ავტორი:

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს

გაუტეხელი და დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო, ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...

შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უფროსი, ლევანი 1 წლის იყო, როდესაც მამა დაიღუპა, ხოლო ანა ომის შემდეგ გაჩნდა.

"მამა არცერთს არ ახსოვს, მაგრამ რადგან მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის, რასაკვირველია, ორივემ იცის მასზე, მათაც ყველაფერი იციან და ჩვეულებრივ, მამა-მამიკოთი მოიხსენიებენ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიქვილაძე.

- ომის დროს ლევანი 1 წლის ხდებოდა, ანა ომის მერე დაიბადა და მამა არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ რადგან მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის, რასაკვირველია, ორივემ იცის მასზე, მათაც ყველაფერი იციან და ჩვეულებრივ, მამა-მამიკოთი მოიხსენიებენ... თითქოს სულ ჩვენთან არის, თითქოს კი არა - ჩვენთან არის. ამას ყოველთვის ვგრძნობთ...

ალბათ იმიტომ, რომ შევძელი, რომ მის გარეშე ერთი წამიც არ ვყოფილვარ, სულ მასზე ვსაუბრობდით და სულ ჩვენთან ერთად იყო... ბოლოს აგვისტოს დასაწყისში სოფელში ვნახეთ ერთმანეთი... თვითონაც მალევე უნდა ჩამოსულიყო. 6 აგვისტო იყო და მას შემდეგ ჩემთვის დრო არ გასულა. ძალიან უყავრდა თავისი დაბადების დღე და იმ წელსაც ემზადებოდა...

6 აგვისტოს ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო. დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გემუდარები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ნუ გეშინიაო, მითხრა, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... გიორგისთან იმ რამდენიმეწლიანმა ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა. ძალიან მწყდება გული ანა რომ ვერ ნახა, ოცნებობდა გოგოზე, სულ მე ვატარებო.

უზომოდ მზურნველი მეუღლე და მამა იყო. წამების კადრებს არ მაჩვენებდნენ, ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ. შემდეგ მხოლოდ დასაწყისი ვნახე, ალბათ რამდენიმე წამი... მაშინვე ვიცანი, გიორგია-მეთქი, მეტის ნახვა ვერ შევძელი... სამშობლოს შეეწირა, რადგან ვიცი, სხვანაიარად არ შეეძლო.

ვიდეო: გიორგი ანწუხელიძე - 2008 წლის ომის ნაწამები გმირის ისტორია