ავტორი:

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

"სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ" - აზერბაიჯანული მხარე 14 სამოქალაქო პირის დაჭრის შესახებ იტყობინება

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყარაბაღში, სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, 14 სამოქალაქო პირი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

უწყების ინფორმაციით, რიგი სოფლების დაცხრილვის შედეგად, რომლებიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრებიან, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები სამოქალაქო პირები, სერიოზული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს, განადგურებულია შინაური ცხოველები და სამეურნეო ნაგებობები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ამ დროისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ატარებენ საბრძოლო მოქმედებებში ყველა შესაძლო საგამოძიებო ღონისძიებას, მათ შორის, დანიშნულია სათანადო ექსპერტიზები ჭრილობების ხარისხის, ასევე ზარალის დასადგენად, რომელიც მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

აზერბაიჯანმა ყარაბაღის დაპირისპირების ხაზზე მდებარე დასახლებულ პუნქტ აგდერეში მდებარე სომხეთის სამხედრო დანაყოფებს იარაღის დაყრა შესთავაზა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„იმისთვის, რომ სრულად არ განადგურდეს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, რომელიც დასახლებულ პუნქტ აგდერეში მდებარეობს, საბრძოლო დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის სამხედრო სარდლობამ შესთავაზა სომხეთის სარდლობას არ გაუწიონ წინააღმდეგობა ამ მიმართულებით, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

აზერბაიჯანის არმიის სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო და სამოქალაქო ტყვეებს მოექცევიან ჟენევის კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების შესაბამისად.

თუკი იქნება წინააღმდეგობა, ჩვენ გავანეიტრალებთ თითოეულ შეიარაღებულ ადამიანს“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს აზერბაიჯანის ამოცანას და ბაქო არ დათანხმდება მის სანახევროდ გადაწყვეტას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, ისინი არ დაუშვებენ „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე.

„ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი ისე, რომ აზერბაიჯანელი ხალხი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის, ამ კონფლიქტის არასრული გადაჭრა. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. სხვა ქვეყნების მიწები არ გვჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწას არავის მივცემთ. არაერთხელ მითქვამს, რომ არასოდეს დავუშვებთ მეორე, ასე ვთქვათ, „სომხურ სახელმწიფოს“ აზერბაიჯანის მიწაზე. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ და დღევანდელი მოვლენები ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“ - განაცხადა ალიევმა.

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი" - ნატო-ს გენერალური მდივანი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "ლიდერი" მძიმედ დაჭრილია - ბოლო ცნობები საომარი ზონიდან