ავტორი:

"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

"ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 80 წლის პაციენტი გვყავდა, რომელიც შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა" - გუგა ქაშიბაძე უჩვეულო "ქართულ ფენომენზე"

საქართველოში ლეღვის ფოთლის ნახარშით პირველი დამწვრობა 10 წლის წინ დაფიქსირდა - 15 წლის გოგონამ რუჯის მიღების მიზნით, სხეულზე აღნიშნული ნახარშის წასმა სცადა.

გაუფრთხილებლობით მიღებული სხეულის ეს დაზიანება ექიმებისთვის უცნაური აღმოჩნდა. მას შემდეგ კი, ყოველ ზაფხულს ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი 6-7 პაციენტი მაინც ჰყავთ. წელს პანდემიის პირობებში აღარ ელოდნენ, ვინმეს კიდევ თუ მოუვიდოდა თავში მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტი მაინც დაფიქსირდა...

ზოგადად რასთან გვაქვს საქმე, ამ ნახარშით რატომ იწვავენ ადამიანები თავს და როგორ აფასებს ფაქტს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე - ამის შესახებ მან AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:

- სანამ ღეღვის ფოთლების ნახარშით დამწვარ პაციენტს პირველად ვნახავდი, უფროსი კოლეგებისგან ვიცოდი, რომ ლეღვის ფოთლის წვენი ქიმიურ დამწვრობას იწვევდა მაშინ, როდესაც ბავშვები თამაშ-თამაშით მისგან სხეულზე ხელოვნურ ტატუს იკეთებდნენ, ტანზე ისვამდნენ და წარწერებს იკეთებდნენ. მაგრამ ვინმეს ფოთლები რომ მოეკრიფა, მოეხარშა და მერე წვენი იმისთვის გამოეყენებინა, ვითომ გარუჯულიყო, ასეთი არაფერი მახსოვს...

- ეს დამწვრობა როგორი ხასიათისაა?

- განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, უმეტესად ზედაპირულ დაზიანებას იწვევს და არის I-II ხარისხის. მცირე ფართობზე არ არის საშიში, მაგრამ თუ მთელ სხეულზე გავრცელდება, ბუნებრივია, ინტოქსიკაციასთან ერთად, ლოკალური პრობლემა ზოგად პრობლემად გადაიქცევა - მთელ ორგანიზმში დამწვრობითი დაავადება განვითარდება.

ეს პაციენტს მეტ საფრთხეს უქმნის, მალამოს წასმა აღარ შველის და გადასხმას, სხვაგვარ მკურნალობას საჭიროებენ, ამასთან, მონიტორინგს. ყოფილა შემთხვევები, როცა ამ დამწვრობით რეანიმაციაშიც აღმოჩენილან. წელიწადში 3-7 ფაქტი მაინც ფიქსირდება. ყოველ ჯერზე, მსგავსი დამწვრობით პაციენტს აღარ ველოდებით, მაგრამ ასე არ ხდება...

წლევანდელი ფაქტი ტელევიზიებთან აღარც გაგვიჟღერებია. ვეცადეთ, ეს ინფორმაცია ნაკლებად გავრცელებულიყო, რადგანაც ვიფიქრეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ვახსენებთ და არ ვისაუბრებთ მასზე, მოსახლეობას დაავიწყდება-თქო.

საერთოდ, მგონია, რომ გარუჯვის მიზნით, ლეღვის ნახარშის გამოყენება იმ პირველი დამწვრობიდან გავრცელდა, როდესაც 10 წლის წინ 15 წლის გოგონა პირველად დაიწვა... თითქოს ადამიანებს ამისკენ ბიძგი იმ სიუჟეტებმა მისცა. აბა, ლიტერატურაში ამას არსად ამოიკითხავდნენ, რადგანაც ასეთი რამ იქ არ არსებობს.

- ლიტერატურა ახსენეთ და თქვენი დარგის სპეციალისტები ამ დამწვრობას სპეციალურ სახელმძღვანელოში ცალკე ქვეთავად შეტანას ხომ არ აპირებთ, როგორც ერთ-ერთი უცნაური ფაქტის?

- სახელმძღვანელო რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბესიკ მაიაშვილმა გამოსცა, მოცულობითი წიგნია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იქ ამ დამწვრობას ადგილი არ ეთმობა, რადგანაც გინდა-არ გინდა არასერიოზულ ფაქტად აღიქმება...

- თავად პაციენტები რას ამბობენ, აღიარებენ თავიანთ შეცდომას?

- ამ დამწვრობას უბედურ შემთხვევას ვერ დააბრალებ, ეს ტრავმაა, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ გაუფრთხილებლობით მოხდა. პაციენტების უმეტესობა ქალბატონია, თუმცა ამ დამწვრობით მამაკაციც დაფიქსირებულა. ყველაზე უმცროსი პაციენტი 13 წლის იყო.

გვყავდა 80-ს გადაცილებული ქალიც, მაგრამ ის სხვა შემთხვევა გახლდათ - შვილიშვილმა ბოროტად მოატყუა ბებიას, რომ პოდაგრას ლეღვის ფოთლების ნახარში შველოდა, მოახარშინა და მოხუცი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საერთოდ, ისეთი ტრავმის მქონეთათვის, რომლებმაც თავიდან არ აიცილეს შემთხვევა და გაუფრთხილებლობით დაზიანდნენ, დამახასიათებელია გარკვეული სინანულის გრძნობა, აცნობიერებენ თავიანთ საქციელს, მაგრამ მაინც ეძებენ პიროვნებას, ვისაც შეიძლება ეს ყველაფერი გადააბრალონ. იმიტომ, რომ თვითონ ბოლომდე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ არ დაიწვებიან და ეს ტრავმა არ მოუვათ.

მოკლედ, მიდგომა არის ასეთი - ყოველ ჯარისკაცს ხომ ჰგონია, რომ ომში თვითონ არ დაიჭრება და ტყვია ჩაუვლის, ასეა აქაც. როდესაც ამ ადამიანებს ვესაუბრებით, კითხვებს ვუსვამთ, საუბრის გაგრძელება არ უნდათ.

- ეს დამწვრობა რამდენ ხანში შუშდება, მკურნალობა დიდხანს გრძელდება?

- დაახლოებით 10 დღე. ამ დროის მანძილზე ხდება ეპითელიზაცია და პროცესის ალაგება, თუმცა დისკომფორტი მერეცაა, რადგანაც პაციენტს აბაზანის მიღება, დაბანა კარგა ხანს ეკრძალება. კანი დამწვრობის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ აღდგება.

- ერთხელ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ უცხოელ კოლეგებს ამ დამწვრობის შესახებ არც უყვებით, რადგანაც შესაძლოა, გაუჭირდეთ იმის გაგება, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი გასარუჯად ლეღვის ფოთლის ნახარშს იყენებს...

- ყოველთვის მაინტერესებს სხვა ქვეყანაში რა ტიპის დამწვრობებია დაფიქსირებული, მაგრამ მსგავსი რამ არავისგან მსმენია. არსად მომხდარა, თუმცა ბუნებაში არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელსაც თუ შიშველი სხეულით შევეხებით, სხეულზე დამწვრობის მსგავს სითხით სავსე ბუშტულაკებს გამოიწვევს, ერთ-ერთი კავკასიური დიყაა. აგრესიული მცენარეა. ისე, უცხოელ კოლეგებთან უხერხულიც არის კითხვის დასმა ამ დამწვრობაზე რაიმე სმენიათ თუ არა.

ნახარშის მთელი "ფორმულებია" - სხვადასხვა ბოსტნეულს იყენებენ, საჭმელ საშუალებებს, სადღაც 7-8 ინგრედიენტია, რასაც შეგნებულად არ ჩამოვთვლი.

- დაბოლოს, რა რეკომენდაციებს გასცემდით ზაფხულის სეზონისთვის, რომ ადამიანებმა მზისგან დამწვრობა არ მიიღონ?

- თუ მზეზე გასვლა გვინდა, პირველი გასვლა ხანმოკლე - 10-15 წუთიანი უნდა იყოს, მზის გულზე ხშირად უნდა ვიტრიალოთ, მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ მივეფიცხებით. გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ კრემის ხელახალი წასმა, მით უფრო, როცა ვბანაობთ, როცა ოფლის გამოყოფა ხდება. ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს.

თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სხვებსაც, განსაკუთრებით, პატარებს, მოხუცებს. მათ თხელი და ნაზი კანი აქვთ. მზის დამწვრობის გარდა, არსებობს მზის დაკვრა და გადახურება. ამიტომ, მზისგან დამცავი კრემების გარდა, თეთრი ფერის ქუდსაც თუ გამოვიყენებთ, კარგი იქნება.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა