ავტორი:

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?

ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიტიკაში ბედი ნანუკა ჟორჟოლიანამდე მოსინჯეს - ვინ დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, ვინ მიაღწია წარმატებას და ვინ დაბრუნდა ისევ უკან?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. მართალია, კორონავირუსული პანდემია, ხშირად პოლიტიკურ პროცესებსაც ფარავს, მაგრამ საზოგადოების გაოცებას პოლიტიკური პარტიები მაინც ახერხებენ.

23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი გაერთიანების "ძალა ერთობაშია", რომლის ღერძიც "ნაციონალური მოძრაობაა", სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ჟურნალისტი არასოდეს მალავდა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით სიმპათიას, მისი ყოფილი მეორე მეუღლე ერეკლე კოდუა კი, ძველი ხელისუფლების კუდ-ის მაღალჩინოსანი გახლდათ. ნანუკამ მედიასთან აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მის კანდიდატად დასახელებამდე ორი საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციის დროს მოუწია.

ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი არ გახლავთ, ვინც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაბარგდა...

ჟურნალისტიკიდან ყველაზე დიდი ნაკადი პოლიტიკაში 2008 წელს, ტელეკომპანია "იმედიდან" გადავიდა. მას მერე, რაც "ნაციონალურმა ხელისუფლებამ" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას ტელევიზია დაარბია, რის მერეც "იმედი" ჯერ დაიხურა, შემდეგ კი იმჟამინდელი ხელისუფლების ხელში გადავიდა.

"იმედიდან" წამოსულმა გიორგი თარგამაძემ პარტია "ქრისტიან დემოკრატები" დააფუძნა. მას ზურგს უმაგრებდნენ კოლეგები: მაგდა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, მოგვიანებით კი, უკვე ინგა გრიგოლიაც... აღსანიშნავია, რომ თარგამაძისთვის ეს პოლიტიკაში შესვლის მეორე ცდა იყო. მანამდე ის "იბერვიზიაში" წარმატებული ჟურნალისტური კარიერის შემდეგ, ჯერ აჭარის ტელევიზიას ჩაუდგა სათავეში, მალევე კი ასლან აბაშიძის "აღორძინების" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და სწორედ ამ პარტიის სიით გახდა მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ის პოლიტიკიდან წავიდა და მალევე ჟურნალისტობას დაუბრუნდა. თარგამაძე "ტელეიმედში" 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე მუშაობდა, შემდგომ კი, როგორც უკვე ვთქვი, თანამოაზრეებთან ერთად პარტია ჩამოაყალიბა. დღეს კი ის ისევ ჟურნალისტიკაშია და ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემა მიჰყავს.

საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსება, ის სწორედ თარგამაძის პარტიის ეგიდით გახდა თბილისის საკრებულოს წვერი, თუმცა პოლიტიკა მალევე დატოვა და დღესაც წარმატებული ჟურნალისტია...

მედიას დაუბრუნდა მაგდა ანიკაშვილიც, თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარი თავი ვეღარ იპოვა და ამჟამად სახელმწიფო აპარატში მუშაობს.

მაშინდელი "იმედელებიდან", ვინც პოლიტიკას შემორჩა, ეს გიორგი ახვლედიანია. რომელიც პარტიაში მარტოდარჩენილი ნინო ბურჯანაძის პარტიასთან გაერთიანდა.

ყველაზე ხმაურიანი მაინც ჟურნალისტ ირმა ინაშვილის პოლიტიკაში გადაბარგებაა. წარსულში "პირველ არხზე" მომუშავე ირმა ინაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიძულა და მანაც საკუთარი ტელევიზია დააფუძნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა და გადაცემის წაყვანა. ინაშვილის თავისუფალ პლატფორმას ქვეყანაში სერიოზულად არავინ უყურებდა, ვიდრე ერთ დღესაც არ გაირკვა, რომ ციხის კადრების ქვეყნიდან გატანასა და მედიაში გავრცელებაში უდიდესი წვლილი სწორედ მას და მის გუნდს ეკუთვნოდა. ირმა მას შემდეგ "დამსახურებულად" შეუერთდა პოლიტიკოსების რიგებს და მოგვიანებით თავისი პარტიით "ოცნების ხელისუფლებისგან" რამდენიმე სადეპუტატო მანდატიც დაიმსახურა.

სანდრო გირგვლიანის საქმე ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც წინა ხელისუფლება სერიოზულად შეარყია. პირველი სიუჟეტი ამ თემაზე იმჟამინდელი "იმედის" ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა მოამზადა. ვარდების ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი პოლიტიკაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ წავიდა. მიქიაშვილი ჯონდი ბაღათურიას პარტიის "ქართული დასის" სიით იყრიდა დიდუბეში კენჭს, სადაც დამარცხდა. წაგების შემდეგ ისევ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა და სხვადასხვა კომპანიების პიარში სცადა ბედი.

წლების წინ, "ნაციონლური მოძრაობის" მმართველობის დროს ოპოზიციაში წასული ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას შეურთდნენ ჟურნალისტები: ნანა ლეჟავა და ნათია ლაზაშვილი. ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ ნანა ლეჟავა ისევ მედიას დაუბრუნდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნათია ლაზაშვილი სახელმწიფო აპარატში დაასაქმეს, ერთი წლის წინ კი მშობლიურ "რუსთავი 2"-ზე წამყვანად დაბრუნდა.

ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დეპუტატი გახდა. თუმცა მისგან ისეთივე აქტიური პოლიტიკოსი, როგორიც ჟურნალისტი იყო, ვერ დადგა და მუშაობა სახელმწიფო სამსახურში განაგრძო.

ეფემერული იყო პოლიტიკაში მერაბ მეტრეველის გამოჩენა, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა, თუმცა ბურჭულაძის სრულ ფიასკომდე კარგა ხნით ადრე დატოვა ეს ძალა და ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ წლების განმავლობაში ტელეკომპანია "კავკასიიდან" იბრძოდა, პოლიტიკაში, სწორედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოვიდა. ალეკოს საკუთარი პარტია აქვს და განსაკუთრებულად კრიტიკულია "ოცნების" ხელისუფლების მიმართ.

"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახე ზაალ უდუმაშვილი კი, რამდენიმე წლის წინ "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. ყველას ახსოვს მისი დამშვიდობება ეკრანიდან, როდესაც მეწყვილე დიკო ჯოჯუა ცრემლებს ვერ იკავებდა. უდუმაშვილი ამჟამად "ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. უდუმაშვილამდე კარგა ხნით ადრე, "რუსთავი 2" -დან "ნაციონალურ მოძრაობაში" ირმა ნადირაშვილი გადაბარგდა, რომელიც დღემდე პოლიტიკაშია.

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"რას აკეთებს “ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა, იღებს ჩანაწერებს, ჩეხავს, ცვლის კონტექსტს და ცდილობს ხალხის გაბრაზებას" - მამუკა მდინარაძე

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?