ავტორი:

ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები

ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი შეცდომები და სტრატეგიული გათვლები წინასაარჩევნო პროცესში - ექსპერტთა შეფასებები

ოპოზიცია ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორ ხუხაშვილმა წინასაარჩევნო პროცესის შეფასებისას აღნიშნა, ოპოზიცია ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალა - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება.

„როდესაც ძირითადი პოლემიკა მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს ხელისუფლებას უქმნის კომფორტს იმისას, რომ ერთის მხრივ მშვიდ ვითარებაში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ, ხელი გაიშვიროს და თქვას - „კი ბატონო, მე არ მოგწონვარ, მაგრამ ესენი ვინ არიან“. ამ გზავნილით მართოს პროცესი. თითქოს პოლიტიკური ლოგიკით გასაგებია რატომ მიდის ეს პროცესი. გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ოპონირებს ხელისუფლებასთან, მათ აქვთ შიდა კონკურენციის მომენტები და შიდა კონკურენცია უბიძგებს მათ გარკვეული კრიტიკისკენ. ზოგჯერ აქ ხდება გადამლაშება და ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის ყველაფერი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს უმწიფარი პოლიტიკური ელიტა. იმის მიუხედავად, რომ მათ ხანგრძლივი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ, თითქოს ვერაფერს სწავლობენ.

იგივე სააკაშვილის განცხადებებზე მათი ისტერიული რეაგირება ძალიან სასაცილოა და უკუშედეგს იწვევს. თუ მათი ამოცანაა, რომ სააკაშვილის ყველა გამონათქვამის ინტერპრეტირებით და დისტრიბუციით უზრუნველყონ ორპოლუსიანობის დამარცხება, სინამდვილეში ამით ისინი იღებენ საპირისპირო შედეგს, ხელს უწყობენ ორპოლუსიანობის ინიცირებას. სისტემური შეტევა, სისტემური განხილვა სააკაშვილის გამონათქვამების ამომრჩეველს უბრუნებს განცდას, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკაში არის მხოლოდ ორი ძალის ცენტრი - სააკაშვილი და ივანიშვილი და მხოლოდ მათ შორის შეიძლება არჩევანის გაკეთება. სხვა ყველა არის არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, არამედ პოლიტიკური პროცესის კომენტატორები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, რადგან ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია.

„სააკაშვილი ამ პროცესის პროვოცირებას ახდენს და არაფერს აგებს, პირიქით, იგებს. საბოლოო ჯამში ნეგატივიც კი პოლიტიკური პროცესის ფინალურ ეტაპზე შეუძლია მის სასარგებლოდ ამუშაოს. ფაქტობრივად ძალის ცენტრად წარმოაჩენენ. ამ შეტევებით ოპოზიცია ამდიდრებს სააკაშვილს და ივანიშვილს და კარგავს თვითონ. ეს არის სისუსტის გამოვლინება. თუ ოპოზიციის ამოცანაა ორპოლუსიანობის პრევენცია, რომ ორპოლუსიანი არ დარჩეს პოლიტიკური პროცესი, მათი ტაქტიკა იმის საწინააღმდეგო უნდა იყოს, რასაც ისინი აკეთებენ. „მგელი მოდის“ პოლიტტექნოლოგია, რითაც ხელისუფლება წინა არჩევნებზე შედეგს იღებდა, ახლა აღარ იმუშავებს. სააკაშვილით ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაშინებს, ეს არის ყავლგასული, ძალადაკარგული პოლიტტექნოლოგია, რომლის რეალური ეფექტი მიზერულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი ხან ბუნტის თავია და ხან გამთლიანების მომხრე. ოპოზიცია შეცდომას უშვებდა, როცა ყურადღებას აქცევდა სააკაშვილის განცხადებებს და ამის მიხედვით იღებდა ორიენტაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია.

„მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განცხადებებით გამოყო ოპოზიციური სპექტრიდან და სამ პოლიტიკურ ცენტრზე ლაპარაკობს: ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია. ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობით „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიან პოზიციაშია, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია ზარალდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერთა ხმებს წაიღებს თავისკენ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგის განცხადებით, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინტერესი, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში გაიფანტოს, თუმცა ამ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას.

„არჩევნებზე ყველა პარტია დაინტერესებულია, რომ მისი კონკურენტის მხარდამჭერთა ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. ანალოგიური ინტერესი სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ექნება, რომ მასთან დაპირისპირებული ამომრჩევლების ხმები გაიფანტოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაში. თუმცა ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები ერთადაც რომ ყოფილიყვნენ მაინც ვერ მოიპოვებდნენ უპირატესობას სახელისუფლებო პარტიასთან და სწორედ ეს გათვალა სააკაშვილმა და ამიტომ გადაწყვიტა, რადგან უპირატესობის მიღება გაერთიანებით შეუძლებელი იყო, მაშინ მე ჩემსკენ მაქსიმალურად ბევრ ხმას წამოვიღებო. ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებისთვის უფრო მეტი სირთულის შემქმნელად გამოიყურება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ არჩევნებში, ხელისუფლებას ოპოზიცია გაერთიანებითაც ვერ დაამარცხებდა და ამიტომ დაიწყეს ზრუნვა თავისი ხმების მიზიდვაზე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში არსებული დაძაბულობა ბუნებრივია, თუმცა მისი თქმით, პროცესებს ამწვავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი პროცესის რადიკალიზაციას ახდენენ. ამასთანავე, ძაბირაძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ესმის რა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს, იმ პარტიებზე ახორციელებს შეტევას, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყვნენ და ამგვარად ცდილობს მისგან წასული ამომრჩევლის უკან დაბრუნებას.

„როდესაც ხდება ერთიანი სიის ან ბლოკის გაკეთება, ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციაში თითქმის ბუნებრივია იმიტომ, რომ ოპოზიცია ებრძვის არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მისი კონკურენტია დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც. ასე რომ, ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, სიმძაფრის ხარისხი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ მოულოდნელი, რა თქმა უნდა, არ არის. ამ ვითარებას ამწვავებს მეორე გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, ფაქტობრივად, რადიკალიზაციას ახდენენ ამ პროცესის და ესეც ბუნებრივია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ კონკურენტები არიან. ერთი თემა კიდევ შემოდის და ის უკავშირდება არამარტო „ევროპულ საქართველოს“, არამედ გიორგი ვაშაძეს და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე იყვნენ „ნაციონალების“ შემადგენლობაში და შემდეგ გამოეყვნენ და ჩამოყალიბდნენ ცალკე პოლიტიკურ პარტიებად. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ თუ ირიბად მათზე აქვს შეტევა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულ ამომრჩეველს გადაიბირებს, უფრო მეტ აქცენტირებას აკეთებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც მისი ამომრჩეველი იყო თუნდაც 2016 წელს, ანუ მანამდე, სანამ „ევროპული საქართველო“ და ვაშაძე მათ ნაწილს წაიყვანდა. ასე რომ, ეს ტენდენცია გამართლებულია მათი მხრიდან, პრაგმატული პოზიციაა“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთანავე, პოლიტოლოგის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს და მისი პოლიტიკური სვლები გათვლილია არა იმდენად 31ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლაზე, არამედ ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.

„მათი და ივანიშვილის მიზნების თანხვედრა ხდება, იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, რა თქმა უნდა, შუას არსებობა არ აწყობს და თუ 2012 წელს ივანიშვილი ცდილობდა, რომ შუა გაეკაფა, ახლა „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს, რომ შუა გაკაფოს. მას ურჩევნია, ამომრჩეველი დააყენოს ალტერნატივის წინაშე - ან მე, ან ივანიშვილი. ეს თემა შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

ამ არჩევნებზე ეს ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ ბარიერია დაბალი, მაგრამ თამაში მიდის არა მარტო ამ არჩევნებზე, არამედ 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც 5%-იანი ბარიერია. დღეს რომ იყოს 5%-იანი ბარიერი, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება პარტიათა ის ნაწილი, რომელსაც 5%-ზე ნაკლები აქვს რეიტინგი. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ ინტერესშია, რომ ეს შუა გაიკაფოს და იგივე არის „ქართული ოცნების“ ინტერესში. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მისგან წასული ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობისკენ“ არ წავა, მაგრამ თავისკენ რომ მიაბრუნოს, ერთადერთი ვარიანტია, რომ შუა არ იყოს. მესმის პროტესტი იმ პარტიების, რომლებსაც საფრთხეს უქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ელექტორატი თავისკენ არ გადაქაჩოს და მთლად მშრალზე არ დატოვოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობაც“ რატომ შეიწუხებს თავს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და გაერთიანებებზე. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თამაში მიდის არა იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგად მოვიდნენ ძალაუფლებაში, არამედ მოემზადონ 2024 წლისთვის ან მანამდე ვადამდელი არჩევნებისთვის,“ - განაცხადა ძაბირაძემ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ცალკეული ლიდერების დაპირისპირება ხელს მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით "ქართულ ოცნებას" როგორც გარკვეულ უპირატესობებს აძლევს, ასევე უკარგავს იმ ნარატივის გამოყენების შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის მიხეილ სააკაშვილი.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია არის აწყობილი სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობისა" და წარსულის მუდმივ გახსენებაზე. სააკაშვილიც არის გამოცდილი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ მისი განცხადებები ორ მიზანს ემსახურება, გარკვეულწილად დაბნეულობა შეიტანოს "ქართულ ოცნებასა" და მის ამომრჩეველში და ამავდროულად, არცერთი ხმა არ დაკარგოს ოპოზიციური. მას სურს იყოს მთავარი ძალა პარლამენტში. მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილი, რომ ოპოზიციის ხმები იქნება თუ "ქართული ოცნების" - ყველა თავისკენ წაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი მივა ყველას წინააღმდეგ, მათ შორის დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის და სურს "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყვანოს ერთადერთი მხსნელი ძალა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ვისთან შევიდეს კოალიციაში და ვისთან - არა. სააკაშვილს სურს აჩვენოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი მოთამაშეა. მისი როლი როგორც გამაერთიანებელი ლიდერის, დავიდა იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელად, რომელსაც ფაქტობრივად ოპოზიციური ფლანგის გაყოფა სურს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღეს რეალურად პოლიტიკურ ველზე სამი პოლუსია, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და დანარჩენი ოპოზიციის.

"საინტერესოა ისიც, რომ რეალურად სააკაშვილი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ. მას ერთი გამოსვლა ჰქონდა როგორც გამაერთიანებელის, მეორე კი როგორც გამყოფის და ხაზების გამვლების არამხოლოდ "ქართულ ოცნებასთან", არამედ დანარჩენ ოპოზიციასთანაც. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვისაც" ეს არის გარკვეული უპირატესობის მინიჭება და ამავე დროს დამაბნეველიც არის. რეალურად სააკაშვილის დისტანცირება დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან პრობლემურიცაა "ქართული ოცნებისთვის", ის ამომრჩეველს ამ ნარატივით ვეღარ დაარწმუნებს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ძალა არის სააკაშვილის ძალა. ვფიქრობ, აქ გარკვეული დისონანსიც შემოვიდა "ქართულ ოცნებაში", ერთი მხრივ, როგორც გითხარით, გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ მათ ასევე მოუწევთ გადააწყონ პოლიტიკური საარჩევნო სტრატეგია, რომელიც სააკაშვილი - ოპოზიციის გაიგივებაზე აქვთ აწყობილი. დღევანდელი რეალობით სააკაშვილმა ფაქტობრივად დისტანცია დაიჭირა დანარჩენი ოპოზიციური ძალებისგან. დანარჩენმა ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს სწორად იმისთვის, რომ თავისი ადგილი იპოვოს არა ივანიშვილის, არა სააკაშვილის, არამედ თავისი მზის ქვეშ. ყველა კვლევა რაც კი საზოგადოებამ იხილა, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე რეალობას ასახავს. არც "ქართულ ოცნებას", არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც დანარჩენ ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდანაა?" - უგულავა უდუმაშვილს

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის - ტელეწამყვანი ენმ-ს და "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება