ავტორი:

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

გაუტეხელი და დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო, ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...

შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

AMBEBI.GE ანწუხელიძის მეუღლეს მაკა ჩიქვილაძეს ესაუბრა:

- 35 წლის გახდებოდა... დღეს მე და მისი მეგობრები, კოჯორის სერჟანტთა აკადემიიდან მასთან ერთად ვართ, მუხათგევრდზე. უამრავი მისი მეგობარი, პრაქტიკულად ნახევარზე მეტი, იმ ომს შეეწირა. ვინც დარჩა, ზოგი წასულია, თუმცა, ვინც აქ არის, არ ვავიწყდებით, ყოველთვის გვკითხულობენ...

- სტრასბურგის სასამართლოზე ახალი ხომ არაფერია?

- არაფერი ვიცით, ამ თემაზე ჩვენთან კავშირი არავის აქვს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამრთლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რომ საქართველოში იმყოფებოდა, მაშინ დაგვიბარეს იუსტიციის სამინისტროში და დამატებით გაგვესაუბრნენ.

- შვილებზეც გვითხარით, მამაზე რას ამბობენ?

- ომის დროს ლევანი 1 წლის ხდებოდა, ანა ომის მერე დაიბადა და მამა არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ რადგან მთელი ქვეყანა იცნობს გიორგი, რასაკვირველია, ორივემ იცის მასზე, მათაც ყველაფერი იციან და ჩვეულებრივ, მამა-მამიკოთი მოიხსენიებენ... თითქოს სულ ჩვენთან არის, თითქოს კი არა - ჩვენთან არის. ამას ყოველთვის ვგრძნობთ... ძალიან მძიმე 11 წელი გავიდა. ხანდახან ვფიქრობს, როგორ გადავლახე... ალბათ იმიტომ, რომ შევძელი, რომ მის გარეშე ერთი წამიც არ ვყოფილვარ, სულ მასზე ვსაუბრობდოით და სულ ჩვენთან ერთად იყო... ბოლოს აგვისტოს დასაწყისში სოფელში ვნახეთ ერთმანეთი... თვითონაც მალევე უნდა ჩამოსულიყო. 6 აგვისტო იყო და მას შემდეგ ჩემთვის დრო არ გასულა. ძალიან უყავრდა თავისი დაბადების დღე და იმ წელსაც ემზადებოდა...

6 აგვისტოს ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო. დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გემუდარები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ნუ გეშინიაო, მითხრა, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... გიორგისთან იმ რამდენიმეწლიანმა ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა. ძალიან მწყდება გული ანა რომ ვერ ნახა, ოცნებობდა გოგოზე, სულ მე ვატარებო. უზომოდ ზურნველი მეუღლე და მამა იყო. წამების კადრებს არ მაჩვენებდნენ, ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ. შემდეგ მხოლოდ დასაწყისი ვნახე, ალბათ რამდენიმე წამი... მაშინვე ვიცანი, გიორგია-მეთქი, მეტის ნახვა ვერ შევძელი... სამშობლოს შეეწირა, რადგან ვიცი, სხვანაიარად არ შეეძლო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ