ავტორი:

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად შვედეთმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მეთოდი აირჩია. მაშინ, როცა უმეტეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კარანტინი დაწესდა და ვირუსის საფრთხის გამო მილიონობით ადამიანი სახლებში იყო გამოკეტილი, შვედეთში მოქალაქეები ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ - არ ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად კაფეებში თავშეყრა, არც სალონები დახურულა.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვირუსთან გასამკლავებლად ადამიანების პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. მათ არ დაუწესებიათ შეზღუდვები, მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდნენ.

მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნებში კარანტინი დაწესდა, შვედები ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ

ვირუსთან ბრძოლის შვედურ მოდელს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. აკრიტიკებდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები. მომზადდა კვლევაც, სადაც საუბარი შეეხებოდა იმას, რომ მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა, დამღუპველი ყოფილიყო. სტატისტიკის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც სწორედ შვედეთში ჰქონდათ (აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთი აღარ არის).

ზოგიერთი ინფექციონისტი ზაფხულში უკვე საუბრობდა მტკიცებით ფორმაში იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა არ გაამართლა.

  • რა ხდება შვედეთში დღეს?

მიუხედავად კრიტიკისა, შვედეთის მთავრობას ვირუსთან ბრძოლის პოლიტიკა არ შეუცვლია და დღეს უკვე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების და ახალი ინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით, სიტუაცია მკვეთრად შეცვლილია.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, სექტემბრის დასაწყისში შვედეთში ჩაატარეს კორონავირუსზე რეკორდული რაოდენობის, 120 000 ტესტი და ტესტირებულთა შორის COVID-19 მხოლოდ 1 300 ადამიანს გამოუვლინდა.

Storsjon-ის ტბის სანაპირო, სადაც ჩანს, თუ როგორ იცავენ სოციალურ დისტანციას შვედები

მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეებია მკვეთრად მატულობს და ზოგ ქვეყანაში 7 000-ს სცდება (მაგალითად, საფრანგეთში), შვედეთში მსგავსი არაფერია.

ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების ბოლო დღეების სტატისტიკა ასეთია:

  • 11 სექტემბერი - 292 დადასტურებული შემთხვევა
  • 12 სექტემბერი - 206 შემთხვევა
  • 13 სექტემბერი - 106 შემთხვევა
  • 14 სექტემბერი - კორონავირუსის 180 ახალი დადასტურებული შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ ეს იმ ფონზე ხდება, როცა ადამიანები ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობენ და უბრალოდ ითვალისწინებენ ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ჩაკეტილი ქვეყანაში არაფერია.

არ ხურულა არც კაფეები, თუმცა ასეთ დაწესებულებებში ხალხის რაოდენობა შემცირდა, რადგანაც ადამიანთა ნაწილმა თავად გადაწყვიტა, რომ ხალხმრავალ ადგილებს მორიდებოდა

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ამ კომპონენტშიც კლების ტენდენცია შეინიშნება. გაზაფხულსა და ზაფხულში ყოველდღიურად გარდაცვალების ათობით შემთხვევას აღწერდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. 8 და 10 სექტემბერს გარდაცვალების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა, მომდევნო დღეებში გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა, ხოლო 15 სექტემბერს ვირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ფოტო 2020 წლის 8 მაისს, სტოკჰოლმში, Ralambshov-ის პარკშია გადაღებული და მასზე ნათლად ჩანს სოციალური დისტანციის დაცვის შვედური მაგალითი

"ჩვენი მიდგომა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა თავად გაითავისონ ყოველივე და დაიცვან რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანციას, ჰიგიენის დაცვას და პირად პასუხისმგებლობას. ვირუსთან საბრძოლველად სხვა მეთოდი, ან მედიკამენტი არ არსებობს, სანამ ვაქცინა არ იქნება“, - ამბობს შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი, იოჰან კარლსონი.

ამასთან, ხელისუფლების რეკომენდაცია იყო ისიც, რომ დარჩენილიყვნენ სახლში უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით ეს ეხებოდათ ხანში შესულ ადამიანებს, თუმცა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, რომელიც შვედი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა გაითვალისწინა და დღეს უკვე საუბრობენ კორონავირუსთან ბრძოლის შვედური მოდელის წარმატებაზე, რაც ბოლო დღეების სტატისტიკურ მონაცემებშიც კარგად ჩანს.

“ჩვენი სტრატეგია თანმიმდევრული და მდგრადი იყო და ახლა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვირუსის გავრცელების უფრო დაბალი რისკი გვაქვს“, - ამბობს შვედი ეპიდემიოლოგი, პროფესორი იონას ლუდვიგსონი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე შვედეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით იმუნიტეტის უფრო "მაღალ დონეზეა"

საერთო ჯამში, შვედეთში კორონავირუსით 87 345 ადამიანი დაინფიცირდა და ამ მაჩვენებლით, ამ ეტაპზე, მსოფლიოს 30-ე ქვეყანაა, ვირუსით ქვეყანაში 5 851 პაციენტი გარდაიცვალა.

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რაღაც ძალიან ყალბი ხდება“ - ილონ მასკის თქმით, კორონავირუსის 4 ტესტი გაიკეთა და განსხვავებული პასუხები მიიღო