ავტორი:

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?

პლანეტა ვენერაზე, ღრუბლებში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომლის მოლეკულაც ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. აღმოჩენა, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, დედამიწაზე ფოსფინი დაკავშირებულია სიცოცხლესთან და იმ მიკრობებთან, რომლებიც ცხოვრობენ ისეთი ცხოველების ორგანიზმში, როგორიცაა მაგალითად, პინგვინი. თუმცა მეცნიერები დაზუსტებით ამბობენ, რომ ვენერაზე პინგვინები არ ბინადრობენ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფოსფინი სიცოცხლესთანაა დაკავშირებული, ის ადამიანისთვის მომწამვლელია.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ვენერაზე ჯერჯერობით ცოცხალი ორგანიზმის არანაირი ფორმისთვის არ მიუკვლევიათ.

როგორც BBC წერს, ასტრონომებმა ვენერაზე ფოსფინი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპის საშუალებით, 2017 წელს აღმოაჩინეს, ხოლო შემდეგ, 2019 წელს ჩილეში, ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმეს და მისი არსებობა დადასტურდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ვენერას მჟავა ღრუბელებში აღნიშნული აირი სწრაფად უნდა იშლებოდეს, თუმცა რადგანაც სხვადასხვა პერიოდში, უფრო ზუსტად კი დროის ორწლიან ინტერვალში, ის კვლავ დააფიქსირეს, უნდა მიუთითებდეს, რომ მისი წარმოქმნა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც შესაძლოა, იქ ცოცხალი ორგანიზმების არსებობას უკავშირდებოდეს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, გაოგნებული ვიყავი აღმოჩენით. ვფიქრობ, ამ აირის ვენერაზე უხვად არსებობა მიუთითებს, რომ იქ უნდა იყოს მისი წარმოქმნის წყარო. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში დაინტერესებული ვიყავი სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობით და ძალიან მაფორიაქებს იმის აღქმა, რომ ეს მართლაც შესაძლებელია“, - ამბობს ასტრობიოლოგი და კვლევის ავტორი, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეინ გრივსი.

აღსანიშნავია, რომ მზის სისტემის სხვა პლანეტებთან შედარებით, ვენერას ყველაზე მეტად ამსგავსებენ დედამიწას და ამიტომ, "დედამიწის დობილსაც" უწოდებენ. მისი ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება, ხოლო ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.

"აღარავის უკვირს პუტინისთვის მიუღებელი პერსონების მოულოდნელად ცუდად გახდომა" - რუსეთის პრეზიდენტის "შხამიანი კვალი" ადამიანებში

"საყვარელს არ თმობენ" - დიანა ღურწკაიამ, კირკოროვმა, ბასკოვმა და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი კლიპი ჩაწერეს

20 სექტემბრიდან ამერიკაში TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა აიკრძალება - ტრამპმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა