"ნაბუკოსთან" დაკავშირებით აღმოსავლეთი უფრო აქტიურობს, ვიდრე დასავლეთი

"ნაბუკოსთან" დაკავშირებით აღმოსავლეთი უფრო აქტიურობს, ვიდრე დასავლეთი

"ნაბუკოს" პროექტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება აზიაშიც. არაბული აბუ-დაბის სახელმწიფო კორპორაცია "აიპიაისი" მზადაა, რომ პროექტს შეუერთდეს. ამასთან, თითქმის გადაწყვეტილია ირანული გაზის ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით მიწოდების საკითხიც.

როგორც ჩანს, "ნაბუკოს" პროექტის მიმართ დასავლეთსა და აღმოსავლეთში ინტერესი თანდათან იზრდება. პროექტი, რომელსაც რუსეთმა "სამხრეთ ნაკადი" დაუპირისპირა იმ მიზნით, რომ მისი მშენებლობისა და მასში გაზის ტრანსპორტირებისთვის შეეშალა ხელი, არ გამართლდა. აბუ-დაბი "ნაბუკოს" უერთდება, ირანი კი ამ მარშრუტით ევროპისთვის საკუთარი გაზის მიწოდებას გეგმავს.

უკვე ცნობილია, რომ არაბული აბუ-დაბის სახელმწიფო კორპორაცია "აიპიაისი" "ნაბუკოს" პროექტში ჩართვის შესაძლებლობებს აქტიურად სწავლობს. ამის შესახებ კორპორაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს.

ინვესტორებს აბუ-დაბიდან შეუძლიათ ახალი ბიძგი მისცენ "ნაბუკოს" პროექტს. აბუ-დაბის საინვესტიციო კომპანია, რომლის აქტივები 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, ინვესტიციებს, ძირითადად, ნავთობისა და გაზის სფეროებში, ასევე ნავთობქიმიაში ახორციელებს.

ამასთან, სააგენტო "ჯიეიჩენის" ცნობით, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპას გაზის მიწოდება შესთავაზოს. ეს ინფორმაცია დაადასტურა გაზის ექსპორტის საკითხებში ირანის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენლმა, ასგარ სოხეილიპურმა, რომლის განცხადებითაც, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყოს.

ირანული წყაროების ცნობით, სოხეილიპურმა აღნიშნა, რომ თეირანი მსოფლიო ბაზარზე გასვლის ყველა შესაძლებლობას სწავლობს. მაგალითად, ირანი თურქმენეთთან ასრულებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, თურქმენულ ბუნებრივ აირს ირანის გავლით პაკისტანი, ინდოეთი და ომანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მიიღებენ.

ცნობისათვის, მთავრობათაშორისი შეთანხმება "ნაბუკოს" მშენებლობასთან დაკავშირებით, 2009 წლის 13 ივლისს ანკარაში გაფორმდა. ხელშეკრულება თურქეთმა, ავსტრიამ, ბულგარეთმა და რუმინეთმა გააფორმეს. პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროს შეადგენს. გაზსადენის წლიური გატარების მოცულობა, წინასწარი ინფორმაციით, 31 მლრდ კუბ/მეტრით არის განსაზღვრული.

გაზსადენი კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება. "ნაბუკოს" პროექტთან დაკავშირებით ყველა ფინანსური საკითხი, მათ შორის გაზის გადაზიდვის ტარიფებიც 2009 წლის ბოლომდე უნდა დარეგულირდეს. ამის შესახებ ეკონომიკურ ფორუმზე ავსტრიული ნავთობგაზის კონცერნის წარმომადგენელმა, ვერნერ აულიმ განაცხადა.

ოფიციალური გათვლებით, დასაწყისში "ნაბუკომ" 8-10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა გაატაროს, შაჰ-დენიზს კი 14 მილიარდი კუბური მეტრი თავისუფალი გაზი აქვს.

პროექტის განსახორციელებლად კი, საქართველო ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტია, ვინაიდან აქ უკვე არსებობს დერეფანი, რაც დიდი რაოდენობით დროსა და მილიონობით თანხას ზოგავს.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ