ავტორი:

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

ვირუსის გამოჩენამდე ქვეყანაში მძლავრობდა ურთიერთდაპირისპირება, სიძულვილი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება-ცილისწამება... პანდემიის ფონზე რამდენიმე თვე თითქოს ეს ყველაფერი მინელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ახალი ძალით იფეთქა ბოღმამ და აგრესიამ! მაინცდამაინც ჭირსა და უბედურებაში უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს არ ვწიხლავდეთ?!

ბარაქალა ხელისუფალთა 24-საათიან თავდადებულ შრომას!

ბარაქალა ექიმების, პოლიციელების, მეომრების... თავგანწირვას!

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გაითავისა პროფესიონალთა რჩევები, დაუღალავად აშრომა ხელისუფალნი და საოცარი შედეგიც თვალსაჩინოა _ სხვებთან შედარებით საუკეთესო ვითარება გვაქვს! ამ ფონზე კი ამაზრზენია ჩასაფრებულთა, თუ კრიჭაში მდგომთა საშინელი უმადურობა!

პროფესიონალთა შედგენილმა გეგმებმა და ხელისუფლების შესაბამისმა მოქმედებამ შეაძლებინა ქვეყანას, რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოსულიყო.

იბადება აზრი _ აქამდე ხელისუფლებას რომ ჰქონოდა პროფესიონალთა მიერ შედგენილი კონცეფციები/საფუძვლები ყველა საქვეყნო პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ მდგრადი სახელმწიფო ქვესისტემების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა! ეს ის ქვესისტემებია, რომლებსაც ეყრდნობა სახელმწიფო, როგორც სისტემა: ენა, ეროვნული მოძღვრება, მასმედია, ოჯახი, სოფელი, მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, სამართალი, მედიცინა, ეკონომიკა, თავდაცვა, სპეცსამსახურები, პოლიტიკა.

მოდი, გადავხედოთ განვლილ 30 წელს:

ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია (აცხონოს ღმერთმა). ჯერ გავაკერპეთ, მაგრამ მალევე გამოვაცხადეთ, საქართველო გამსახურდიას გარეშეო, გავაძევეთ და... მოვკალით.

ახლა შევარდნაძე გავაკერპეთ, მაგრამ ლამის ბოლო მოგვიღო. ამიტომ გამოვაცხადეთ, საქართველო შევარდნაძის გარეშეო და ისიც გავაძევეთ.

მიშა გავაკერპეთ და, ამან ხომ საერთოდ დედა გვიტირა! ისევ გამოვაცხადეთ, საქართველო მიშას გარეშეო და მოვიშორეთ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვერ მოვიშორეთ.

ბიძინა ივანიშვილი გავაკერპეთ (თუმცა, ამბობდა, არ შეიძლება ერთი კაცის მოლოდინით ცხოვრებაო) და ახლა ისევ გვესმის, საქართველო ბიძინას გარეშეო!

საშინელებაა იმის გააზრება, რომ განვლილი 30 წელი ვიცხოვრეთ მზარდი სიძულვილით ხელისუფალთა არჩევა-გაძევებაში! დღესაც კი პარტია-არასამთავრობოები მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და არავინ ფიქრობს, გადადოს გვერდზე სიძულვილი და წარმოადგინოს ქვეყნის აღორძინების გონივრული გეგმა.

ამ 30-წლიანი გაკერპება-გაძევების შედეგები: გაქცეულ-ლტოლვილი ქართველობა, განახევრებული სამკვიდრო მიწა-წყალი, დაცლილი მთა-ბარი, უამრავი დანგრეული და უფრო მეტი შეუქმნელი ოჯახი, ასეულათასობით ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ახალგაზრდა, გაღატაკებული, მხრებჩამოყრილი და იმედდაკარგული ქართველთა მოდგმა, ჯერაც ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო ქვესისტემები, დაპირისპირება და სიძულვილი... „დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ჩვენი სამშობლოს გაპარტახების აშკარა ნიშნებს ვხედავთ!

გვინდა, დამთავრდეს ქვეყანაში ეს ჯოჯოხეთი? მაშინ მოვუხმოთ გონებას! დროა, არსობრივად შევცვალოთ არჩევნებისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან აქამდე გაბატონებული მიდგომის შედეგად მივიღეთ გაპარტახებული ქვეყანა. ვირჩევდით იმიტომ, რომ წინა მთავრობა მოგვეშორებინა და მთავარი გამოგვეპარებოდა ხოლმე _ ასარჩევ პარტიებს არ ჰქონდათ ნამდვილი მიზანი და ქვეყნის აღორძინების გონივრული გეგმა!

უნდა შევცვალოთ მიდგომა! ერის ნათელმა გონებამ (და არა _ პარტია-არასამთავრობოებმა) უნდა წარმოადგინოს სამშობლოს აღორძინების სრულყოფილი გეგმა, შემდეგ მოვთხოვოთ პარტიებს, წარმოადგინონ თავიანთი თვალსაზრისი ამ გეგმის განსახორციელებლად და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველიდან უამრავი უმაქნისი პარტია გაქრება!

ასეთი გეგმის შემუშავება შეუძლებელია ნათლად ჩამოყალიბებული მიზნის გარეშე. როგორც ცხონებული ჭაბუა ბრძანებდა, ჩვენ ვართ საერთო მიზნის არმქონე ერი, არადა, ერის ერ(თ)ობას განსაზღვრავს საერ(თ)ო მიზანი და აყალიბებს საერ(თ)ო საზრუნავი!!!

თუ დავსახავთ ნათლად ჩამოყალიბებულ დიად მიზანს და შევადგენთ მიზნის შესაბამის სახელმწიფო ქვესისტემათა ურთიერთთავსებად კონცეფციებს (საფუძვლებს), ამით შევქმნით ერთიან, ყოვლისმომცველ ალგორითმს, ანუ გვექნება ყველა საქვეყნო პრობლემის მოგვარების რეალური გეგმა! ამას მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერის შემთხვევაში, 4-5 კვირა დასჭირდება!

არ გვაქვს მიზანი! დიადი მიზანი, რომელიც იქნება ერის გამაერთიანებელი! არ შეიძლება ერის მიზანი იყოს უმუშევრობის დაძლევა, ფულის შოვნა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ევროკავშირში, ნატოსა თუ ევრაზიულ კავშირში გაწევრება. ეს ყველაფერი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მოსაგვარებელი საკითხებია.

მიზანი ისეთი უნდა იყოს, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა რომ მიიღებს _ მართლმადიდებლები, მაჰმადიანები, კათოლიკეები, პროევროპელები, პროამერიკელები, პრორუსები, პროთურქები, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მოდელის მომხრეები, მონარქისტები, პარტიულები თუ უპარტიოები, ჯეელი თუ მოხუცი...

ერის მიზანი უნდა ასახავდეს იმ დიდ პასუხისმგებლობას, მომავალი თაობების წინაშე რომ უნდა ვგრძნობდეთ!

ამიტომ მიზანი ისეთი უნდა, თაობებს რომ გადასწვდება და გააერთიანებს!

ასეთი მიზანი მშვენივრად ჩამოაყალიბა ცხონებულმა ჯანსუღ ღვინჯილიამ _ ღირსეული ქართველის/მოქალაქის საშვენი სახელმწიფოს შექმნა!

დავუკვირდეთ: უპირველესია ადამიანი (თავისი ნამდვილი, დასაბამისეული ღირსებით), რომელიც ქმნის სახელმწიფოს _ ადამიანის ღირსების დამამშვენებელს!

ვფიქრობ, ასე დასახული მიზანი მისაღები იქნება ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომელიც უკვე ხედავს მის განსახორციელებელ გზას _ ერის ნათელი გონების (ვუწოდოთ, პირობითად, დარბაზისერი) მობილიზების გზით ჩამოყალიბდეს მიზნის შესაბამის სახელმწიფო ქვესისტემათა ურთიერთთავსებადი კონცეფციები/საფუძვლები!

დარბაზისერი _ ეს ერის კრებსითი ნათელი გონებაა წინაპართა და თანამედროვეთა სისტემაში მოყვანილი ნააზრევის სახით.

ავიღოთ, მაგალითისთვის, მედიცინა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვესისტემა. ყველასთვის ცნობილია და პანდემიამაც დაადასტურა, რომ იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანის ორგანიზმს ადვილად ერევა ესა თუ ის სენი. იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს სტრესული გარემო, ცხოვრების არასწორი წესი, დაბინძურებული წყალი, ჰაერი, საკვები. მაშასადამე, მედიცინის, როგორც ქვესისტემის საფუძველი იქნება ღონისძიებათა ისეთი ერთობლიობის (ალგორითმის) შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზეზთა ზემოქმედების ჯერ შესუსტებას, პერსპექტივაში კი _ სრულ გაქრობას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ამირან გამყრელიძე და მისთანა პროფესიონალები უპრობლემოდ შეძლებენ ასეთი კონცეფციის შემუშავებას. შემდეგ ეს კონცეფცია წარედგინება ყველას, ვინც იხვეწება, ხელისუფლებაში მიმიშვითო! ვისი ხედვაც იქნება უფრო აზრიანი, მივცემთ ხმას და ძალიან გაიოლდება არჩევა. თავის მხრივ, მედიცინის, როგორც ერთ-ერთი ქვესისტემის კონცეფცია მოითხოვს სხვა ქვესისტემათა (სოფელი, ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება...) კონცეფციებისგან შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას (ალგორითმების შედგენას) ისე, რომ ყველა ქვესისტემის კონცეფციები/საფუძვლები იყოს ურთიერთთავსებადი და შეესაბამებოდეს ერის მიზანს. ასეთი მიდგომით შეიქმნება ყველა საქვეყნო პრობლემის მოგვარების რეალური გეგმები.

ამის შემდეგ საოცრად გაადვილდება აზრიანი არჩევნების ჩატარება! ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აწუხებს ჩვენი სამშობლოს მომავალი, გამოთქვან აზრი ამ თვალსაზრისის შესახებ.

შალვა ნადირაძე

R

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი

"ვისოლი" Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა