ავტორი:

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

"მისთვის "მამა" არასდროს დამიძახია, იგი ჩემი "ნოდო" იყო..." - შვილის ემოციური პოსტი ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე

ფინანსთა მინისტრი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ექსმინისტრის ქალიშვილი მარიამ ხადური მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ერთი წელი გავიდა, რაც ნოდოს ბეჭდის კაკუნის ხმას ვეღარ ვიგებ კარზე; სამსახურიდან სახლში გვიან ბრუნდებოდა. ყოველთვის ვცნობდი მის მოსვლას; რაც არ უნდა მეკეთებინა, აუცილებლად მისაღებ ოთახში ვხვდებოდი. გამიღიმებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, მომიკითხავდა და ხელების დასაბანად წავიდოდა. ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში შემოვიდოდა და სარკის წინ ბეჭედს, საათსა და ჯვარს იხსნიდა; პიჯაკის ჯიბიდან კი პატარა ხატს იღებდა და საგულდაგულოდ დებდა. სახლში ყოველთვის თეთრი მაისური და შავი სპორტული შარვალი ეცვა.

რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ნოდო ამას მაინც არასდროს იმჩნევდა. გამუდმებით მსურდა მასთან საუბარი და მისი ცოდნის, გამოცდილებისა და სიბრძნის მოსმენა. ვიცოდი, რომ დღეში 12-13 საათი მაინც უწევდა მუშაობა და ხშირად არც ვაწუხებდი, მერიდებოდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის თვითონვე იყო საუბრის წამომწყები. ერთსა და იმავე თემაზე ასჯერ მაინც გვაქვს ნასაუბრები, თუმცა ყოველთვის დაუღალავად, დიდი სიყვარულით და ფარული სიხარულით მელაპარაკებოდა. ახლა ვხვდები, რომ ვიხსენებ, როგორ უხაროდა რჩევას, რომ ვეკითხებოდი ან რამე გაუგებარ თემაზე, რომ მივმართავდი.

ერთხელ სახლში “შუქი წავიდა.” ოჯახის ყველა წევრმა სასტუმრო ოთახში მოვიყარეთ თავი, სანთლები ავანთეთ და მყუდროდ დავსხედით. პირველი რაზეც ვისაუბრეთ “შევარდნაძის დროინდელი საქართველო” იყო. უფროსები თავიანთ დროინდელ ამბებს ყვებოდნენ და ჩვენ, ახალი თაობა, განცვიფრებით ვუსმენდით მათ. უცებ შემთხვევით წამომცდა, რა კარგი დრო იქნებოდა ურთიერთობების მხრივ-თქო. ნოდომ სანთლის შუქზე ანთებული თვალებით გამომხედა და გამიღიმა. უცებ “შუქიც მოვიდა” და ყველა ჩვენს ყოფით ცხოვრებას დავუბრუნდით. მაშინდელი საუბარი ნოდოს სიტყვებით დასრულდა : “ხშირად უნდა ჩავაქრო შუქი”-ო.

ყველაფერს თავისით მიაღწია; ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია და იმედია ნოდო. ყოველთვის როცა თავის ბავშვობასა და თინეიჯერობის წლებზე მიყვებოდა, ცრემლი ადგებოდა თვალზე. დღემდე გულის ტკივილით ვიხსენებ მის მოყოლილ ამბებს. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი, როცა ჩემს მოზარდობის ხანას, ნოდოსას ვადარებდი. თუმცა წამიერად მადლიერების გრძნობა და უდიდესი სიყვარული მიპყრობდა მამის მიმართ. იგი საუკეთესო იყო და არის! (ისე მისთვის “მამა” არასდროს დამიძახია; იგი ჩემი “ნოდო” იყო.)

“ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:)

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი:)♥️” (10.09.19)

P.S. ერთხელ ვკითხე რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი-თქო და გურამ დოჩანაშვილის ფრაზით მიპასუხა: “დედამიწას სიყვარული ატრიალებს!”-ო. ისე ალბათ გულში დაამატებდა, დედამიწას სიყვარულთან ერთად, ეკონომიკაც ატრიალებსო:) (ერთი კვირაა გამუდმებით თავში მიტრიალებს ეს ვარაუდი)

P.P.S. ყველას ძალიან კარგად გვახსოვდეს: “რაც მთავარია შეზღუდულია ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს - ეს არის დრო!” - წერს მარიამ ხადური.

"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნათია მეზვრიშვილი

"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი მამის გარდაცვალების შემდეგ

"ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ..." - ოქრუაშვილის თანაპარტიელის ვიდეომიმართვა, რომელიც მწვავე კრიტიკის შემდეგ "ფეისბუქიდან" წაშალა