ავტორი:

შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?

შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს - ირაკლი ალასანიას დაფუძნებული პარტია იშლება?

როგორც ჩანს, პარტია "თავისუფალ დემოკრატებში", რომელიც თავის დროზე, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დააფუძნა, სერიოზული პრობლემებია.

პარტია იურისტმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ "დატოვა. აღნიშნულის შესახებ ამჟამად მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

"საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები". ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა", -განაცხადა შავგულიძემ.

მისივე განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებს" ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც ტოვებენ. როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, პარტიას ტოვებს "თავისუფალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

"პარტიიდან წასვლის შემდეგ, ჩვენ, ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან" და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას, რაზეც მათგან უპირობო შემოთავაზება გვაქვს", - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ "თავისუფალი დემოკრატების "რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წელს სცადა. მან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის შემადგენლობის 4-წევრიან უმრავლესობას პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.

"სამწუხაროდ, მიუხედავად თავდაპირველად გამოხატული შემართებისა, განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის 4-წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე. მიუხედავად თავდაპირველი აზრთა სხვადასხვაობისა, აღნიშნული დროისათვის პარტიის გამგეობის ყველა წევრი, განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ერთხმად ვუჭერდით მხარს "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც. სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე.

კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე გამგეობის უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანარი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. ამგვარად, მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც არიან - ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი. სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა.

გამოჩნდა სხვა გარემოებებიც, რომელთაც გაზარდეს უნდობლობა აღნიშნულ პირთა მიმართ. მაგალითისთვის ვიტყვი მხოლოდ ერთს - ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი, ექიმი დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ. მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ "თავისუფალი დემოკრატების" პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ. მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. ბრძოლას, რომელიც სულ უფრო და უფრო მძიმე გახდება და რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდეა მისაყვანი, ჩვენი ქვეყნის პროგრესული და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად"-განაცხადა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძემ, ბრიფინგზე იმედი გამოთქვა რომ "თავისუფალ დემოკრატებში" დარჩენილი ადამიანები "ქართული ოცნების" პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან.

"ბოლოს მინდა აღვნიშნო შემდეგი: ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან", - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიამ თავისივე დაფუძნებული პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა. ის 2017 წლიდან ამერიკული კონსალტინგური კომპანია SPConsulting–ის უფროსი პარტნიორი გახდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი