ავტორი:

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა... ექიმმა გასინჯა და დადგინდა რომ ნამშობიარები იყო" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა... ექიმმა გასინჯა და დადგინდა რომ ნამშობიარები იყო" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სადაც 24 წლის ქალმა ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, შემზარავი დანაშაულის ახალ დეტალებზე საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორ დღეში ძლიერი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიტუაციის გარკვევის შემდეგ, ექიმმა სამართალდამცველები გამოიძახა.

გარდაცვლილი ახალშობილის გარდა, ქალს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ახალნამშობიარები ქალი კასპში, კლინიკა „მედალფას" გინეკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა. შემოვიდა ტკივილებით, როცა ექიმმა გასინჯა, დადგინდა რომ ნამშობიარები იყო, რადგან მომყოლი იყო საშვილოსნოს ღრუში. არაადეკვატურია ქალბატონი, არაფერს ამბობს, ზედმეტად არ შევდივართ კონტაქტში. სამართალდამცველები მუშაობენ. ქალის მდგომარეობა სტაბილურია და გაეწერება ბინაზე" - ამბობს კასპის საავადმყოფო "მედალფას" ექიმი ნინო ბოლქვაძე.

ბრალდებულის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის შესახებ ოჯახში არაფერი იცოდნენ.

"არავინ იცოდა რომ ორსულად იყო, არც სოფელში იცოდნენ, არც ქმარმა იცოდა, არც დედამთილმა. მაღაზიაში წინა დღეს შემოვიდა და მუცელი არ ეტყობოდა. ამბობენ საპირფარეშოში ჩააგდოო... მარტო იყო და სახლში იმშობიარა. ბავშვი, ბიჭი უკვე მკვდარი დაიბადაო" - ამბობს ბრალდებული ქალის მეზობელი.

"წინა წელსაც ასე იყო, არ ეტყობოდა მუცელი და უცებ აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ტკივილების გამო, სოფლის ექიმმა გაგზავნა კასპში და იქ აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო" - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი "მთავარ არხთან".

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როგორ მოხვდა ჩვილი საპიფარეშოში და ის ჩაგდებისას ცოცხალი იყო თუ უკვე გარდაცვლილი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ახალი ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის შემთხვევების უახლესი მონაცემები

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან