ავტორი:

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

"თარაშ კანდელაკმა თქვა, საერთოდ არ მინდა გირაოთი გამიშვათო" - რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რომელიც ერეკლე თედლიაშვილის გასვენების დღეს დაემთხვა

დღეს გორში 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დაკრძალეს. ბიჭი სამი თვე ებრძოდა სიკვდილს. 9 ივნისს, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. მას შემდეგ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი ძალოვნებმა დანაშაულის დღესვე დააკავეს. სწორედ მის მამას, გიორგი კანდელაკს ეკუთვნის აღნიშნული რესტორანი.

როგორც ამბობენ, რესტორანთან გამართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამმა თარაშ კანდელაკმა შელაპარაკებისას, ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. წაყენებული ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თარაშ კანდელაკი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დღეს ერეკლეს დაკრძალვას დაემთხვა თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი, რომელიც გორში, დისტანციურად ჩატარდა. სხდომას პატიმარი ციხიდან ჩაერთო.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზეც უნდა ემსჯელა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულის თხოვნით, გირაოს საკითხი დღეს არ განხილულა და კანდელაკი პატიმრობაში დარჩა. მორიგი სასამართლო სხდომა 28 სექტემბერს ჩაინიშნა.

ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი ლანა ცერცვაძე ირწმუნება, რომ ბიჭის სიკვდილი მისთვის მიყენებულ პირველად დაზიანებასთან კავშირში არ არის.

- პირველად ტრავმასთან პაციენტის დამძიმება და მისი გარდაცვალება კავშირში არ არის. კლინიკიდან პაციენტი რეაბილიტაციისთვის გაეწერა და მისი რეაბილიტაცია მიდიოდა სხვა კლინიკაში. იქ გართულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სიკვდილი ასფიქსიასთან არის დაკავშირებული. ამის დამადასტურებელია, როგორც სამედიცინო ისტორია, ასევე მოწმეთა ჩვენებები, ანუ სამედიცინო პუნქტიდან მიღებული ჩვენებები რაც დაცვის მხარეს უკვე აქვს მოპოვებული და წარვადგენთ სასამართლოში. გარდა ამისა, პროცესუალურად შეუძლებელი იყო უკვე დასრულებულ საქმეზე ბრალის დამძიმება მომხდარიყო. მიზეზობრივი კავშირი ტრავმასა და გარდაცვალებასთან არ გვაქვს.

- ერეკლე ხომ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...

- პაციენტი გორიდან როცა გადმოვიდა კლინიკა "ჯერარსში", იქაც გაუკეთდა ოპერაცია, მერე წამოვიდა დადებითი დინამიკა. გიდასტურებთ, რომ ვერბალური კომუნიკაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პაციენტს ჟესტიკულაციური ფუნქციები ჰქონდა და სასიცოცხლო ფუნქციები ნორმას შეესაბამებოდა. ამაზე გვაქვს ექიმის ჩვენება მოპოვებული. ის სარეაბილიტაციოდ წაიყვანეს სხვა კლინიკაში, იქ პაციენტი დაუმძიმდა თავად მედპუნქტს. გამოძიება უნდა წარიმართოს გარდაცვალების მიზეზებზე.

- დღეს თარაშ კანდელაკი ციხიდან ჩაერთო, მან დააფიქსირა თავისი პოზიცია პროცესზე? ის დანაშაულს ისევ არ აღიარებს?

- ფაქტის ირგვლივ ვიტყვი, რომ მიმდინარე ჩხუბში კანდელაკი ჩაერთო მხოლოდ გაშველების მიზნით. მინიმუმ 15 კაცი მონაწილეობდა ჩხუბში, მაგრამ საგამოძიებო ორგანოს არ მოუხდენია ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული არ არის. არაერთი მოწმე ადასტურებს, რომ თარაშ კანდელაკი მხოლოდ აშველებდა. მას ამ დრომდე დუმილის უფლება აქვს გამოყენებული. დღეს ბრალდებულის პოზიცია იყო, რომ არ შეცვლილიყო მისი აღმკვეთი ღონისძიება და დარჩა პატიმრობაში, ეს მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ტრავმასთან ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ აქვს.

- დუმილის უფლების გამოყენება ნიშნავს რომ დანაშაულს არ აღიარებს?

- სადავოა განზრახვის ნაწილში კვალიფიკაცია. მას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, არადა არ ჰქონია არავითარი განზრახვა, რომ დაზიანება მიეყენებინა. საერთოდ არ იცნობდა მათ. უბრალოდ გაშველების მიზნით ჩაერთო.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ერეკლე თედლიაშვილის ბიძაშვილს, ადვოკატ თამარ თედლიაშვილს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული:

- დღეს დავკრძალეთ ერეკლე. ძალიან მძიმე იყო მთელი სამი თვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასიცოცხლო ნიშნები ის იყო, მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი, ისე გარდაიცვალა გონზე არ მოსულა. საოცრად ჭკვიანი, განათლებული, კეთილშობილი ბიჭი იყო, ყველანაირი დადებითი თვისებით შემკობილი. ჩემი ბიძაშვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ ამას. მართლა უკარგესი იყო. პირველი კურსის სტუდენტი. ამ დღეებში 19 წლის გახდებოდა.

- თქვენ ხომ არ ესწრებოდით საქმის განხილვას?

- დღეს დაკრძალვა იყო და არ ვესწრებოდი. როგორც ვიცი, წინასასამართლოს ხდომა ჩატარდა, ბრალდებულს უარი უთქვამს აღმკვეთის შეცვლაზე. დღეს დაკრძალვა იყო და საერთოდ არ ვაყენებ ამ საკითხს, რომ გირაოთი გამიშვათო.

სასჯელაღრულებიდან ჩაერთო დისტანციურად პროცესზე. როგორც ვიცი, მისი პოზიციაა რომ არ ახსოვს იმ დღეს რა მოხდა. პირველ ეტაპზე ასე ამბობდა და პროკურორის პრეტენზია მის მიმართ სწორედ ის იყო, რომ არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, არ აღიარებდა დანაშაულს.

- ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვალება არ არის დაკავშირებული პირველად ტრავმასთან... მაშინ გამოდის ექიმების ბრალეულობა?

- ერეკლეს გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები და მოხმდება შეფასება და დადგინდება, რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი. პირველივე დღეს, როცა ფაქტი მოხდა, ექიმის შეფასება იყო, რომ ერეკლესთვის მიყენებული დაზიანებები იყო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და სამწუხაროდ, ეს დადასტურდა, ბავშვი გარდაიცვალა.

არადა ამ შეფასების მიუხედავად "ჯერარსის" კლინიკაში ექიმები ამბობდნენ, სტაბილურია მდგომარეობა და არ დაიღუპებაო. ბოლოს ოჯახს უთხრეს, ერეკლეს მკურნალობა ჩვენთან დასრულდა, უკვე ყველაფერი ამოწურეს და მათი აღარ იყო ეს პაციენტი. შემდგომი რეაბილიტაციისთვის შეგიძლიათ სხვაგან გადაიყვანოთ, ან სახლში წაიყვანოთო. ბავშვს რომელიც გათიშული იყო და გონებაზე საერთოდ არ მოსულა, სახლში როგორ წავიყვანდით და ამიტომ გადაიყვანეს "ნიუ ჰოსპიტალში".

ფაქტობრივად, ცოცხალ-მკვდარი ბავშვი გამოვიყვანეთ პირდაპირ რეანიმაციიდან ისე, რომ პალატაში საერთოდ არ გადაუყვანიათ. ცოცხალ-მკვდარს რომ დაუნიშნავენ რეაბილიტაციას, დაახლოებით ასეთი ვითარება იყო. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი, არ ჰქონდა ცნობიერება, ვერ ჭამდა, ვერ დგებოდა, მილები ჰქონდა ჩადგმული. იმ ტრავმის შემდეგ, სანამ გაუძლო მისმა ორგანიზმმა, იცოცხლა. კომპლექსური ექპერტიზა იყო დანიშნული და გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ალბათ კლინიკებიც ეცდებიან, საკუთარი ინტერესები დაიცვან და ვნახოთ რას დაადგენს გამოძიება. ოჯახს შეკითხვები აქვს კლინიკასთანაც. თუკი არ იყო ის შემზადებული ბავშვის ორგანიზმი ამისთვის, რატომ გამოწერეს, 3 დღეში ნიუჰოსპიტალში დამძიმდა მდგომარეობა და ისევ ჯერარსში გარდაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

- თარაშ კანდელაკისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვთ?

-ის მუხლი რაც ჰქონდა აქამდე წარდგენილი, სწორი კვალიფიკაცია იყო, მაგრამ ახლა დადგა ბავშვის გარდაცვალება, ამაზე მიდის გამოძიება და ეს უკვე სხვა კვალიფიკაციაა. პროკურატურა იმსჯელებს ამაზე. ბავშვის გარდაცვალება იმდენად ტრაგიკულია, ალბათ დაისჯება. კანონის შესაბამისად ყველამ უნდა აგოს პასუხი, იმაზე, რაც არის მისი ბრალეულობა.

მიყენებული ტრავმის შემდეგ ბავშვი ფაქტობრივად გარდაცვლილი იყო, უბრალოდ ებრძოდა ორგანიზმი და რამდენი ხანიც გაუძლო იმდენხანს იცოცხლა. თავის არეში მიყენებული დაზიანება ისეთი სიმძიმის იყო, ექიმი თავიდანვე ამბობდა, რომ ვერ გადარჩებოდა. დაზიანება ბრალდებულმა კანდელაკმა მიაყენა. გამოძიებით იკვეთება ეს და არიან საქმეში მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ თარაშმა მიაყენა დაზიანება. უდიდესი ტრაგედიაა ჩვენთვის ერეკლეს გარდაცვალება.

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მოზარდს იმ მცირეწლოვნების მამამ მიაყენა ყურის არეში დაზიანება, ვისზეც, სავარაუდოდ, იძალადა - რას ამბობენ შსს-ში

თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო