2011 წლიდან "პორტაბელური ნომრების" მფლობელები გავხდებით

2011 წლიდან "პორტაბელური ნომრების" მფლობელები გავხდებით

ამ დღეებში კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთი სიახლის შესახებ ამცნო -  რამდენიმე თვეში საქართველოში "პორტაბელური ნომრების" სისტემა უნდა ამოქმედდეს.

ახალი სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ოპერატორი შეიცვალოს, მაგრამ თავისი სატელეფონო ნომერი შეინარჩუნოს. უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე ეროვნული მარეგულირებელი კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გელა ბუთბაია გვესაუბრება:

- ბატონო გელა, რას ნიშნავს  "პორტაბელური ნომერი"?

- როდესაც აბონენტი ირჩევს ოპერატორს, სააბონენტო ნომერს სწორედ ეს ოპერატორი ახლავს. დავუშვათ, ადამიანს სხვა ოპერატორის მომსახურება უფრო მოეწონა, აქამდე მიჩვეულები ვიყავით, რომ ახალ ოპერატორთან გადასვლისას ნომერი უნდა შეგვეცვალა. როცა გაქვს ნომერი, შენმა ნაცნობებმა და ახლობლებმა ის იციან და, ბუნებრივია, ახალი ნომრის შეძენა უხერხულ სიტუაციას გიქმნის.

პორტაბელურობა გულისხმობს, რომ ოპერატორის შეცვლის შემთხვევაშიც ინარჩუნებ ძველ ნომერს. მაგალითად, ხართ "მაგთის" აბონენტი და გაქვთ ტელეფონის ნომერი, რომელიც იწყება ციფრებით 899, თქვენ მოისურვეთ "ჯეოსელში" გადასვლა. გადადიხართ პირდაპირ, ამავე ნომრით, ანუ 899-ც ნარჩუნდება და თქვენი სააბონენტო ნომერი მთლიანად გადადის "ჯეოსელში", ნომერი აღარ არის მიბმული ოპერატორზე.

- ე.ი. 899, ან 895 აღარ იქნება აუცილებლად "მაგთის" ინდექსი, 893, ან 877 - აუცილებლად "ჯეოსელისა"?

- სწორედ ასეა. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ 893-ით ან 877-ით დაწყებული ნომერი "ჯეოსელს" ეკუთვნის, 899 ან 895 კი - "მაგთის". პორტაბელურობის დანერგვის შემდეგ ვეღარ გაარკვევთ ეს ნომერი ერთი ოპერატორისაა თუ მეორისა. თქვენი სააბონენტო ნომერი გახდება თქვენი პირადი ნომერი, რომელიც დაგრჩებათ იმის მიუხედავად, თუ რომელი ოპერატორის მომსახურებას მოისურვებთ. ისიც უნდა გაცნობოთ, რომ ნუმერაციის ახალ სისტემაში ნომრები რვიანით აღარ დაიწყება, რადგან პროექტის მიხედვით სულ სხვა ციფრია გათვალისწინებული.

- როგორც ვიცი, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ფიქსირებულ ქსელში - ე.წ. ქალაქის ნომრებზე?

- ნუმერაციის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ აქამდე მიეჩვიეთ, რომ საქალაქო ქსელში თქვენი სააბონენტო ნომერი ექვსი ციფრისაგან შედგებოდა, მომავალში ნუმერაციის სისტემა შეიცვლება და თქვენი ნომერი შვიდციფრიანი იქნება.

- ეს ცვლილებები რა თანამიმდევრობით განხორციელდება?

- ჯერ უნდა მოხდეს ნუმერაციის სისტემის შეცვლა და მერე პორტაბელური ნომრები დაინერგება. ეს პროცესი 2011 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ