ავტორი:

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

"ლუკაშენკო, წადი", - ამ ლოზუნგით ბელარუსი უკვე ერთი თვეა ისეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში ცხოვრობს, რომლის მსგავსი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არასდროს მომხდარა: ასობით ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებს არ წყვეტს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას მიაღწია ოპოზიციამ ამ ერთი თვის განმავლობაში, რა გამოუვიდა და რა არ გამოვიდა? როგორია ოპოზიციისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის პერსპექტივა?

  • დასავლეთის ხისტი ნეგატიური რეაქცია და...

ბელარუსის ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა "ბატკას" პრეზიდენტის პოსტზე უკვე მეექვსედ არჩევა მიუღებლად მიიჩნია. ამ უკმაყოფილების მასშტაბები, რასაკვირველია, გარე მოთამაშეებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩა. მართალია, მინსკმა ბოლო სამ - ოთხ წელიწადში დასავლეთთან ურთიერთობები გაამჯობესა (დაიდო შეთანხმება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაიოლების შესახებ, ალექსანდრე ლუკაშენკო ვენაში ვიზიტით იმყოფებოდა, მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იყო, რომელმაც თანხმობა გამოხატა დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე - ელჩის დაბრუნებაზე), მაგრამ "სამდღიანი ტერორის" გამო (ანუ 9-12 აგვისტოს მომხდარ უმკაცრეს დარბევებთან დაკავშირებით), დასავლეთს არჩევანი აღარ დარჩა: ევროკავშირმა ხისტად განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს უფლებამოსილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დარღვევები ადრეც იყო, მაგრამ ასეთი რამ ბრიუსელს არასოდეს არ გაუკეთებია.

  • ...ხელისუფლების სიმტკიცე

მაგრამ შეიძლება მოულოდნელადაც კი ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დასავლეთის მკაცრმა რეაქციამ და დაანონსებულმა სანქციებმა მმართველი კლასის სიმტკიცესა და მონოლითურობაზე გავლენა ვერ მოახდინა. დღემდე ჩინოვნიკები - ცენტრშიც და რეგიონებშიც - ერთიანობას და პრეზიდენტისადმი ერთგულებას იჩენენ. რამდენიმე დიპლომატისა და 20-მდე ჟურნალისტის, მსახიობის თუ სპორსტმენის გარდა, რომლებმაც უარი განაცხადეს მთავრობის მხარდაჭერაზე და პროტესტანტთა მხარეზე გადავიდნენ, ოლქებისა და რაიონების არცერთ ხელმძღვანელს, ან მათ მოადგილეებს, ეს არ გაუკეთებია...

როგორც ცნობილია, ყოველ პროტესტს თავისი შინაგანი ლოგიკა აქვს: თვალსაჩინო წარმატების არარსებობის გამო რაღაც გარკვეული დროის შემდეგ გარდაუვლად დგება ფსიქოლოგიური დაღლის სიმპტომები - რისთვის ვაგრძელებთ ქუჩაში გამოსვლებს, თუ არაფერი იცვლება? არცთუ იშვიათად ამგვარ სიტუაციას პროტესტის მონაწილეთა განწყობების რადიკალიზება მოსდევს ხოლმე, მაგრამ ბელარუსის შემთხვევაში ამგვარი ტენდენციები არ ჩანს: მოსახლეობა არ იწყებს საბურავების დაწვას, არ ამსხვრევენ ვიტრინებს, არ ძარცვავენ მაღაზიებს და არ იკავებენ სამთავრობო დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებს. ერთადერთი, რაშიც ხელისუფლებას მოსახლეობის დადანაშაულება შეუძლია, ესაა "ომონისადმი" წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ეს წინააღმდეგობაც იმან გამოიწვია, რომ ათი ათასამდე მოქალაქე დააკავეს, აბუჩად აიგდეს და აწამეს, თანაც ისინი, ვინც ასეთ უკანონობაზე პასუხისმგებელი იყო, დაუსჯელები დარჩნენ..

  • ვინ არის და სად არის ლიდერი?

ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლება შეეცადა საზოგადოებისათვის ჩაენერგა აზრი, რომ ქუჩაში მხოლოდ მარგინალები და ექსტრემისტები გამოდიანო, მაგრამ ეს მცდელობა უკიდურესად არადამაჯერებელი გამოდგა. საკმარისია ზედაპირულადაც შეხედო, რომ აშკარაა - აქციებში მონაწილეობენ ახალგაზრდები, სტუდენტები, კრეატიული კლასი...

მაგრამ ამ აქციებს ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი მთავარი კითხვისათვის: თუ ალექსანდრე ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

კაცმა რომ თქვას, პირველ რიგში ამ როლს, თავისი ფორმალური ნიშნით (მაღალი ლეგიტიმურობით), ალბათ, პრეზიდენტობის ექსკანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია უფრო შეესაბამება, რომელიც საფრთხის გამო საზღვარგარეთ წავიდა. მაგრამ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ სურს იყოს ნამდვილი პოლიტიკოსი და მას საკუთარი ოჯახის დიასახლისობა სურს. გარდა ამისა, ემიგრაცია, როგორც ამას ლუკაშენკოს ოპონენტების ისტორიაც ადასტურებს, პოლიტიკურ პროცესებზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ ახდენს. დიახ, სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ საზოგადოების გამოსვლის მკაფიო სიგნალის სიმბოლოს წარმოადგენს, მაგრამ... პროტესტის მონაწილეეებს სჭირდებათ ავტორიტეტული წინამძღოლი - "ბელადი", რომელიც ქვეყნის შიგნით იმყოფება და სწრაფად და პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას, სიტუაციის გათვალისწინებით.

  • არც დასავლეთისკენ და არც რუსეთისკენ?

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტანტების რიგებში, შეხედულებების მიხედვით, სხვადასხვა ადამიანები არიან, ისინი - როგორც რიგითი მონაწილეები, ასევე თვალსაჩინო პირებიც - აკურატულად, კატეგორიულად არიდებენ თავს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე მსჯელობას. არადა, სხვა ქვეყნებში მომხდარი მსგავსი მღელვარე პროცესების დროს მოსახლეობა აქტიურად მსჯელობდა და აზრს გამოთქვამდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე - ყოფილიყო ევროკავშირთან თუ რუსეთთან.

ბელარუსის ქალაქებში მომხდარ მიტინგებზე და მსვლელობებში თითქმის არ ჩანდა არც ევროკავშირის, არც რუსეთის სამფეროვანი დროშები. ასეთი სიტუაციის მიზეზი აშკარაა: ჩვენი პროტესტი გამოწვეულია მხოლოდ შიდაპოლიტიკური მიზეზებით და მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს - დასრულდეს ალექსანდრე ლუკაშენკოს მმართველობის ეპოქა. ჯერჯერობით, პროტესტანტებში ასეთი განწყობა შენარჩუნებულია - იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვებულად თვლის და, რა დასამალია, მის მხარეზე დადგა კიდეც.

ვინ წარმოადგენს დღეს ბელარუსის პროტესტანტებში თავლსაჩინო პიროვნებებს? ვის შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს ხელისუფლებასთან და იმავდროულად გარე მოთამაშეებთანაც კონტაქტები ჰქონდეს? ისეთი არავინ ჩანს. მართალია, ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის (უფრო სწორად, ჩაბარების) მიზნით, მაგრამ ის იმდენად მრავალრიცხოვანია (4 ათასი წევრი!!!), რომ ვერავინ გაარკვევს სწორად, ვინ რას აკეთებს ამ საბჭოში. თანაც ეს ორგანო არც დასავლეთმა არ აღიარა და არც ქვეყნის ხელისუფლებამ. გარდა ამისა, საბჭოს პრეზიდიუმი ფაქტიურად პარალიზებულია: მისი წევრების უმრავლესობას ან საზღვარგარეთ წასვლა აიძულეს, ანდა საპყრობილეში ჩასვეს, ციხის გარეთ დარჩენილებზე კი მძაფრი ზეწოლა ხდება.

  • მუშები, როგორც "რევოლუციის შემკავებლები"?

ბელორუსები საპროტესტო აქციების დროს მილიციის "ომონს" და სპეცსამსახურებს სხვადასხვანაირად ებრძვიან - ზოგი შიშველი ხელით, ზოგი კი დაშავებულებს, სამსახურიდან გათავისუფლებულებს ფულით და მატერიალურად ეხმარება. ცხადია, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა. ისიც ცახდია, რომ მიტინგებსა და დემონსტრაციებში ახალგაზრდობა, საშუალო კლასისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა მონაწილეობს, მაგრამ... არის ერთი დიდი "მაგრამ": ამ ერთი თვის განმავლობაში არ ხერხდება პროტესტების სოციალური ბაზის შესამჩნევი გაფართოება, მათში არ ებმება მოსახლეობის ფართო მასები.

ქარხანა-ფაბრიკებისა და კომპანიების მუშა-მოსამსახურეები ყოველი რევოლუციის "მამოძრავებელ ძალად იყვნენ მიჩნეულნი, მაგრამ... სამრეწველო საწარმოებში გაფიცვების მოწოდებებმა მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო: ერთი-ორჯერ ზოგიერთ ქარხანაში მუშებმა ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება "რბილად" გამოხატეს და მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელეს. თუ სადმე საგაფიცვო კომიტეტი შეიქმნა, მათი წევრების იზოლირება იმავ წუთს მიზანმიმართულად განხორციელდა... მათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, სამსახურიდან დათხოვნით და ადმინსიტრაციული ჯარიმებით ემუქრებიან, ან საბოლოოდ იძულებულნი ხდებიან ქვეყნიდან გაიქცნენ.

  • მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" კი არ მიდის

ყოველი რევოლუციის მთავარ საკითხს ხელისუფლების ხელში აღება წარმოადგენს, რაც ბელარუსში დღემდე არ არის გადწყვეტილი. უეჭველია, მთავრობამ ამ გამოსვლებით სერიოზული დარტყმა მიიღო, მაგრამ ჯერ არ იძირება და ცურვას განაგრძობს. რიგითი პროტესტანტებისა და მათი ე.წ. ბირთვის გამოკითხვის მიხედვით, ისინი ვერ ხვდებიან, თუ რა უნდა გააკეთონ სამომავლოდ.

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ოპოზიციის ბანაკში უდავოდ მიიჩნეოდა ასეთი თეზისი - "თუ ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოვა, მათ წინააღმდეგ სროლას ვერავინ გაბედავსო", რაც იმას ნიშნავდა, რომ ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად მოხდებოდა, თავისთავად... მაგრამ იყო დღეები, როცა მინსკის ქუჩებში 200 ათასამდე მომიტინგე იდგა. ისინი აცხადებენ, რომ კიდევ დადგებიან. თავის მხრივ, ხელისუფლებას არანაირად არ ემჩნევა, რომ მათ რაიმეს დაუთმობს და უკან დაიხევს. დაპირისპირება გრძელდება...

ავტორი: სიმონ კილაძე

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის