ბიუჯეტის შესავსებად დღეს ყველა საშუალება "გამართლებულია" და ხელისუფლება, დამატებითი თანხების მობილიზებას ახალ-ახალი კანონების ინიცირებით ცდილობს. თანაც ეს ინიციატივები, ბიზნესის ხელშეწყობისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართულ კეთილ ნებად ცხადდება.
მოიჯარეებს დროებით სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების შესყიდვა მოუწევთ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტში პარლამენტს ჯერჯერობით პირველი მოსმენით აქვს დამტკიცებული. სესიები სექტემბრიდან განახლდება. ხელისუფალთა თქმით, კანონპროექტის მიზანი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხის მოწესრიგებაა.
პროექტის თანახმად, მოიჯარემ ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 1-ელ მაისამდე უნდა მიმართოს განაცხადით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებისა თუ მრავალწლიანი ნარგავების), პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ოღონდ მოიჯარემ მანამდეც (31 დეკემბრამდე) უნდა მიმართოს იმავე სამინისტროს და იჯარით გაცემის პროცედურის დასრულების შესახებ აცნობოს.
ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულება გაუქმდება და მიწა გაიყიდება წესით, რომელიც იჯარით გაუცემელი ნაკვეთების პრივატიზებისთვის არის დადგენილი. საფასური განისაზღვრება მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთის ოცმაგი ოდენობით. მოიჯარეს შეეძლება, ღირებულების 50% გადაიხადოს და დარჩენილი თანხა ორი წლის განმავლობაში დაფაროს. თანხის პირველი ნაწილის გადახდისას ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთება და საჯარო რეესტრში გატარდება.
ცვლილება შედის "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონშიც, რომლის თანახმად, სასოფლო-სამურნეო მიწების კონსოლიდაციისას მესაკუთრეებს შიდასამეურნეო გზები და ქარსაცავები გადაეცემათ. ხოლო საძოვრები სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის და თვითმმართველ ერთეულებს მათზე უფლებამოსილება აღარ ექნება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტრატეგიაზე მუშაობენ და ცენტრალური ხელისუფლება უკეთ მართავს საძოვრებს, თუმცა თუ არსებულ გამოცდილებას დავეყრდნობით, "უკეთ მართვა", უფრო მათ გაყიდვას უნდა გულისხმობდეს.
გლეხებსა და მოიჯარეებს სახელმწიფო შესთავაზებს საძოვრების ერთი წლის განმავლობაში შესყიდვას და უარის შემთხვევაში სხვა მესაკუთრეს გამოძებნის. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს საძოვრების გარეშე დარჩენილი მეურნის ბედი, ან ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარების პერსპექტივები.
დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "აქ ორი გარემოებაა მთავარი. პირველი, სახელმწიფოსთვის უპრიანია, რაც შეიძლება მეტი მიწის გაყიდვა და ბიუჯეტში შემოსავლის მიღება, რადგან ბოლო დროს გადასახადების მობილიზება შემცირდა და ყველანაირ ხერხს მიმართავენ მეტი შემოსავლის მისაღებად. მეორე, ეს მოიჯარეებისთვის ხელსაყრელია, რადგან მიწას შეღავათიან ფასში გამოისყიდიან, საბაზრო ფასთან შედარებით, თანაც, გადახდის სანახევროდ გადავადების უფლებით. ხოლო ვისაც ყიდვა არ სურს ან არ შეუძლია, მიწას სახელმწიფოს დაუბრუნებს.
რაც შეეხება საძოვრებს, ის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაში იყო; ისინი ამას ავად თუ კარგად ახორციელებდნენ და მათთვის შემოსავლის წყაროც იყო. საძოვრების ჩამორთმევით თვითმმართველობები ფინანსურადაც სუსტდებიან და უფლებრივადაც. ეს დანაკლისი მათ სახელმწიფომ უნდა შეუვსოს. ან საძოვრები რა ეკონომიკის სამინისტროს სამართავია? ეს ძირითადად, იმისთვის სურთ, რომ პრივატიზების წყაროდ აქციონ და ამ გზით ბიუჯეტი შეავსონ. სხვათა შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა გამართულად მოქმედებს, საძოვრებს თვითმმართველობა განკარგავს".
ემა ტუხიაშვილი
"ეკოპალიტრა"