ავტორი:

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გაცხადდა, სიის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სიაზე მუშაობისას, ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია.

"ჩვენი ამოცანაა გუნდის განახლება და სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც "ქართული ოცნება" განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება", - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც, როგორც ამბობენ, სიის მე-2 ნომერი იქნება, ხოლო „ქართული ოცნების“ მთავარ გამწევ ძალად და პირველ ნომრად, დიდი ალაბთობით, პრემიერ გახარიას ვიხილავთ. ის არ უარყოფს, რომ სიაში იქნება. "ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ პასუხად კითხვაზე, - იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი?

მართალია, მმართველი გუნდი სექტემბრამდე არ (ან – ვერ) აპირებს "კარტის გახსნას" და ელექტორატის ცნობისწადილის დაკმაყოფილებას, მაგრამ მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში.

ambebi.ge-ს სარწმუნო წყარო უყვება: "ოცნების" სიაში ამ ეტაპზე 40 კაცი ჰყავთ შერჩეული და აქედან 25 ძველი, 15 კი ახალი სახეა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერული კვოტირების შესახებ, უმრავლესობამ ქალთა სახეებზე იზრუნა და 20 ქალბატონის კანდიდატურა შეარჩია და ახლა მათზე მიდის შეჯერება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ახალი სახეების თითქმის უმრავლესობას პოლიტიკური წარსული არ აქვს და როგორც ამბობენ, "ოცნებამ" ისინი სწორედ ამ ნიშნით შეარჩია".

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვიხილოთ: ანალიტიკოსები ნიკოლოზ მეტრეველი, გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ასევე, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე იქნება ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი, ეკა ბერიძე.

როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, სიაში იქნება იურისტი, იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური" დირექტორ–პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი (მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს 1993-1995 წლებში, ის იყო კონსულტანტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციების შეთავსებით), დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს "ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე.

რიმა ბერაძე

ambebi.ge “ოცნების” სავარაუდო ახალ სახეს, ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს დაუკავშირდა, რომელიც არ ადასტურებს და არც უარყოფს მოარული ხმების რეალობას იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა პარტიულ სიაში მის კანდიდატურას განიხილავს.

ნიკოლოზ მეტრეველი

"ამ ეტაპზე ვერაფერს დავადასტურებ. არასდროს დამიმალავს, რომ "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია მქონდა, დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გუნდის ლიდერშიფს. მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, დამასახელებენ, თუ არა. მსგავსი შემოთავაზება თუ იქნება, ბუნებრივია, შევხედავ, რით შემიძლია ვიყო მათთვის გამოსადეგი, მათ მოსაზრებებსაც მოვისმენ და ამის შემდეგ გაცხადდება ჩვენი პოზიცია. დაველოდოთ ორ კვირას, გამორიცხული არაფერია. მაქსიმუმ სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი ცნობილი იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ სერიოზული განახლება იქნება. გუნდი არის მმართველობის მერვე წელში და ბუნებრივია, ყოველ არჩევნებზე ის გადახალისებას საჭიროებს. როგორც ვიცი, სიაში 60 კაცი იქნება, მათგან "ოცნებას" იმის რესურსი თავისუფლად აქვს, რომ კანონიდან გამომდინარე, 15 ქალბატონი წარადგინოს, ეს ჩემი მოსაზრებაა. ახალი სახეებიდან დაახლოებით ისინი იქნებიან სიაში, ვისი გვარებიც სახელდება, მათ შორის ალბათ გია აბაშიძეც იქნება. სხვებზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ბევრი არაფერი ვიცი”, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი.

(სტატიის მთავარ ფოტოზე: ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, ირმა ზავრადაშვილი, ვალერიან გორგილაძე, თამთა მეგრელიშვილი, გია აბაშიძე)

"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საარჩევნო მარათონი; ხელისუფლების პოზიცია; კორონავირუსის მეორე ტალღაა

ვინ არის ხუთი ქალი, რომელიც "ოცნების" პირველ ოცეულში მოხვდა