ავტორი:

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიში ქალი, რომელიც 23 წელი კარანტინში ჰყავდათ - "ტიფიანი მერის" ტრაგიკული ისტორია სამწუხაროდ, ადამიანური ცხოვრება ისეა მოწყობილი (თუ მოუწყობელი), რომ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველ ნაბიჯზე ემუქრება საფრთხე. ის ხან კორონავირუსის სახეს იღებს, ხან "ესპანური გრიპის" ან სხვა რომელიმე გამოუცნობი სენისას.

ასეთთა რიგშია ტიფიც, რომელმაც მილიონ ადამიანზე მეტი შეიწირა. მართალია, ქვემოთ მოთხრობილი ამბიდან 100 წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ისტორიაა იმ არსებით საკითხთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას შორის...

ირლანდიელი მერი მალონი 1884 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრანტად. მაშინ ის 15 წლის იყო. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ჩასვლას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. "ტიფიანი მერი" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ კარანტინში გამოკეტილი, მისი ისე ეშინოდათ. "ჭლექით დაავადებული მამაკაცები ჩემს დანახვაზე შორს იწევდნენ და ამბობდნენ: აი, ის საზიზღარი ქალი!" - წერდა თავის დღიურში საავადმყოფოში, იზოლაციაში მოქცეული მერი.

"ტიფით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ასობით ჯანმრთელი დააავადოს, დააბინძუროს წყალი, რძე, ტანსაცმელი", - წერდა იმ დროის პოლონელი ექიმი ანტონი პულავსკი. მართლაც, ხშირად საკმარისი იყო ერთი ყლუპი წყლის ან რაიმე სხვა სითხის დალევა, რომ ადამიანს დაწყებოდა თავის ტკივილი, ასწეოდა ტემპერატურა, აშლოდა კუჭი და გამოსჩენოდა სხვა სიმპტომები. ტიფზე აცრები მხოლოდ 1921 წელს დაიწყეს, ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორ სტეფან ვეიგელის გამოგონებითა და ინიციატივით. როგორც ახლა ანგარიშობენ, იმ დროისთვის სხვადასხვა სახის ტიფით მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.

სწორედ ზემოთ ნახსენები მზარეული მერი მალორი გახდა ის ადამიანი, ვინც ხელი შეუწყო ტიფის გავრცელებას. ის 1908 წელს ნიუ-იორკში "ნულოვან პაციენტად" მიიჩნიეს. ბოლოს მთელი 23 წლის განმავლობაში კარანტინში, საზოგადოებისაგან იზოლირებული ჰყავდათ...

კოტეჯი, რომელშიც მერი მალონი მეორე, სამუდამო კარანტინში ცხოვრობდა

1900 წელს მერი შეძლებულმა ოჯახმა ქალაქ მამარონეკიდან, ნიუ-იორკის შტატში, მზარეულად აიყვანა. შვებულების პერიოდში ოჯახი ზღვის პირას სახლს ქირაობდა და რამდენიმე ხანს იქ ატარებდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სახლს სტუმრობდა, ათი დღის შემდეგ ტიფის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მუშაობის სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში ქალაქში მუცლის ტიფით დაავადებული რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა.

1901 წელს მერი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე კვლავ შეძლებულ ოჯახში იყო მზარეულად. აქ მან თერთმეტ თვეს დაყო. 1902 წლის ბოლოს ოჯახში მომუშავე სხვა მოსამსახურე, მრეცხავი, საავადმყოფოში აღმოჩნდა ტიფის დიაგნოზით და გარდაიცვალა.

ამავე, 1902 წელს მერი გოლდმან დრაიტონმა აიყვანა სამუშაოდ. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მას ტიფის პირველი ნიშნები აღმოაჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტიფი კიდევ ორ სხვა ადამიანს გაუჩნდა. სულ ოჯახის რვიდან წევრიდან შვიდი დაავადდა ტიფით.

1904 წელს საშუამავლო დამსაქმებელმა ბიურომ წარმატებული ადვოკატის, ჰენრი გილსის ოჯახს ახალი მოსამსახურე გაუგზავნა - მერი მალონი. ერთი კვირაში ტიფით დაავადდა მრეცხავი, სამი კვირაში კი ყველა მოსამსახურე. ოჯახის წევრები ჯანმრთელად იყვნენ, ალბათ იმიტომ, რომ სხვა სახლში ცხოვრობდნენ.

1906 წლის აგვისტოში მალონი მდიდარი ნიუიორკელი ბანკირის, ჩარლზ უორენის მოსამსახურე გახდა მის მიერ დაქირავებულ საზაფხულო სახლში. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე 11-კაციან ოჯახში ექვსი წევრი მუცლის ტიფით დასნეულდა.

მზარეულის დათხოვნის შემდეგ სახლის მესაკუთრე ჯორჯ ტომპსონმა, იმის შიშით, რომ სახლს აღარავინ დაიქირავებდა, რაკი ხმა გავარდა იქ ტიფის გავრცელების შესახებ, რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი დაიქირავა. მათ სინჯები აიღეს მილებიდან, ონკანებიდან, საპირფარეშოებიდან, მაგრამ მუცლის ტიფის გამოწვევები არსად არ აღმოჩნდა. სანიტარიული ინსპექტორ-გამომძიებელი ჯორჯ სოპერი პირველი არ იყო მათ შორის, ვინც ამ საქმეს სწავლობდა, თუმცა ახალგაზრდა კაცმა პირველმა გააკეთა დასკვნა მალონის კავშირზე ტიფით დაავადების ფაქტებთან.

წლის ბოლოს მზარეული მერი უკვე უოლტერ ბოუენის ოჯახში მუშაობდა, ნიუ-იორკის პრესტიჟულ ზედა ისტ-საიდში. 1907 წლის 23 იანვარს ავად გახდა მოსამსახურე ქალი, რამდენიმე დღეში კი მუცლის ტიფით დაავადდა უოლტერის ცხრა წლის ქალიშვილი და დაიღუპა კიდეც.

როდესაც სოპერი ბოუენების სახლში მივიდა, მან უპირველეს ყოვლისა, მერის სთხოვა შარდისა და სხვა შესაბამისი ანალიზის გაკეთება. როცა ინსპექტორმა ქალს განუცხადა, რომ ის დაავადების გამავრცელებელია, გაცეცხლებული ქალი ჩანგლით დაემუქრა.

წლების შემდეგ ნიუ-იორკის სამედიცინო აკადემიის თხოვნით, ჯორჯ სოპერმა თავის ესეში "ტიფის გამავრცელებელი მერის საინტერესო საქმე" აღწერა მალონთან თავისი პირველი შეხვედრა: "მერი მალონი პირველად 32 წლის წინ, ანუ 1907 წელს ვნახე. ის მაშინ დაახლოებით 40 წლისა იყო. გამრჯეობითა და ამტანიანობით გამოირჩეოდა, საკმაოდ ბევრს ვარჯიშობდა ფიზიკურადაც. დიდი ტემპერამენტის პატრონი გახლდათ".

ცოტა ხანში სანიტარიული ინსპექტორი კვლავ მივიდა მალონთან და კვლავ შეატყობინა, რომ შესაძლოა ის ამ მომაკვდინებელი სენის მატარებელია. "მერიმ ყველანაირად უარყო, რომ რამე იცოდა ტიფთან დაკავშირებით, - წერდა სოპერი 1939 წელს - მან განაცხადა, რომ ტიფი არასოდეს ჰქონია და არც არავინ დაუსნეულებია. იქ, სადაც ის იყო ხოლმე, ტიფი იმაზე მეტად არ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე სადმე სხვაგან და რომ არც არასოდეს ის ამაში არავის არ დაუდანაშაულებია", - ამ სიტყვების შემდეგ მერიმ კვლავ შეუტია სოპერს, ამჯერად უკვე დანით... წაიკითხეთ ვრცლად

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე სათივედან ერთვება