინისტრი, გიორგი გახარია მივიდა და დემონსტრანტებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი,“ - თქვა გახარიამ. სწორედ 22:00 საათის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია უკიდურესად - სპეცრაზმი პარლამენტის შესასვლელთან იყო მობილიზებული, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რკინის ჯებირები აიღეს, დაპირისპირების შედეგად ორივე მხრიდან დაშავდნენ.

23:00 საათზე ჟურნალისტებს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, სუს-ის წარმომადგენლების თქმით, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამ დროისთვის პარლამენტში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მივიდა. აქციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის".

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ცარიელი ბოთლები დაუშინეს და რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს.

  • 00:00 - 03:00

დაპირისპირების შედეგად უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებოდა. დაშავებულებს უმეტესწილად აღენიშნებოდათ დაჟეჟილობები, დაფიქსირდა ხელის ამოვარდნის შემთხვევები, აქციის რამდენიმე მონაწილის განცხადებით კი, მათ სამართალდამცველებმა დაზიანება ხელკეტებით მიაყენეს. დაშავდნენ სამართალდამცველებიც.

VIDEO: პარლამენტთან აქციაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა

სწორედ 00:00 საათზე პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი გახდა შეუძლოდ. დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება ეტაპობრივად დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს მათი მისამართით ბოთლებისა და სხვა ნივთების სროლით უპასუხეს.

დემონსტრანტების ნაწილს პირღებინება, თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება დაეწყო. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რათა შეუძლოდ მყოფები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებამდე მიეყვანათ. დაშავებულებს შორის იყვნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. დაახლოებით ნახევარ საათში, აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დაბრუნდნენ და სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გამოიყენა, ისროდნენ რეზინის ტყვიებსაც.

VIDEO: სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას აგრძელებს, აქციის მონაწილეები არ იშლებიან

01:00 საათზე შსს-მ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

მიუხედავად აქციის დაშლის მცდელობებისა და იმისა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს ცრემლსადენი გაზის გაშვება არ შეუწყვეტია, პროტესტის მონაწილეები მაინც ბრუნდებოდნენ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე.

შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, გაზი სწორედ მაშინ გაუშვეს, როდესაც ოპოზიცია პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრას აპირებდა. დაახლოებით 01:30 საათზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო, დემონსტრანტების მიერ ბოთლების სროლითა და სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებისა და რეზინის ტყვიების სროლით.

იყო ხელჩართული ჩხუბი, აქციის მონაწილეთა ნაწილი რკინის ჯებირებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. საზოგადოება აცხადებდა, რომ სპეცრაზმის კორიდორის გარღვევას, პარლამენტის შენობაში შეჭრას და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას გეგმავდნენ, ითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც.

დაახლოებით 02:00 საათისთვის, სპეცრაზმის კოლონამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლის მანქანებით დაიწყო.

შედეგად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიდან „თბილისი მერიოტის“ შენობასთან გადაინაცვლეს. სპეცდანიშნულების რაზმი კი პარლამენტის შენობის გვერდით იყო მობილიზებული. დაახლოებით 02:30 საათზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის თეატრთან გადაინაცვლეს, თუმცა სპეცრაზმი მათ მიჰყვებოდა და გაზსა და რეზინის ტყვიებს ისროდა.

მანამდე ისინი ხმის გამაძლიერებელით გააფრთხილეს, რომ დაშლილიყვნენ, თორემ სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად, სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენდნენ.

VIDEO: ➤ პარლამენტის ტერიტორიიდან დარბევის დროს დაზარალებულები გაჰყავთ

  • 03:00 - 06:00

რუსთაველის გამზირზეც, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მოქალაქეების მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს, ქაშუეთთან განლაგებული სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებდა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მისამართით ფოიერვერკები ისროლეს, რაზეც სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშა ჩამოხსნა და დაწვა.

04:30 საათისთვის, რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობდა, სამართალდამცველებს დაკავებულები პარლამენტის შენობაში შეჰყავდათ. ამასთანავე, სპეცრაზმი მათ რესპუბლიკის მოედნისკენ ავიწროებდა, სადაც ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

05:00 საათზე რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, სპეცრაზმი კი პარლამენტისკენ მიბრუნდა. 06:00 საათისთვის, რუსთაველზე სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია თითქმის სრულად იყო დაშლილი. დემონსტრანტების მცირე ნაწილმა ცოტა ხნით გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, შემდეგ კი უნივერსიტეტისკენ გაემართა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფებოდა, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ტერიტორიის დატოვება. პარლამენტის შენობის წინ და ფილარმონიასთან მხოლოდ პოლიციელები იმყოფებოდნენ.

VIDEO: ➤ რუსთაველის გამზირზე დაკავებები მიმდინარეობს

  • 06:00 - 09:00 საათი

აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი დილამდე რჩებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს.

დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტების ჯგუფსა და პოლიციელებს შორის ფილარმონიასთან. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა გადმოატრიალეს და პოლიციელებს ქვები და ხელკეტები ესროლეს. შეტაკებები გმირთა მოედანზე გაგრძელდა, სადაც სპეცრაზმიც გამოჩნდა, პოლიციელებმა კი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს.

აქცია 07:30 საათამდე გაგრძელდა, სანამ არ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ. მანამდე ისინი რამდენიმე ქუჩაზე იყვნენ გაფანტულები: მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევში და მიმდებარე ქუჩებზე.

21 ივნისს, დილის 09:00 საათზე, პარლამენტის წინ მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

შემდეგ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი.

ასე დასრულდა ეს ღამე - დილას. თუმცა, გადაბმული 93-დღიანი საპროტესტო აქციების, შემდეგ კი - ფრაგმენტული აქციების, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ველზე დაპირისპირების, რეფორმების გატარება-არგატარების გამო აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, რომელიც მას შემდეგ გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის 20 ივნისი დღესაც, 2020 წლის 20 ივნისსაც გრძელდება...

ფოტოგრაფები: გიორგი ჟამერაშვილი, ვანო გორგიშვილი

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია