ავტორი:

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

როგორც კი მსოფლიო პანდემია გამოცხადდა, ბევრი სხვა დაწესებულების მსგავსად, ქართული თეატრებიც რეგულაციებს დაექვემდებარა და დაიხურა. უამრავი მსახიობი შინ გამოიკეტა. აქტიური და კვირის განმავლობაში საქმეებით დატვირთული თამუნა ნიკოლაძეც შინ დარჩა. აღარც სპექტაკლი, აღარც მოსწავლეებთან გაკვეთილები, სტუდენტებთან ლექციები და კიდევ არაერთი დამატებითი საქმე, - ამბობს, რომ ზუსტად 2 თვე შინ იყო. ახლა გარკვეული რეგულაცია მოხსნილია, თუმცა თეატრი - კვლავაც დახურული, როდის განაახლებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თამუნა თავის კოლეგა მსახიობებთან ერთად, ამჟამად სერიალში „დიდი ოჯახი“ მონაწილეობს, რომელიც „მთავარ არხზე“ დაიწყო. მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრება იზოლაციის პერიოდზე, მის ახლანდელ საქმიანობასა და იმაზე, თუ სად და როგორ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

- საერთოდ ვერც წარმომედგინა, თუ „კოვიდ 19“ მსოფლიო პანდემიად გამოცხადდებოდა... ამიტომ, 11 მარტს, ზაფხულში სად და როგორ დავისვენებდი, დაგეგმილი არაფერი მქონდა. თან, ჯერ მარტი იყო და ზაფხულს ასე ადრე, ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, ვერ დავგეგმავდი. ჯერჯერობით არსად ვისვენებ, რადგანაც ვმუშაობ სერიალზე „დიდი ოჯახი“, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გადაღებები გვაქვს.

- ე.ი. „შუა ქალაქის“ მსახიობები ისევ შეიკრიბეთ, ხომ?

- მხოლოდ ოთხი მსახიობი ვართ მიწვეული - მე, ბაჩო ქაჯაია, გოგა ბარბაქაძე და თათული ედიშერაშვილი. რეჟისორი გვყავს იგივე. გოჩა კორხელაური (ვინც „შუა ქალაქში“ გადაიღო) რის გამოც ისევ „სიტკომზე“ მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი, - გადაწყვეტილება უფრო ამ რეჟისორის გამო მივიღე, როცა რეჟისორს ენდობი, ყოველთვის კარგია, რადგანაც გარანტიები უკვე არსებობს... თეატრები კი, რა თქმა უნდა, პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიხურა და ჯერ არ გახსნილა. როგორც კი იქ შესვლის, სპექტაკლის თამაშის უფლებას მოგვცემენ, საქმიანობას განვაახლეებთ და საქართველოს ყველა თეატრი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნება. მთავარია, მოგვცენ უფლება, მაგრამ სანამ ეს რეგულაციები იქნება, ჩვენც ასე ვიქნებით.

- და როგორ გავიდა დრო პანდემიისას სახლში?

- „თავისუფალი თეატრის“ მსახიობებს, როგორც სხვებს, 12 მარტის შემდეგ სპექტაკლი აღარ გვითამაშია. ზუსტად 2 თვე სახლში ვიყავი, გარეთ არც გავდიოდი, ჩემთან არც სტუმარი მოდიოდა და მე არ მივდიოდი სადმე. წესების სრული დაცვით ვცხოვრობდი. სახლში ყოფნა რთული აღმოჩნდა, რადგანაც უცებ მოვწყდი სპექტაკლებს, სტუდიას, მოსწავლეებს, სტუდენტებს - არ იყო მარტივი, მაგრამ მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე თავს ვამხნევებდი და დიდად არ გამჭირვებია. ვაკეთებდი სახლის საქმეებს, ბევრ რამეზე კარგად და გემრიელად დავფიქრდი, ზოგიერთი რამ ჩემს თავში გადავხარშე, შინაგან სამყაროს განტვირთვაც გავუკეთე, რამდენიმე კვირა ჩემებთან ვიყავი, დავისვენე და ვფიქრობ, რომ გარეგნულად ძალიან მომიხდა...

- პანდემიის გამო რადგანაც ქვეყნიდან გასვლა არ ხერხდება, დასვენებას სად აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები ინიციატივას, დაისვენე საქართველოში და დაეხმარე საქართველოს ეკონომიკას, ბიზნესს, - ძალიან კარგი შემოთავაზებაა... ხშირად ქართველები უცხო ქვეყანაში გავრბივართ, რომ დავათვალიეროთ, ვთქვათ, იქაური ისტორიულ-კულტურული მუზეუმი თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. არადა, საქართველოში ბევრი რამ არ გვაქვს ნანახი, მაგალითად, არაჩვეულებრივი სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, არ მინდა, რომელიმე კუთხე გამომრჩეს, რადგანაც ყველა ერთმანეთზე უკეთესი და ლამაზია. ულამაზეს კუთხეებში გვაქვს საუკეთესო და კეთილმოწყობილი სასტუმროები, სადაც ადამიანი სიამოვნებით დაისვენებს. მე ყოველ წელს საქართველოში ვისვენებ, შეიძლება, ერთი კვირით, ან ათი დღით წავიდე ხოლმე უცხოეთში. წელს, რა თქმა უნდა, ვარ საქართველოში და ძალიან კარგად და გემრიელად ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად დავისვენებ.

- როგორი დასვენება გიყვართ - აქტიური, ხალხმრავალ ადგილებში, თუ სიმშვიდეს ანიჭებთ უპირატესობას?

- მშვიდი დასვენება მიყვარს, რადგან მთელი წლის განმავლობაში იმდენად აქტიური ცხოვრება მაქვს, კვირის არც ერთი დღე არ მაქვს თავისუფალი. სულ დაკავებული ვარ - მაქვს რამდენიმე სპექტაკლი, მოსწავლეებთან მეტყველების გაკვეთილები, ასევე სტუდენტებთან სასცენო მეტყველების კულტურის ლექციები, არის კიდევ დამატებითი სამუშაოებიც, რასაც ვაკეთებ. ამიტომ მშვიდი დასვენება მიყვარს, ტკბილად, გემრიელად, კარგი რაღაცების წაკითხვა, გამოძინება, ბევრი რამის გადაფასება და 1-ელი სექტემბრიდან უკვე ახალი ცხოვრების დაწყება.

- ახლაც იცავთ ექიმების რეკომენდაციებს?

- ერთადერთი, რაც არის, ცოტა ხალხმრავლობაა გადასაღებ მოედანზე, მაგრამ ვცდილობთ, იქაც არ მოვდუნდეთ...

დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, სტუმრობას, დიდ სუფრაზე მოხვედრას

წელს საკუთარი დაბადების დღეც არ გადავიხადე, - გადაღება მქონდა და ჩემმა მეგობრებმა იქ მომილოცეს, რაღაცებს მივეჩვიე... თუმცა, რა თქმა უნდა, პანდემიამდეც არ მაკლდა ხელების დაბანის კულტურა, ახლა ამას დაემატა სიცხის გაზომვა, პირბადე და კიდევ რაღაცები... დღემდე მკაცრი, პანდემიის კანონებით ვცხოვრობ. ჩემს ერთ სტატუსს გავიხსენებ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, დავწერე - ვისაც ნანახი აქვს ჩემი ხელების დაბანა და ვინც ეს იცის, - აბა, გაიმეორეთ და თქვენ გადარჩენილი ხართ! ეს ხუმრობით, მაგრამ სახუმარო ნამდვილად არაფერია. დავუჯეროთ ექიმებს - ეს იქნება ჩემი რჩევა და მეგობრულად აზრის გაზიარება. საერთოდ, ნებისმიერ პროფესიას ცოდნა სჭირდება. ყველა ნუ ვიქნებით ექიმები და ნუ ჩავერევით პროფესიონალი ადამიანების, ექიმების საქმეში, უბრალოდ, დავუჯეროთ მათ. უდიდესი შრომა აქვთ ამ საქმეში ჩადებული, წლები უმუშავიათ და ბევრი რამ იციან... ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციამ და ამ რამდენიმე თვემ ადამიანები გამოააშკარავა. საკუთარ თავში აღმოვაჩინეთ, რამდენად გვაქვს მოთმინების უნარი - ფსიქოლოგიურად მძიმე რამდენიმე თვე იყო. ვთვლი, რომ იმ ცუდის მიუხედავად, ბევრი კარგი რამ მოხდა. საერთოდ, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა, ეს უსიტყვოდ დიდი ტკივილია, ყოველ შემთხვევაში, მოხდა ის, რომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვფხიზლდეთ, გამოვცოცხლდეთ და ერთმანეთი მეტად შევიყვაროთ. არავინ იცის, ხვალ და ზეგ კიდევ რა პანდემია გამოცხადდება და კიდევ რა გველოდება. ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიმუშავოთ თუ საჭიროა სახლიდან და ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე!..

გენეტიკა, თუ პლასტიკური ქირურგიის ძალა - როგორ გამოიყურებიან ულამაზესი ცნობილი ქალების დედები

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"