ავტორი:

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის - 78%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პუტინს აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის ვადა კიდევ 16 წლით, 2036 წლამდე გაიხანგრძლივოს. იმ დროისთვის ის უკვე 83 წლის იქნება...

რეფორმების ფარგლებში, პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს განულდება, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტად კიდევ ორჯერ, თითოეულ ჯერზე ექვსი წლის ვადით აირჩიონ.

ოპოზიციამ რეფერენდუმი დაგმო და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი "მთელი ცხოვრება პრეზიდენტობაა".

როგორ მიაღწია პუტინმა რუსი მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას, და მეორე მხრივ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე მისი "მარადიული პრეზიდენტობა"? - ამ საკითხებზე AMBEBI.GE უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, თეონა აქუბარდიასა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება და პუტინს ჰქონოდა საშუალება, კიდევ ეყარა კენჭი, რამდენჯერაც მოესურვებოდა, თუმცა პრეზიდენტმა საკითხი რეფერენდუმზე განგებ გაიტანა:

VIDEO: "სტალინის შემდეგ მეორე, ვისაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად" - რას ნიშნავს საქართველოსთვის პუტინის ზეობა 2036 წლამდე

"პუტინს უნდა, სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს და შესაბამისად, რეფერენდუმზე გაიტანა ეს საკითხი. იმ საკითხებთან ერთად, რომელიც რუსეთის პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, საკითხები შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, პენსიონერების, მუშების თუ სხვათა უფლებებს, და ფაქტობრივად, ძალიან რთულია, მათზე თქვას "არა" იმ მასებმა, რომელზეც პუტინი მუშაობს.

პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე ლიდერი, საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ დარჩეს ლიდერად

ეს არის ის გლობალური ტრენდი, რომელიც ჩინეთმა ჩამოაყალიბა და რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის საპირწონედ ვხედავთ - ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ამ რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოვებას და სწორედ ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი, იქამდე, სანამ ის ცოცხალია.

თუ დავაკვირდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პუტინმა და მისმა სისტემამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ ჩამოყალიბებულიყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, ძალა ან ლიდერი. ის უალტერნატივოა. იქნებოდა ეს ნემცოვი თუ სხვები, ზოგი დაიღუპა, ზოგმა დაკარგა შესაძლებლობა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. სწორედ ეს არის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ნიშნები, რომელიც ფაქტობრივად, რუს ხალხს, გარდა ქვეყნის დატოვებისა, სხვა ალტერნატივას არ უტოვებს.

78%-იანი მხარდაჭერა მიანიშნებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფო რესურსი მუშაობს ერთპარტიული მხარდაჭერის პირობებში და ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან არ რეგისტრირდება, ან უბრალოდ, უმცირესობის უმცირესობაში აღმოჩნდება" - აღნიშნავს მაჭავარიანი.

რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს - ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ამ ფონზეც არის ოკუპაცია, რუსეთის აგრესია, რომელიც ჩაფიქრებულია 1990-იანი წლებიდან, რომ საქართველო დაშალოს საბჭოთა სისტემის მიხედვით:

"პუტინის იმპერიული გეგმაა, დაანაწევროს საქართველო, საქართველოსა და უკრაინაში დაუმთავრებელი აქვს ეს პროექტი. ამ რეფერენდუმის შედეგად ის შესაძლოა, სამუდამოდ გახდეს პრეზიდენტი და საქართველო იქნება იმ გეგმის ერთ-ერთი ობიექტი, რაც არსებობს 2022-ისთვის, რომ მან უნდა შემოიერთოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები - უფრო ჰიბრიდულად, ნელ-ნელა, ვიდრე ღია აგრესიით, ამას უკვე ვხედავთ და დავინახავთ უახლოეს პერიოდშიც.

"ამომავალი ცარი" - ილუსტრაცია ჟურნალ TIME-ისთვის, ავტორი: Justin Metz

რუსეთისთვის იმპერიული ზრახვები, შემოიერთოს „ახალი ტერიტორიები“ საქართველოს და უკრაინის თვალსაზრისით და დაამყაროს რუსული, პუტინის სისტემის მსგავსი ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა, ჩაკლას ევროატლანტიკური პერსპექტივა საქართველოში და უკრაინაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიზანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის შიდა პოლიტიკური გავლენა - მას არ უნდა დემოკრატიული სახელმწიფოები მის გარშემო.

საქართველო და უკრაინა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეებია (ცენტრალურ აზიაში ასე თუ ისე ეს საკითხი დალაგებული აქვს) და ის შეეცდება, რომ რუსული, პუტინის ტიპის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა, ერთ დოგმაზე დამყარებული სისტემა ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, დღევანდელი მმართველობით ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ცდილობს, არანაირ მოლაპარაკებაში არ შევიდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არანაირ კოალიციაზე არ ფიქრობს.

ეს არის სწორედ დემოკრატიული მმართველობა და "ოცნება" შეეცდება სწორედ ერთპიროვნული, ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა დაამსგავსოს პუტინის მმართველობას და ამით მეზობელი ქვეყნის გული მოიგოს" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია პუტინის "სამუდამო მმართველობაზე" საუბრობს. მისი მოსაზრებით, რაც შეეხება საქართველოს, ვითარება ანალოგიური დარჩება:

- პუტინის მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად განემტკიცებინა რეჟიმის უსაფრთხოება და საკუთარი ყოფნა სათავეში. შესაბამისად, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის უმრავლესობამ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საინტერესოა ის, რომ ანალოგიური საკონსტიტუციო ცვლილებები ახასიათებს აფრიკულ და აზიის ქვეყნებს, სადაც ავტორიტარიზმია გამყარებული.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისა, რომ რუსეთში მტკიცდება ავტორიტარული რეჟიმი და პუტინის სამუდამო მმართველობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას გაუნულდება ის საპრეზიდენტო წლები, რომელიც უკვე ჰქონდა და კიდევ დამატებით შეეძლება ორი ვადით ყოფნა და ხელისუფლებაში დარჩენა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის ავტორიტარულ მისწრაფებებს, რომელიც ძალიან წააგავს საბჭოთა პერიოდის ბოლო ეტაპს და ლოგიკურია, რომ ეს ოდესღაც დასრულდება.

თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის რეჟიმი იქნება, რამდენად აგრესიული. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება დასავლეთს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, არამედ, კონსტიტუციაში გამყარებული კონსერვატიული ღირებულებებით, რომელიც უპირისპირდება დასავლეთში დამკვიდრებულ ლიბერალურ ღირებულებებს. ამასთან, ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა ხდება, განსაკუთრებით, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პუტინის მმართველობის კიდევ ერთი, ახალი ფაზა უფრო აგრესიული იქნება დასავლეთის მიმართ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ავტორიტატული ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით, ქვეყნის შიგნით პატარა ოპოზიციური ჯგუფებისადმი

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა არც მეფის რუსეთის დროს, არც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული რუსეთის დროს და მით უფრო, პუტინის პერიოდში. ჩვენ ვიცით, რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები.

საქართველოსთვის მთავარი რისკი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ პუტინი კიდევ უფრო დაუპირისპირდება დასავლეთს, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო გაიმყარა თავისი პოზიციები უვადო მმართველობასთან დაკავშირებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, დასავლეთმა კონკრეტული სტრატეგია შეიმუშავოს აგრესიულ რუსეთთან მიმართებაში, რომ დაიცვას საკუთარი მოკავშირეები, ისეთი, როგორიცაა საქართველო და ასევე დაიცვას ის ლიბერალური ღირებულებები, რომელზეც დღეს ცივილიზებული დასავლეთი დგას" - აღნიშნავს აქუბარდია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება რეფერენდუმს, შვიდდღიანი ხმის მიცემის პროცესზე დამოუკიდებელი დაკვირვების განხორციელების საშუალება არავის მისცემია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კვირის განმავლობაში, წიგნების მაღაზიებში ახალი კონსტიტუციის ასლები გამოჩნდა.

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ შედეგებს "დიდი ტყუილი" უწოდა, რომელიც არ ასახავს რეალურ საზოგადოებრივ აზრს ქვეყანაში. საკონსტიტუციო ცვლილებების რამდენიმე ასეულმა მოწინააღმდეგემ კი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციები გამართა.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ რეფორმები, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში, 200-ს აღემატება - ეროვნული სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. კონსერვატიული რეფორმები კიდევ მოიცავს მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას და მითითების შემოღებას რუსეთის ისტორიული, მემკვიდრეობითი "ღვთისადმი რწმენის" შესახებ.

პუტინი უკვე 20 წელია რუსეთის ხელისუფლების სათავეშია - ხან პრეზიდენტის, ხანაც კი პრემიერ-მინისტრის რანგში...

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი