ავტორი:

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

"რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო..." - ქალი, რომელსაც თითქმის ყველა ქართული სპექტაკლის პრემიერა უნახავს

თეატრი ჩვენში ბევრს უყვარს, მაგრამ ისე როგორც ლიკა დგებუაძეს, ალბათ იშვიათია. ის, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით თუკი რაიმე სპექტაკლი დადგმულა, ყველას პრემიერაზე ყოფილა და მეტიც, თითოეულზე რამდენჯერმეც. ამბობს, რომ არის მაყურებელი, რომელსაც თეატრი ცხოვრებას უმსუბუქებს. ირგვლივ ცოტა ადამიანი ეგულება, ვინც თეატრისა და მსახიობების პრობლემების გაზიარებით ცხოვრობდეს და საკუთარი თავი სწორედ ასეთ მაყურებლად მიაჩნია.

ყველა პრემიერის წინ მსახიობებივით ემზადება, კითხულობს პიესას, ესწრება რეპეტიციებს, „პრაგონს“, ხშირად სპექტაკლი იმდენჯერ აქვს ნანახი, რომ მხოლოდ „პაკლონისთვისაც“ მისულა თეატრში... ბოლოს უკვე სპექტაკლი ზეპირად იცის და მხოლოდ მაყურებლის რეაქციას აკვირდება.

ქალბატონ ლიკას ახლო მეგობრობა აკავშირებს ცნობილ და ნაკლებად ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან, დრამატურგებთან, კრიტიკოსებთან, სცენის მუშებთან. თეატრი მისი მეორე სახლია, ამ სამყაროს თავდადებული გულშემატკივარია და მასთან ბევრი დაუვიწყარი მოგონებაც აკავშირებს.

თუმცა ჩვენი რესპონდენტი მხოლოდ თეატრის მოყვარული არ არის, უყვარს ჯაზი, კინო, პოეზია (ლექსებს თვითონაც წერს) და საერთოდ, ხელოვნება.

- ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგანაც ბევრის ხვედრი არ არის პირადი ურთიერთობა ჰქონოდა და ჰქონდეს ადამიანებთან, რომლებიც ხალხს უყვარს, სცენისა თუ კინოს დამსახურებული მოღავწეები არიან.

როცა უგუნებოდ ვარ, თეატრში მაინც მივდივარ, სადაც აბსოლუტურად ვითიშები, ჩემს სამყაროში, სპექტაკლში ვარ ჩაფლული...

- საიდან და როგორ დაიწყო ეს სიყვარული?

- პლეხანოვზე ვცხოვრობდი, მარჯანიშვილის თეატრი ჩვენს სახლთან ახლოს იყო. დედას ერთი კლასელი, კოლია ბურბუთაშვილი მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, თეატრში რომ მივდიოდი, მისი სახით ნაცნობი მხვდებოდა და ამასთან, ბავშვს საშუალება მქონდა, კულისებში შევსულიყავი... თეატრის გზაზე, იქვე კამოს ქუჩაზე სანდრო ჟორჟოლიანსაც ვხვდებოდი. რომ დავინახავდი, ვჩერდებოდი და გენიალურ მსახიობს ვაკვირდებოდი, რომელიც იქვე ცხოვრობდა და თავად სხვებს უყურებდა ხოლმე. მსგავსი თვალები არც მინახავს, - ცისფერი, მოცინარი... მახსოვს ასევე კაკო კვანტალიანი, შალვა ღამბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე...

მოგეხსენებათ, ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - დეიდაჩემის კლასელი იყო და მენათესავებოდა კიდეც დოდო ჭიჭინაძე, ედიშერ მაღალაშვილიც მათი კლასელის მეუღლე იყო, ამიტომ, ამ ადამიანებს ოჯახურ გარემოშიც ვხვდებოდი ხოლმე...

გავიდა დრო და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს ძალიან დავუახლოვდი... წარმოიდგინეთ, ოთარ მეღვინეთუხუცესმა (რომელიც „ფატიმაში“ გადაიღეს და გაოცებული ვიყავი მისი როლით, მერე „დიდოსტატის მარჯვენაში“ ნათამაშები გიორგი მეფის როლით), პატრიარქის აღსაყდრებაზე მე და გურანდა წაგვიყვანა... გურანდა უკვე შემდგომ წლებში, სიცოცხლის ბოლომდე, ჩემი ოჯახის წევრი გახდა...

რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, 5 წლის ვიყავი, იქ პირველად რომ მოვხვდი. თეატრში მამიდას მეგობარი, ნინიკა ლომსაძე მუშაობდა და ყველა სპექტაკლზე მისი დახმარებით, იქ ვიყავი, თუ დარბაზში ადგილი არ იყო, კულისებში ვიდექი, წარმოდგენას ისე ვუყურებდი... ეროსი მანჯგალაძე ბაბუას მონათლული გახლდათ. თავადის ქალი მოვიდაო, - ჩემზე იტყოდა ხოლმე... რომ წამოვიზარდე, პიონერთა სასახლეში თეატრალურ წრეზე მივედი, მე და გოგი თოდაძე (მომავალში რეჟისორი) სცენაზე ერთად ვიდექით. ჩვენი მასწავლებელი თემურ ჩხეიძის მამა, რეჟისორი ბიჭიკო ჩხეიძე იყო. მერე კინო-ტელელაბორატორია გაიხსნა და ტელეოპერატორი ლერი არცივაძე იყო ჩვენი (ირაკლი ტრიპოლსკი, ბიძინა ჩხეიძე, საშკა იოსელიანი, ვოვა ფანგანი) პედაგოგი. სასახლის კედლებში საოცარი დღეები მაქვს გატარებული, დღესასწაულივით საღამოებს ვმართავდით. პიონერთა სასახლე ჩვენთვის და საერთოდ, ყველა ბავშვისთვის ასეთი ფერადი დღეების მომწყობი იყო.

- დრამწრეზეც გივლიათ, - მსახიობი რატომ არ გახდით?

- მე უფრო სცენარისტობა და რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მამაჩემმა მაშინდელი მენტალიტეტის გამო, "თავი მოიკლა", - „თეატრალურში“ როგორ უნდა ჩააბაროო... იშხნელების ერთ-ერთი დის, ვალენტინას შთამომავალი ვარ, მამის დედა იყო და მამაჩემს ჩემი „თეატრალურში“ სწავლა წარმოუდგენლად მიაჩნდა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, პროფესიით ფილოლოგი ვარ.

- ე.ი. დები იშხნელები თქვენი ბებიები იყვნენ?

- კი, სულ 12-ნი იყვნენ - 7 და 5 - ძმა. ვალენტინა ბებია ულამაზესი ქალი იყო, განსაკუთრებულად ლამაზი... პირველი ქმარი ახვლედიანი ჰყავდა და ქმართან ერთად თეატრში, ლოჟაში რომ იჯდა და სპექტაკლს უყურებდა, ბაბუაჩემმა ქმარს გვერდიდან მოსტაცა. ვალენტინას იმ დროისთვის ერთი შვილი ჰყავდა. ბაბუა შოთა დგებუაძე სენაკის სამხედრო კომისარი გახლდათ, ისიც ულამაზესი კაცი იყო. თან, ჭიდაობდა და ყველას უგებდა...

ერთხელ წითელა ბატონები შემხვდა, თვალები „ამეკერა“, ვეღარ ვიხედებოდი და რომ ვიღვიძებდი, ბებიები ჩემს საწოლთან ისხდნენ და ჩემს ბატონებს უმღეროდნენ...

ასეთი ეპიზოდიც მახსოვს, რომელიც დათო დოიაშვილის მამის წიგნში მოხვდა: „მე პატარა ვიყავი, ბებიასთან, კამოს ქუჩაზე სულ მოდიოდა გალაკტიონი, ბოლოს მახსოვს მთვრალი იყო, ოთხნახვრეტიანი, უზარმაზარი ღილებით, გულისპირთან ერთი აკლდა და ძაფი იყო ჩამოგრძელებული... ერთხელ ბებიამ სადღაც წამიყვანა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი, ბევრი ყვავილი იყო და მესმოდა სიტყვები - გალაკტიონის გასვენება, მაგრამ არ მესმოდა, რა იყო გასვენება, სიკვდილი რაღაც ზეიმი მეგონა, ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდნენ.

გალაკტიონის ხსენებაზე მუდამ ასე მემართება: ვხედავ - აწყვეტილ კილოიან პალტოს, ხალხს და ყვავილებს“...

- ვიცი, რომ „თეატრალური სარდაფის“ დაარსების დღიდან, მისი აქტიური მაყურებელიც ხართ...

- 90-იან წლებში ჭოლას, ლევან წულაძის აქტიური მეცადინეობით, რუსთაველზე „თეატრალური სარდაფი“ გაიხსნა. ეს იყო ჩემი მეორე სახლი. სპექტაკლი არ დადგმულა, რომ არ ვყოფილიყავი, სკამს მახვედრებდნენ. მერე მსახიობმა გიორგი გოგიშვილმა იმერული აქცენტით მითხრა - „ლიკა დეიდა, მაგი უნდა მოხერხო და შენია, მეტი არავისი არააო“. იმ პერიოდში მოქალაქეთა კავშირის სოციალურ ინიციატივათა ცენტრი მქონდა, იმ ცენტრის დახმარებით და ისედაც ამ ნიჭიერი ახალაზრდებისთვის დედის ფუნქცია მქონდა შეთავსებული. როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი, რადგანაც მოგეხსენებათ, როგორი რთული პერიოდი იყო. საერთოდ, ბევრი შვილობილი მყავს და მათ შორის, „სარდაფის“ მსახიობები არიან. მერე „ვაკის სარდაფში“ რომ გადმოვიდნენ, რაღაც პრობლემები იყო, მთავრობაში ვიღაცები იმ თეატრის გახსნის წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ ამ საქმეშიც დავეხმარე.

მათთან რეპეტიციებზეც მივდივარ, იმ დღეს ჭოლას „კრეიცერის სონატის“ პრემიერა ჰქონდა და „პრაგონზე“ მივედი, - აბა, ახლა ყველამ კარგად ითამაშეთ, ლიკა დეიდაა მოსული - მსახიობებს უთხრა ჭოლამ. ანგარიშს მიწევენ, სცენიდან რეპლიკებით მეპასუხებიან კიდეც - დუტას ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, იქ რომ ვმჯდარვარ და მერე ის რეპლიკები სპექტაკლშიც ჩაუსვამთ...

„მუსკომედიაშიც“ ჩემი სკამი მქონდა, უფროსი თაობის მსახიობებთან ვმეგობრობდი, მათი სპექტაკლები ზეპირად ვიცოდი... კომპოზიტორებთან, პოეტებთან, მწერლებთან ცალკე ურთიერთობა მქონდა, მათ შორის, - პეტრე გუზინსკისთან, შოთა მილორავასთან, გიორგი ცაბაძესთან, ჯანო კახიძესთან, მიხეილ ქვლივიძესთან, თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან...

ხომ ვამბობ, ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა-მეთქი... ამასთან, ჩემი კლასელები იყვნენ - ზურიკო (ირაკლის ძე) აბაშიძე, თათული დოლიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, რომლის დაბადების დღეს, ყოველ წელს მოუთმენლად ველოდებოდით, რადგანაც მამამისი იაშა ბიძია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, მოსულიყო და ხინკალი გაეკეთებინა. მას თან მოჰყვებოდნენ მარჯანიშვილის თეატრის გენიალური მსახიობები - გოგი გელოვანი და ირაკლი უჩანეიშვილი... ახლა ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ, თითქოს სუნთქვა მიჩერდება და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნუთუ ჩემს ცხოვრებაში მართლა იყო-მეთქი?!.

- რუსთაველის თეატრის მოგონებებიდან რას გაიხსენებთ?

- თეატრში მისულს რამაზ ჩხიკვაძე მეუბნებოდა - აქ შენი სკამი უნდა დაგიდგათო... ბატონ რამაზს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რომ უსმენდი, გინდოდა, მისი ყველა სიტყვა ჩაგეწერა. „ხანუმას“ თამაშის წინ, კულისებში ეროსის და რამაზის ლაპარაკი ეს ცალკე სპექტაკლი იყო, საოცარი ექსპრომტები ჰქონდათ, საოცარ რაღაცებს ამბობდნენ... 1976 წელს რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა შედგა. ბილეთები წინასწარ მქონდა აღებული და წარმოდგენაზე, რა თქმა უნდა, მოვხვდი, ჩემს მომავალ მეუღლეს კი არ გაუმართლა, ამიტომ, სანამ არ დასრულდა, გარეთ მელოდებოდა. იმ დღის მერე, „კავკასიური“ რამდენჯერაც დაიდგა, ეს წარმოდგენა, იმდენჯერ მაქვს ნანახი. ბოლოს სპექტაკლზე მხოლოდ „პაკლონზე“ მივდიოდი, რაც მუდმივად დღესასწაული იყო. ფეხზე ვმდგარვარ და ისეც მიყურებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წარმოდგენა ზეპირად ვიცი, მაინც ისე ვუყურებ, როგორც პირველს...

- მითხარით, რომ სპექტაკლებს უცხოეთშიც ესწრებით...

- წარმოიდგინეთ, მილანში რამდენი ადამიანი ჩადის, მაგრამ ცოტას უჩნდება ლა სკალაში მისვლის სურვილი. წელს მილანში რომ მოვხვდი, ლა სკალას მონახულებისას ვიტირე, ისეთი ემოციური იყო ჩემთვის იქაურობის დათვალიერება. მოკლედ, მსახიობები თეატრის მტვერს რომ შეისუნთქავენ და მერე ამ მტვრით ავადდებიან, მეც ასე ვარ... პანდემიის პერიოდი იმიტომ გამიჭირდა, რომ თეატრში ვერ მივდიოდი. თუმცა თეატრებმა ღია ცისქვეშ რომ გამართეს წარმოდგენები, დავესწარი, მაგას როგორ გამოვტოვებდი?!

წელს ბარსელონაშიც გახლდით და ისე დაემთხვა, მარჯანიშვილის თეატრს იქ სპექტაკლი „ქალები“ ჰქონდა წაღებული. ეს ინფორმაცია ესპანეთში გავიგე, თეატრი ქალაქიდან შორს იყო, მაგრამ ტაქსი გავაჩერე და წარმოდგენაზე მივედი. კულისებში რომ შევედი, რეპეტიცია მიმდინარეობდა, რომ დამინახეს მსახიობებმა, გაოცდნენ... საზღვარგარეთ რომ ესწრები შენი საყვარელი თეატრების სპექტაკლებს, ეს კიდევ სხვა რამ არის. კიდევ სხვა დროსაც აღმოვჩენილვარ ამა თუ იმ თეატრის გასტროლებისას უცხოეთში მათ სპექტაკლებზე... მოკლედ, თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობ და ვიმეორებ, თეატრი ჩემი ცხოვრებაა! კახი კავსაძეს ასეთი წერილი მივწერე: ...ნანახი მაქვს თქვენი ყველა სპექტაკლი, ფილმი, თქვენ მიერ გახმოვანებული სპექტაკლი... როდესაც ვნახე ნანა ჯანელიძის გადაღებული ფილმი, სადაც აკაკი ვასაძის დასმულ კითხვას იმეორებდით - „ნეტავ, იქ თეატრი არის“?! მინდა, გითხრათ, თუ იქ თეატრი არის, დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი მაყურებელი. რომ წაუკითხავს, - წერილმა შემძრაო - უთქვამს ბატონ კახის.

მოკლედ, დაუსრულებლად შემიძლია თეატრზე და თეატრებზე საუბარი - სოხუმის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის...

- თქვენ რომელ როლს ითამაშებდით?

- არც ერთს, - მე საპატიო მაყურებლის სტატუსი მაქვს...

- ბევრმა ალბათ არც იცის, რომ წარმატებული ქალი ფერმერის - ნინო ზამბახიძის დედა ხართ... ოჯახის წევრები - შვილი და მეუღლეც ყოველთვის ხელს გიწყობდნენ, რომ საყვარელი გატაცებისთვის ამდენი დრო დაგეთმოთ.

- კი, ნამდვილად... ნინოს ხშირად ეუბნებიან - ბევრი ნინო ზამბახიძე საქართველოსო. მე ვხუმრობ ხოლმე - მე არ მეკითხებიან-მეთქი? ნინო რომ ასეთია, ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაცაა. ლაზარე ზამბახიძე მათემატიკოსი იყო, უნიკალური შემთხვევა იყო უნივერსიტეტის ისტორიაში, რომ 28 წლის განმავლობაში არჩევით იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი... გვერდით საოცარი ადამიანი მყავდა, რომელიც სამწუხაროდ, ადრე წავიდა... ნინო კი მართლაც საუცხოო შვილია...

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

"საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი" - მამუკა ჩარკვიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა