ავტორი:

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

"ბაიდენს შეუძლია ყარაბაღის შესახებ შეთანხმების დეზავუირება მოახდინოს" - არის თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლა ამიერკავკასიისთვის საფრთხის მომტანი?

მთიანი ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია. დოკუმენტის ირგვლივ აზრს გამოთქვამენ და პოზიციებს აფიქსირებენ ამერიკის ლიდერებიც, მათ შორის ჯოზეფ ბაიდენიც, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით, წინასწარი ვარაუდით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ხდება.

საინფორმაციო სააგენტო ნიუს.რუ-მ («News.ru») ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალისტს, პუბლიცისტს და პოლიტოლოგს მაქსიმ შევჩენკოს:

- დღემდე გაუგებარია, ვინ გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აისახოს ვაშინგტონური ტურბულენტობა ყარაბაღის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე, რომელიც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივ განცხადებაშია დაფიქსირებული?

- სანამ გაურკვეველობა გრძელდება, მანამ მოსკოვი და ანკარა ცდილობენ კონფლიქტის ზონაში თავიანთი პოზიციები განამტკიცონ და სომხეთის მიერ შეთანხმების სრულმასშტაბიან შესრულებას მიაღწიონ. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიმართლის ლაპარაკს იწყებს იმის შესახებ, რასაც მე ათი დღის წინ ვამბობდი: თუ აზერბაიჯანის არმია ლაჩინის გზას გადაჭრის, მაშინ ათეული ათასობით სომეხი ჯარისკაცი „ქვაბში“ მოექცევა და „სტალინგრადი“ განმეორდება-მეთქი. ჰოდა, პრემიერმაც ის თქვა, რომ იქ, შუშასთან, 20 ათასი სომეხი სამხედრო მოსამსახურე ალყაში მოექცა, რომლებიც, შეთანხმება რომ არ მომხდარიყო, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი. ვფიქრობ, ყარაბაღის საკითხში რუსეთს თურქეთთან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება...

- გამართლებულია თუ არა სომხური დიასპორის იმედები აშშ-ის პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენის არჩევის თაობაზე?

- რა თქმა უნდა, დიასპორის იმედები წონადია. დონალდ ტრამპი წინააღმდეგობას ეგოიზმის გამო სწევს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას აქვს იურიდიული საფუძველი, რომ საკითხის გარჩევა უმაღლეს სასამართლოში გადაიტანოს, სადაც მას უპირატესობა აქვს. ამიტომაც, ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, იქნება თუ არა ჯო ბაიდენი აშშ-ის ახალი პრეზიდენტი.

- მაგრამ თუ ჯო ბაიდენი მოიგებს, რის გაკეთება შეუძლია მას მთიანი ყარაბაღის მიმართულებით?

- მას შეუძლია სამმხრივი შეთანხმების დეზავუირება განახორციელოს.

- როგორ?

- "ძლიერის უფლებით". იგი უბრალოდ, განაცხადებს, რომ შეთანხმება ეუთოს მინსკის ჯგუფის გვერდის ავლით არის გაფორმებულიო და შეუძლია დოკუმენტი პოლიტიკურ შეთქმულებად ან გარიგებად შერაცხოს, ან რაღაც ამის მსგავსად. გამოჩნდებიან სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმებას არალეგიტიმურად ჩათვლიან. სავარაუდოდ, ამას განაცხადებს საქართველოც. ჩემი აზრით, ბაქომ ამ ყველაფრის იგნორირება უნდა მოახდინოს, ყურადღება არ უნდა მიაქციოს. აზერბაიჯანმა გაიმარჯვა და ამ გამარჯვების ნაყოფის ვინმესთვის გადაცემის უფლება მას არ აქვს. უნდა ვიცოდეთ, რომ სომხეთი რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს, აზერბაიჯანი კი თურქეთის გარეშეც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რაც არ უნდა თქვან ერევანში.

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენი აცხადებდა, რომ მას განზრახული აქვს უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება რუსეთისა და თურქეთის მიმართ, ვიდრე ამას დონალდ ტრამპი აკეთებდა. რამდენად მჭიდრო იქნება მოსკოვისა და ანკარის დაახლოება ბაიდენის მოსვლის პირობებში?

- ბაიდენი ერდოღანს ვერ იტანს და ამას არც მალავს. ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს სხვადასხვანაირი სტრატეგია აქვთ. დემპარტიას მიაჩნია, რომ ერს ყოველთვის არ შეიძლება ჰქონდეს თავისი სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ერთიანი პოლიტიკური სივრცე უნდა იდგეს. თავის მხრივ, რესპუბლიკელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ სახელმწიფოს, იმპერიას, ისეთი ძლიერი აშშ-ის არსებობას, რომელსაც შეუძლია ყველა მუხლებზე დააჩოქოს. ამ დროს რეგიონულ მოთამაშეებსაც შეუძლიათ თავიანთი პირამიდების მშენებლობა. ამიტომაც დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა რეჯეფ ერდოღანის ნეოოსმანურ კონცეფციას.

რაც შეეხება მოსკოვისა და ანკარის დაახლოებას, ჩემი აზრით, ეს რუსეთის მხრიდან მშვენიერი გეოპოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ძლიერია ლობისტური ჯგუფების გავლენა. რა თქმა უნდა, ბოლო დროს სომხურმა ლობმა სერიოზული მარცხი განიცადა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თურქეთისა და ისრაელის კოოპერაცია, რომელიც როგორც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მე ვფიქრობ, შესაძლებელია.

- სომხეთში გრძელდება ოპოზიციის პროტესტი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ტარდება აქციები, აქციის მონაწილეებს კი სამართალდამცავები აკავებენ. ომში წაგებული სომხეთისათვის მართლაც მომგებიანია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა პრემიერის პოსტიდან?

- სომხეთის მოსახლეობას არავინ არაფერს შეეკითხება. ამ შემთხვევაში ბრძოლა მიდის რუსეთსა და დასავლეთს შორის. მოსკოვისათვის ნიკოლ ფაშინიანის სავარაუდო წასვლა ხელისუფლებიდან იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია დროულად მოიძებნოს კრემლისთვის სასურველი კაცი... მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები ნიკოლ ფაშინიანს ასე იოლად დათმობენ... ტყუილად კი არ არის ერევანში აშშ-ის ყველაზე დიდი საელჩო მთელ რეგიონში.

ნიკოლ ფაშინიანის ამოცანა იყო ამ ომის "ჩარეცხვა", ანუ დამარცხების დაბრალება "ყარაბაღული ლობისა" და რუსეთისათვის: ფაშინიანის მინისტრები ღიად ლაპარაკობდნენ, რომ მოსკოვმა ერევანი გაყიდა, სომხეთს უღალატაო.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის გამოსვლა „ოდკბ“-დან და განცხადება ნეიტრალიტეტის შესახებ, რაც ფაქტიურად ნიშნავს კურსის აღებას ნატოში გასაწევრიანებლად. ბუნებრივია, კრემლს ამის დაშვება არ სურს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საუბარი ნატოში მიღებას არც ეხება: რა თქმა უნდა, თურქეთი სომხეთს ალიანსში არავითარ შემთხვევაში არ შეუშვებს.

წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

თურქეთ-ირანის დიპლომატიური სკანდალი: რატომ ეწყინა ირანს რეჯეფ ერდოღანის გალექსილი განცხადება

ჰოლანდიაში 5-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

"ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა" - აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა