ავტორი:

"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

"მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა, ახლა ყველას ჩაეხუტება, ვინც ენატრება" - ნინი ქარსელაძე დედის მდგომარეობასა და ხათუნა ჟორდანიას კონცერტზე

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - დღეს ეს ფრაზა ხშირად გვესმის, ამ სენს უამრავი ადამიანი ებრძვის. სამწუხაროდ, ბევრი ბრძოლაში მარცხდება, მაგრამ არაერთი მაგალითია, როდესაც ადამიანებმა მძიმე სენზე გაიმარჯვეს და ცხოვრება ხელახლა დაიწყეს.

რამდენიმე თვის წინ ფილტვზე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ხათუნა ჟორდანიას. ისრაელში მკურნალობის შემდეგ, მას კარანტინის გატარება საქართველოში მოუხდა. ნინი ქარსელაძე გვეუბნება, რომ რადგან დედა რისკჯგუფში იყო, ამ პერიოდში სახლიდან გასვლას და მეგობრებთან ურთიერთობას თავს არიდებდა.

17 ივლისს ხათუნას კონცერტი გაიმართება. მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში მომღერალი მეგობრებს შეხვდება და კარანტინის შემდეგ ყველას ჩაეხუტება - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე.

- ამ კონცერტის ჩატარება ხათუნას მეგობრების იდეა იყო. პირველ რიგში რუსა მორჩილაძის... უნდოდა მონატრებული ადამიანები ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა, რა თქმა უნდა, ხათუნაც მონაწილეობს ამ კონცერტში. უბრალოდ, სიყვარულისთვის ვიკრიბებით, მცხეთაში, რესტორან "მარანში".

ხათუნა ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, დიდი ხანია სახლიდან არ გასულა, მძიმე პერიოდი გავიარეთ. მისი განწყობა ახლა განსაკუთრებულია, შეხვდება ყველა იმ ადამიანს, ვინც მოენატრა. მთელი კარანტინი ხათუნა გამოკეტილი მყავდა, არავისთან კომუნიკაციის საშუალებას არ ვაძლევდი. ახლა კი ყველა იმ ადამიანს ჩაეხუტება, ვინც ძალიან ენატრება და ვისაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის გულში.

- ხათუნამ შენზე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნა, დედასავით მყავსო. ყოველთვის ასეთი დედა-შვილობა გქონდათ თუ მძიმე სენთან ბრძოლამ დაგაახლოვათ?

- ყოველთვის ასე ვიყავით, ხათუნა ძალიან პატარა იყო, როდესაც მე გამაჩინა. მამას მალევე გაშორდა და ჩვენ დებივით გავიზარდეთ. დიდი ხანი მარტო ვცხოვრობდით და სულ ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და კონკრეტული შემთხვევით არ დაწყებულა, მთელი ცხოვრება ასე ვართ. ჩვენი ურთიერთობა სულ აღსანიშნავი და სალაპარაკო იყო.

- თუმცა, ხათუნა ყოველთვის მკაცრი და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

- ასეც არის, მაგრამ ამ პერიოდში გაუჭირდა, მაშინ როდესაც ექიმმა ყველაფერი უთხრა. მე ვუმალავდი. თავიდან ცოტა დათრგუნული იყო, მაგრამ ეს პერიოდიც მალე გადავიარეთ.

- ამ პერიოდში ხათუნას გვერდით ყოველთვის შენ და ზურა ჩანხართ. ანასტასია რამდენად არის ჩართული?

- ანასტასიამ როგორც ყველამ, მათ შორის ზურამაც თავიდან იცოდა ის, რასაც მე ვთვლიდი საჭიროდ, რომ უნდა სცოდნოდათ, რათა ხათუნასთან ზედმეტი რამე არ ეთქვათ.

ეს დიაგნოზი ისევ რჩება ადამიანების ნაწილისთვის განაჩენად, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მძიმე სენს ებრძვის, მინდა ვუთხრა, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი, მთავარია რწმენა და ბრძოლა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ღმერთის წყალობით, ზუსტად ვიცი, რომ წინ რა გზაც გვაქვს გასავლელი, ამასაც ვაჟკაცურად გავივლით. ყველა იმ ადამიანს, ვინც ონკოლოგიას ებრძვის, მინდა, რომ ჯანმრთელობა ვუსურვო. მე ვიცი, ეს რა მძიმე გზაც არის.

მინდა, რომ მე და ხათუნა ვიყოთ თქვენი იმედი და ძალა, რომელიც იმას შეგაძლებინებთ, რაც დღეს გგონიათ შეუძლებელი.

- ნინი, განწყობას აქვს ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა?

- დიახ. მე, როდესაც ხათუნას დიაგნოზის შესახებ გავიგე, ინსტინქტურად მოხდა ისე, რომ ჩემს ტვინში ჩავკეტე ეს ინფორმაცია, თითქოს არც უთქვამთ. ღმერთთან დაახლოებამ გადამატანინა ეს პერიოდი, ძალიან გამაძლიერა. სხვა ვერაფერი გამაძლიერებდა, ლოცვამ და ღმერთის იმედმა გამაძლებინა და აი, შედეგი!

ღვთის წყალობით ყველაფერი წინ გვაქვს, დიდი გზა გვაქვს გასავლელი და შედეგი, რაც ახლა მივიღეთ ძალიან კარგია და მადლობა ყველა იმ ექიმს, ვინც ხათუნას მკურნალობდა და მას მეორე სიცოცხლე აჩუქა.

"ზაფხულის ღამის ჯაზი" - პირველი 3-დღიანი ფესტივალი პანდემიის შემდეგ

"მეუბნებიან, რომ პუტკუნა ბავშვებს, ვისაც ტკბილეული უყვარს, ელვირს ეძახიან..." - როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

"ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი" - Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!