ავტორი:

"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაშალიაშვილის საქმეზე, რომლის ცხედარიც 5-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, განცხადება გააკეთა შსს-ს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა და მასთან კონსულტაციებიც გაიარა.

როგორც ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფსიქოლოგი უკვე დაკითხულია, თუმცა თავი შეიკავა ინფორმაციის გამჟღავნებისგან, თუ რაზე ესაუბრა ის გამომძიებლებს.

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენეს.

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნასვამი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია - მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?