ავტორი:

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

ასეთი მოვლილი და გაწკრიალებული სათბური საქართველოში, ალბათ, ცოტაა. სოფელ მაღლაკის მკვიდრის, ელგუჯა ნიქაბაძის საკარმიდამო ნაკვეთში უკვე კარგად გამართულ შვიდ სათბურს მალე მერვეც შეემატება. ფერმერი ამბობს, რომ მათი რაოდენობის ათამდე გაზრდას აპირებს. მოჰყავს ყველანაირი ბოსტნეული, მწვანილი, ამ ყველაფერს კი მუხლჩაუხრელი შრომა და დიდი ენერგია დასჭირდა. საქმე 15 წლის წინ საკუთარი სახსრებით დაიწყო.

- მაღლაკი ქუთაისთან ახლოს არის, წყალტუბოს რაიონში. მეურნეობას ვუძღვებით, პროდუქტსაც ვიწევთ. ახლა გვაქვს სალათის ფურცელი, მწვანილი. სასუქად მხოლოდ ორგანულ სასუქს ვიყენებთ, არანაირ შხამქიმიკატებს. ნიადაგს დამწვარი ნაკელით ვანოყიერებთ.

- ე.ი. ბიოპროდუქტის მიღება თქვენთვის მნიშვნელოვანია...

- ჩვენი საქმის თავიდათავი ის არის, რომ ჯანსაღი პროდუქტი მოვიწიოთ და არა ისეთი, როგორიც, ვთქვათ, თურქეთიდან ან სხვა რომელიმე ქვეყნიდან შემოდის. მიმაჩნია, რომ ის პროდუქტი შხამქიმიკატებით არის გაჟღენთილი. ის კი არა, ზოგს მიწაზე არც რგავენ - მაგალითად, კიტრი, პომიდორი წყალზე მოჰყავთ ქიმიური სასუქებითა და წვეთოვანი სისტემებით. კომუნისტების დროს აქაც და სხვაგანაც სასუქად ქიმიკატებს კი ხმარობდნენ, მაგრამ თანდათანობით ორგანულ სასუქზე გადავედით... სათბურში, ტალავერზე, კარგი თითა ყურძენიც მომყავს.

ვიწყებთ სხვადასხვა სახის ჩითილით. ამას რომ დავამთავრებთ, სალათის ფურცლებზე გადავდივართ, შემდეგ ზაფხულის მწვანილიდან - ზამთრის მწვანილზე და ასე... არ ვჩერდებით... მოკლედ, ჩითილებზე ადრე გაზაფხულზე ვმუშაობთ, მერე პროდუქტს ვიწევთ და ბაზარს ვაწოდებთ.

- რომელ ბაზარს ამარაგებთ?

- ქუთაისის ცენტრალურ ბაზარს. ძირითადად, ბაზრის საბითუმო სისტემაზე ვმუშაობთ. ზამთარში მწვანილს მაღლაკის დამამზადებელი პუნქტი იბარებს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და საზღვარგარეთაც გზავნის.

- რა ფართობზეა თქვენი მეურნეობა?

- სულ 2500 კვ მ-ია, სადაც შვიდი სათბურია და მერვეც მალე გაიმართება. საბოლოოდ 10 სათბური იქნება. ძირითადად ოჯახის წევრები ვშრომობთ, მაგრამ არის პერიოდები, როცა საქმე ძალიან იმატებს და სხვებსაც ვიხმართ.15 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ ხისა და ბამბუკის კონსტრუქციებით იგებოდა სათბურები და რკინაბეტონს არ იყენებდნენ. ჩვენც ხის კონსტრუქცია გვქონდა, რაც ჩვენი სახსრებით, დანაზოგით და ბანკის დახმარებით გავაკეთეთ. იყო შემთხვევები, როცა რაიონის გამგეობას ვაკითხავდი სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით. დაპირებას კი ბევრს ვიღებდი, მაგრამ შედეგად - არაფერს.

- სახელმწიფო პროგრამით არასდროს გისარგებლიათ?

- არც ერთ სახელმწიფო პროგრამას ჩემთვის ხელი არ შეუწყვია. ახლა, კორონავირუსის პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო დახმარებებთან დაკავშირებით წყალტუბოში ჩავედი. მომცეს მითითებები, ელექტრონულად რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ვერაფრით დავრეგისტრირდი, სისტემა მეუბნებოდა, თქვენი მონაცემები არასწორიაო! რა იყო არასწორი - სახელი, გვარი თუ დაბადების თარიღი? სხვა მონაცემს პირველ ეტაპზე არ ითხოვდა. მოკლედ, ყველაფერი დაბლოკილი იყო. ვერც ჩემი სახელით შევედი, ვერც - შვილის, ვერც - სიძისა და მეზობლის. ამის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ეს იყო თვალთმაქცობა, ხალხის მოტყუება. ამ ყველაფრისთვის სხვა გზა უნდა აერჩიათ, კომისია უნდა შეექმნათ, რომელიც მოსახლეობის ნაკვეთებში ივლიდა და მეურნეობის მუშაობას ადგილზე შეისწავლიდა.

თუ მთავრობაში "პატრონი" გყავს, მოგხედავენ, სხვა შემთხვევაში ჩემნაირმა ადამიანმა არ იფიქროს, ვინმესთან რამე გაუვიდეს. ჩვენნაირ ადამიანებს უპროცენტო სესხს უნდა აძლევდნენ. სანამ ძირითად ვალს და მერე პროცენტს გაისტუმრებ, წელში წყდები, განსაკუთრებით - თუ დამწყები ხარ...

- რით არის თქვენი სოფელი გამორჩეული, რისი მოყვანა შეიძლება?

- ჩვენთან მებოსტნეობაა გავრცელებული. ადრე იყო ჩაი, მევენახეობა. საბჭოთა მეურნეობა რომ გაუქმდა, მოსახლეობა ინდივიდუალურ მუშაობაზე გადავიდა. საკარმიდამო ნაკვეთებში სხვადასხვა პროდუქტის (ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები) მოყვანა დაიწყეს. ყველაფერი მოდის - პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, მისდევენ მეცხოველეობასაც. ყველა დარგის განსავითარებლად ყველანაირი რესურსი არსებობს, თუკი შრომისუნარიანი ხარ და სურვილიც გაქვს.

პატარა სოფელი არ არის, 1500 კომლი ცხოვრობს. ზოგი ოჯახი წასულია, მაგრამ უმეტესობა აქ არის და სოფლის მეურნეობას მისდევს, მაგრამ რად გინდა? ბაზარმა გლეხის ნაშრომი უნდა დააფასოს, მაგრამ ასე არ ხდება. გლეხისგან ატამს, კილოგრამ მწვანილს 50 თეთრად რომ ყიდულობ და ჩემგან წაღებული სალათის ფურცლები ჰიპერმარკეტებში 1 კგ 12 ლარი ღირს, ამას რა ჰქვია? ეგრეთ წოდებული ვაჭრები 1000%-იანი მოგებით მუშაობენ. სანამ საქართველოს ბაზარი არ ექნება და იმაზე არ იფიქრებენ, რომ ნატურალური პროდუქტი ღირებული უნდა იყოს, მანამდე გაჭირდება ცხოვრება. ისეთი იაფია (20 თეთრი) პომიდვრის ჩაბარება, გლეხებს არც უღირთ და ზოგჯერ ყრიან ან პირუტყვს აჭმევენ.

ხომ შეიძლება უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ შემოვიტანოთ და ადგილობრივი პროდუქტისგან გავაკეთოთ?! მოსახლეობას ტრაქტორები უნდოდა, სხვა მოთხოვნებიც ჰქონდათ... ხომ შეიძლებოდა მაღლაკიდან ვინმე დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ბევრი ცდის მიუხედავად, ვერავინ შეძლო.

- დახმარება არ მიგიღიათ და როგორც მივხვდი, არც ელოდებით, მაგრამ ხელი არასდროს ჩაგიქნევიათ და თავდაუზოგავად შრომობთ. რას ეტყვით მათ, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული?

- უიმედოდ ყოფნა არ ვარგა. უმოქმედობას ისევ შრომა სჯობს. ხის კონსტრუქციებით რომ დავიწყე სათბურების მშენებლობა (ისიც არ ჯდებოდა იაფი - თითო სათბური 4-5 ათასი ლარი მაინც. რკინაბეტონი კი 7 ათას ლარამდე ჯდება) და დავამთავრე, პირველი უკვე სარესტავრაციო იყო. ამის გამო ბევრჯერ მიფიქრია, სხვა საქმეს მოვკიდო ხელი-მეთქი, მაგრამ არა - სოფელმა სოფელს უნდა მიხედოს, ქალაქმა - ქალაქის საქმეს. დამწყებებს ვეტყოდი, რომ თავიდან პატარა საქმეებით დაიწყონ. პირველად 1500-ლარიანი სესხი ავიღეთ და იმ დროიდან აქამდე მოვდივართ. ერთბაშად დიდი ფინანსების ბანკიდან გამოტანას არავის ვურჩევ. ეს მხოლოდ გააზრებულად, საკითხის კარგად შესწავლით უნდა მოხდეს. საქმის დაწყების დროსაც გამოცდილ ადამიანებს დაეკითხონ, რომ არ იზარალონ, თუმცა ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს ყველაფერი - როგორია ბაზარი, როგორ იყიდება პროდუქტი და გონივრული ნაბიჯები გადადგას.

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- პედაგოგი... მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ სკოლაში მუშაობა არ იყო საკმარისი და მეურნეობას შევეჭიდე, მერე კი მეურნეობას სკოლის საქმიანობა ვეღარ შევუთავსე. დაწყებით სამხედრო მომზადებასა და ფიზაღზრდას ვასწავლიდი, ბევრი კარგი სპორტსმენიც გამომიზრდია, დღეს კი ჩემი საქმიანობა სხვა სფეროა.

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ