ავტორი:

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

"1 სამედიცინო პერსონალია, 1-ის წყარო კი ლილოს ბაზრობაა" - რომელ კლასტერს უკავშირდება კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის გაჩიანის დასახლება და ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, 4 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ასევე ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში კვლავ 41 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში გახლდათ 1137 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1145. გამოჯანმთელებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა, გვყავდა 922 და დღეს არსებული მაჩვენებლებით არის 927. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.

ახალი შემთხვევებიდან ერთის წყაროს წარმოადგენს ლილოს ბაზრობა. კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი. 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და აქედან 2 გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი არის სამედიცინო პერსონალი.

ახლა რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენთან სიტუაცია არ შეცვლილა. გვყავდა 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ არავინ გამოჯამრთელებულა და არც ახალი პაციენტი შემოსულა, კვლავ 41 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განიხილებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, თუ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მართვადია. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად ორი „კლასტერია“ - ლილოს ბაზრობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სადაც აქტიური კვლევები გრძელდება.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა - 24, რომელიც თითქოს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო, მაგრამ იქიდან მოყოლებული, ინფიცირებულთა რიცხვი თანდათანობით მცირდება და რამდენიმე დღეა გვაქვს 5-6-7-8 შემთხვევა. თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ასეთი ზომიერი მატება მართვადია და ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს.

როგორც ვიცით, „კლასტერი“ ორია - ერთია ლილოს ბაზრობა და მეორე გარდაბნის მუნიციპალიტეტი. ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იზოლირებულია, მათი კვლევა გრძელდება, ყველა კონტაქტირებულის კიდევ კონტაქტირებულთან ურთიერთობა მიდის და ძალიან გეგმაზომიერად მართულია ეს პროცესი. იმედი გვაქვს, როგორც დანარჩენი ლოკალური ეპიდემიები გვქონდა „კლასტერების“ სახით და ყველაფერი კარგად დასრულდა, ესეც ასე იქნება და ყველაფერი წესრიგში გვექნება“-განაცხადა ეზუგბაიმ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

მაკა ასათიანი შვილიშვილთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს დიზაინერის რძალი

"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა