ავტორი:

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია

რა ქონებას ფლობს და როგორ მფარველობს ნათესავების ბიზნესებს პარლამენტარი, რომელიც 12 წელია მაჟორიტარი დეპუტატია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ საკუთარი ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

  • მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;
  • 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;
  • დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლევაში წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების ქონების, კომპანიებისა და ამ კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

სასტუმრო „არსიანი” სამთო კურორტ გოდერძიზე

„არსიანი” კურორტ გოდერძიზე 2020 წელს გახსნილი სასტუმროა. ანზორ ბოლქვაძის შვილი და მოგვიანებით მეუღლე, მას შემდეგ გახდნენ სასტუმროს მფლობელები და კომპანიის მეწილეები, რაც სასტუმროს პირვანდელმა მეპატრონემ, როლანდ შანთაძემ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა: ბოლქვაძის ოჯახის წევრების ჩართვის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შანთაძეს ვალდებულებების შესრულება 2-ჯერ გადაუვადა, სანაცვლოდ კი შანთაძემ აუქციონით მიღებული ქონება გოდერძიზე სრულად გადასცა იმ კომპანიას, რომლის მეწილე ანზორ ბოლქვაძის მეუღლე გახდა. აღნიშნული წილი, როგორც 2020 წლის 2 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში დავწერეთ, ანზორ ბოლქვაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

2016 წელს სწორედ როლანდ შანთაძემ მოიგო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, სადაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ 300 კვ.მ შენობა და მასზე დამაგრებული 3,614 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. ნასყიდობის ფასი 46,950 ლარი იყო. ხელშეკრულება 2016 წლის 1 აგვისტოს გააფორმეს. პირობებში ეწერა, რომ მყიდველს 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაეხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტი, თუმცა შანთაძემ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა. მოგვიანებით, შანთაძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება 2018 წლის დეკემბრამდე გადაუვადეს.

აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2019 წლის სექტემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში (30-ე გვერდი) აღნიშნულია წინა წლებში აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.

როლანდ შანთაძე ანზორ ბოლქვაძის ოჯახის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი გოდერძიზე ქონების პირობიანი აუქციონით შეძენის შემდეგ, 2017 წლის ივლისში გახდა: სწორედ ამ დროს დაფუძნდა შპს „აისი გოდერძი” - როლანდ შანთაძე და ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე კიდევ ერთ პირთან, რაინდ შანთაძესთან ერთად, კომპანიის მეწილეები გახდნენ. მოგვიანებით, 2019 წლის 11 იანვარს, ნოდარ ბოლქვაძემ საკუთარი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს აჩუქა.

ამის შემდეგ 2019 წლის 30 ივლისს, შანთაძემ ობიექტი სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკში” სესხის ასაღებად იპოთეკით დატვირთა. ამავე ბანკში იპოთეკური სესხი ბოლქვაძეებმაც აიღეს: სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთა ანზორ ბოლქვაძის დედის, სემიე ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული 194 კვ.მ, 107 კვ.მ და 88 კვ.მ კომერციული ფართები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57-ში და 68.9 კვ.მ ორანჟერეა თბილისში, სამტრედიის ქუჩის #50-ში.

იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებიდან ერთ თვეში როლანდ შანთაძემ 2016 წელს აუქციონზე შეძენილი მთელი ქონება შპს „აისი გოდერძის” აჩუქა.

მაჟორიტარის ნათესავის, რომან ბოლქვაძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს უკავშირდება და დიდი ოდენობით სარგებელს იღებს რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან, „გიგა 2015”-ია.

ეს კომპანია 2015 წელს ანზორ ქამადაძემ დაარეგისტრირა, 100%-ის მფლობელი და დირექტორიც თავად იყო. 2016 წლის 3 ივნისს კომპანიის დირექტორად ანზორ ბოლქვაძის ნათესავი, რომან ბოლქვაძე დაინიშნა (საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით დგინდება, რომ რომან ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძის დედა, სემიე ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები). 2018 წლის 8 იანვარს ანზორ ქამადაძემ კომპანიის 100% რომან ბოლქვაძეს უსასყიდლოდ გადასცა.

რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52,542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1 აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3,847,120 ლარი შეადგინა. აქედან, 1,290,493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015”-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% - 3,252,372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან მიიღო - ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ამ დეპარტამენტში 10 წელია ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე მუშაობს. მეტიც, ის წლების განმავლობაში დეპარტამენტის სატენდერო კომისიის წევრი იყო, მათ შორის იმ შესყიდვების დროს, რომელთა შედეგად, ხელშეკრულებები „გიგა 2015”-ს გაუფორმდა. როლანდ ბოლქვაძე დეპარტამენტში მატერიალური რესურსებისა და მექანიზაციის სამსახურის უფროსი იყო, ამჟამად კი ლოჯისტიკის სამსახურს ხელმძღვანელობს იხილეთ კვლევა ვრცლად

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა იქნება, ყველა იცნობთ მათ" - ნუგზარ წიკლაური