ავტორი:

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"

ია ჩანტლაძე პანდემიის დროს ტყუპის დედა გახდა - "მთელი "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია...თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც"

ჩვენი წინა დიალოგი 26 აპრილს შედგა, მაშინ სხვა სიტუაცია გახლდათ - კორონავირუსის პანდემია ახალი გამოცხადებული იყო, მუსიკოსი და ბიზნესლედი ია ჩანტლაძე ტყუპზე ფეხმძიმედ იყო, თვითიზოლაციში დედობისთვის ემზადებოდა, მეუღლე იტალიაში ჰყავდა, რომელიც პანდემიის გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

მას მერე ლამის 5 თვე გავიდა... სიტუაცია შეიცვალა - ია უკვე ტყუპის დედაა და ორ არაჩვეულებრივ პატარას ზრდის.

როგორ გრძნობს თავს დედის ამპლუაში, რას ჰყვება თავის შვილებზე, ამას მომღერალი ambebi.ge-ს თავად უამბობს:

- ჩემი პატარების სახელებია - მია და ალესანდრო. არიან აქტიური ბავშვები, მხიარულები, ცოტა მტირალები და ძალიან საყვარლები.

დედობა მაგარი რამეა - ყოველ დღეს რაღაც გაურკვეველი ბედნიერება დაჰყვება და გაურკვეველი შფოთვაც. თავიდან ძალიან რთული იყო - ფიზიკურადაც და მორალურადაც. ფიზიკურად იმიტომ, რომ ფაქტობრივად, 2 თვე ნორმალურად არ მძინებია, რაც ცოტა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მორალური სირთულე კი ისაა, რომ როცა ერთ დღესაც იღვიძებ და დედა ხდები, უკვე ისე იცვლება ყველაფერი, ხანდახან არც გჯერა, რომ ეს შენს თავს ხდება. აღარ არსებობს საკუთარი სივრცე, თავისუფალი წამიც კი. არავინ თქვას, რომ ფეხმძიმობის 9 თვე დედობისთვის რამენაირად გამზადებს. სანამ არ გაჩნდება ბავშვი, მხოლოდ თეორიულად ხარ მზად.

თან, ჩემ შემთხვევაში, მთელი ამ "სიმძიმის“ დაძლევა მარტოს მომიწია.

ახლა უკვე ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილას დგება, ჩემი მეუღლეც ჩემთანაა და საქმეს ერთად ვუძღვებით.

ორი პატარის ერთდროულად გაზრდა შეუძლებლად მიმაჩნია, ამიტომ მყავს დამხმარე ადამიანები. მოკლედ, როგორც გითხარით, პირველი 2 თვის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.

- მეუღლემ იტალიიდან ჩამოსვლა როდის მოახერხა?

- ჯანკარლო რომ ჩამოვიდა, ბავშვები უკვე 2,5 თვის იყვნენ. მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მია ისეთი სიყვარულით ეღუღუნა მამას, რომ გავოცდი... ალესანდრო ჩაეხუტა და გაიტრუნა. ჯანკარლოსთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, თავიდან დაბნეული გახლდათ, პირველ დღეებში უცნაურ შეკითხვებს სვამდა - ასე რატომ შვრება, ისე რატომ შვრება, რატომ ტირის, რატომ იცინის და ა.შ. მერე ბავშვების ხასიათი ნელ-ნელა გაიცნო და ხომ გითხარით, საქმეში მთლიანად ჩაერთო. ძალიან მეხმარება, არამარტო ბავშვებთან მიმართებაში, სახლის საქმეებშიც.

- მია და ალესანდრო უკვე რამხელები არიან და გარეგნულად ჰგვანან თუ არა ერთმანეთს?

- 3 თვის ხდებიან. ერთმანეთს არც გარეგნულად, არც ხასიათით არ ჰგვანან. მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა, ყოველ დღე ახალი აღმოჩენები მაქვს - როგორ იცვლებიან, ვითარდებიან, რას სწავლობენ და დღითიდღე როგორ გვაგიჟებენ.

მია უფრო დამოუკიდებელი ტიპია, შეუძლია თავის გართობა და მარტოს დიდხანს დარჩენა. ალესანდრო მეტად მოწებებული ტიპია, უყვარს დედიკოსთან ჩახუტება და დაძინება.

- პატარები იტალიურ ხასიათს მეტად ავლენენ თუ ქართულს (თუმცა ორივე ხასიათი რაღაცით მაინც ჰგავს ერთმანეთს)?

- ძალიან აქტიური, ტემპერამენტიანი ბავშვები არიან და გურულ-იტალიურ ხასიათს ერთდროულად ავლენენ.

- მუსიკალური მონაცემები რომელიმემ ხომ არ გამოავლინა, თუ ადრეა ამაზე ლაპარაკი?

- ჯერ რაიმე მონაცემებზე საუბარი მართლა ადრეა, თუმცა ჩემს შვილებს მუსიკასთან ყოველდღიურად "ვამეგობრებ“. მეც ვუმღერი და ვასმენინებ მუსიკას, რაც ძალიან მოსწონთ და რეაგირებენ. რამდენჯერმე დავაკვირდი, რომ მუსიკის ხასიათის მიხედვით ბავშვებიც ან მშვიდდებიან, ან სევდიან მუსიკაზე იწყებენ ტირილს.

- პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდი, თუ ჯერ ვერ მოახერხე?

- ჯერჯერობით ძალიან ფრაგმენტულად ვახერხებ მუშაობას. ძირითადად, დისტანციურად. ვნახოთ, ალბათ მალე ამასაც შევძლებ.

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)