ავტორი:

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

ვინ გადაარჩინა ნავალნი და რა არის "ნოვიჩოკი“, რომლითაც ის მოწამლეს - დეტალები უცნობ მედდასა და საბედისწერო ავიარეისზე

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქიმიური ნივთიერებით, "ნოვიჩოკით“ მოწამლეს. როგორც BBC წერს, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ - ნავალნი "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფის ქიმიური ნივთიერებითაა მოწამლული.

"შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

  • რა დაემართა ნავალნის?

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც, მისმა თანმხლებმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში ავარიულად დამჯდარიყო.

ნავალნისთან ერთად მყოფმა პირებმა კი ჩათვალეს, რომ პოლიტიკოსი ტომსკის აეროპორტში ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლა.

ფრენისას ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი პრესსპიკერი კირა იარმიშაც, რომელიც იხსენებს, რომ ფრენამდე ალექსეის არაფერი უჭამია და არც დაულევია გარდა ჩაისა, რომელიც მან ტომსკის აეროპორტის კაფეში მიირთვა.

ამავე თვითმფრინავის მგზავრი ლია აგეევა ამბობს, რომ მან ნავალნი აეროპორტში დაინახა და იხსენებს, რომ ფრენის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დაახლოებით, 40-60 წუთით ადრე დალია ჩაი.

"ის ჩასხდომისთვის რიგში და შემოწმებაზე დიდხანს იდგა, ხუმრობდა, ფოტოებს იღებდა იმ მგზავრებთან ერთად, რომლებმაც იცნეს. თავი ცუდად თვითმფრინავის ბორტზე იგრძნო“, - ამბობს აგეევა.

ნავალნი ფრენამდე აეროპორტში ფოტოებს იღებდა

BBC წერს, რომ ფრენიდან ნახევარ საათში ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თვითმფრინავის საპირფარეშოში შევიდა, სადაც დაახლოებით 20 წუთი გაატარა, სადაც ის ბორტგამცილებლებმა შეუძლო მდგომარეობაში ნახეს.

  • უცნობი მედდა

როდესაც ბორტგამცილებლებმა აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი (ნავალნი) ცუდად გახდა, მიკროფონში იკითხეს, იყო თუ არა მგზავრებს შორის ვინმე ექიმი, ან მედდა.

პოლიტიკოსის პრესსპიკერი იხსენებს, რომ ამ კითხვას თავდაპირველად არავინ გამოეხმაურა, თუმცა ბორტგამცილებლებმა თვითმფრინავის რიგებში ჩამოიარეს და ყველას ჰკითხეს, იყო თუ არა მათ შორის ექიმი.

BBC წერს, რომ თვითმფრინავის მესამე რიგში მედდა აღმოჩნდა, რომლის სახელსაც საჯაროდ არავინ ამბობს და მისი ვინაობა მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. ის იყო ადამიანი, რომელმაც ნავალნის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დღეს უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ ამ დროისთვის პოლიტიკოსი ცოცხალია, სწორედ ამ მედდის დამსახურებაა.

თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი ყვება, რომ პოლიტიკოსი გაუსაძლისი ტკივილისგან ყვიროდა და იკლაკნებოდა.

პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და უკვე კომაში მყოფი ნავალნი ომსკის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სამი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანამ ნავალნის გერმანიაში გადაიყვანდნენ, მანამდე ომსკის კლინიკის ექიმები აცხადებდნენ, რომ მათ ნავალნის გადარჩენა შეძლეს და მდგომარეობა დასტაბილურდა.

ალექსეი ნავალნი ბერლინში სპეციალური რეისით გადაიყვანეს. პაციენტი სამედიცინო კაფსულაში იყო მოთავსებული, რომელიც კომაში მყოფი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

  • რა არის "ნოვიჩოკი"?

როგორც BBC წერს, "ნოვიჩოკი“ ე.წ. ნერვული აგენტების ჯგუფში შემავალი ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც საბჭოთა კავშირში 1970, 1980 წლებში ქმნიდნენ.

"ნოვიჩოკს" აქვს ისეთივე ეფექტი, როგორც სხვა "ნერვულ აგენტებს“. ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სხეულის ფუნქციების კოლფასს იწვევს.

"ნოვიჩოკი“ არსებობს სითხის ფორმით, მაგრამ ასევე მყარი სახითაც, რომლის დაფშვნაც ულტრა ფხვიერ ფხვნილად შეიძლება."ნოვიჩოკი“ სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან შედარებით გაცილებით უფრო მომწამვლელია. მისი ზოგიერთი სახეობა მოქმედებას მაშინვე იწყებს, ზოგი კი, მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო "რია ნოვოსტის“ განუცხადა.

  • როგორია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად?

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმედ ფასდება. ამის შესახებ საუბარია ბერლინის კლინიკის, Charite-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლის სიმპტომები დაბლა იწევს, ის მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. მძიმე მოწამვლის ხანგრძლივი შედეგების გამორიცხვა კვლავინდებურად შეუძლებელია“ , - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

"გუშინ, შევძელი მთელი დღე დამოუკიდებლად მესუნთქა" - "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა ნავალნის პირველი ფოტო მისი ავადმყოფობის შემდეგ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ