ავტორი:

"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები

"ბევრი ადამიანი სასტიკად დასახიჩრებული და სკალპირებული იყო" - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკები

უკიდურესად გართულდა ურთიერთობა ჩვენ ორ მეზობელს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომლებმაც 27 სექტემბერს, განაახლეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. შედეგად არის მსხვერპლი... სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს მინიმუმ 16 სამხედრო და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი"ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში, არცახის ისტორიულ პროვინციაში სამხედრო იერიში აზერბაიჯანმა მიიტანა, თუმცა თავის მხრივ აზერბაიჯანი განახლებულ საომარ ოპერაციებში პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. თვითგამოცხადებული ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, ვაგრამ პოღოსიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 27 სექტემბრის დილით დაიწყო, დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტში.

სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა 27 სექტემბერსვე შემოიღო, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ 28 სექტემბრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კომენდანტის საათი დაწესდება ადგილობრივი დროით საღამო 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე.

შეგახსენებთ, ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადაო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია. რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

როგორ დაიწყო კონფლიტი მთიანი ყარაბაღის გამო - სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის სისხლიანი ქრონიკა

  • "ეს არის დარტყმა ზურგში, ძლივს ვაკავებთ აზებაიჯანელებს. რაც მთვარია იქმნება საშიში პრეცენდენტი. ქვეყანაში (იგულისხმება სსრკ-ავტ), სადაც ეთნიკური შუღლის ათეულობით წერტილია ყარაბაღის მაგალითმა შეიძლება ბიძგი მისცეს მათ, ვინც ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ჯერ კიდევ ვერ ბედავს". მიხეილ გორბაჩოვი - შეხვედრა სომეხ ინტელიგენციასთან. კრემლი, 1988 წლის 26 თებერვალი.
  • "ჩვენ გვტკივა სუმგაითი. სტალინური მხეცობის შემდეგ - ჩვენს ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რომელიც ასე გადაგვისროდა უკან ცივილიზაციიდან ველურობისკენ". მეცნიერების ღია წერილიდან " სომეხ მეგობრებს"
  • "სომხებმა დახოცეს ხოჯალადან წამოსული დევნილების კოლონა, რომელიც თავის გადასარჩენად ქალაქ აგდამისკენ მიემართებოდა, აზერბაიჯანელებმა 1200 ცხედარი დათვალეს. ძალიან ბევრი დასახიჩრებული და სკალპირებული იყო, ერთი პატარა გოგონასგან კი მხოლოდ თავიღა იყო დარჩენილი". გაზეთი "ფაინეშნლ თაიმსი", 1992 წლის 9 მარტი
  • "სუმგაითის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. თუ სუმგაითამდე სომხები დევნიდნენ აზერბაიჯანელებს, ახლა თავად სომხები ხდებოდნენ მათგან დევნილები". სვანტე კორნელი, ამერიკელი ექსპერტი.
  • "ნებისმიერს შეეძლო გაეღვიძა დილით ნამთვრალევს. მთელი ღამე ნაქეიფარი დამჯდარიყო "გრადზე" და ესროლა და ესროლა სტეფანაკერტისკენ, ყოველგვარი დამიზნებისა და კოორდინატების გარეშე" აზი ქერიმოვი, აზერბაიჯანელი ოფიცერი. 1992წ, 12 მაისი

"ორი ჯგუფი, სავარაუდოდ, ორი ოჯახი იყო ერთად დახოცილი - ბავშვები ქალებს ისევ მკლავებში ჰყავდათ. ყველას თავში ჰქონდა ნასროლი, ყველაზე პატარისგან მხოლოდ სახე იყო დარჩენილი, გადარჩენილები ყვებოდნენ რომ ისინი მას შემდეგ დახვრიტეს, რაც სცემეს და მიწაზე დაყარეს", - ანატოლი ლივენის სტატიამ ლონდონურ "თაიმსში" ევროპაში შოკი გამოიწვია, ყარაბაღიდან დაბრუნებული ჟურნალისტის მონათხრობი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ საზოგადოებას თავიდან მისი დაჯერება არ უნდოდა. როცა გასულ კვირას კვლავ დაიძაბა სიტუაცია მთიან ყარაბაღში მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, რადგან ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ამ კონფლიქტის სისხლიანი კალოები, კონფლიქტის, რომელიც ექსპერტების აზრით, მასშტაბურობით და სისასტიკით მხოლოდ ე.წ ჩეჩნურ ომებს თუ ჩამოუვარდება.

ჯერ კიდევ მე- 20 საუკუნის დასაწყისში (1905-1907წწ და 1918-1920წწ) გახდა მთიანი ყარაბაღი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ერთნოკონფლიქტის მიზეზი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის მოსახლეობის დიდ ნაწილს სომეხი მოსახლეობა შეადგენდა, 1921 წლის 5 ივლისს კავბიუროს პლენუმის გადაწყვეტილებით მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში დარჩა, თუმცა ფართო ავტონომიური უფლებებით, მეტიც, 1937 წლის აზერბაიჯანის კონსტიტუციით. სომხური ენა გამოცხადდა ყარაბაღში სამართალწარმოების ენად. თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა, სომხები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ყარაბაღის სტატუსის შეცვლას. სიტუაცია დამაფიქრებელი 1987-88 წლებში გახდა, როცა ადგილობრივ მოსახლეობაში გაიზარდა უკმაყოფილება ავტონომიურ ოლქში შექმნილი რთული სოციალურ - ეკონომიკური ვითარების გამო. თუმცა იმ დროს პატარა სოფელ ჩარდახალის მოსახლეობა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სწორედ მათი სოფელი დაუდებდა სათავეს მომავალში შეიარაღებულ დაპირისპირებას. 1887 წლის 14 ოქტომბერს შამქორის რაიონის რაიკომის მდივანმა ვინმე ასხადოვმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამავე რაიონის სოფელ ჩარდახლის ეთნიკურად სომეხი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რასაც ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა. 18 დეკემბერს ეს ფაქტი უკვე ერევნის ცენტრში მიტინგზე გააპროტესტეს და სოფელ ჩარდახალის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. 1-ელ დეკემბერს მეამბოხე ჩარდახლელები მილიციამ გარეკა საკუთარ კარმიდამოებში, რასაც შემდგომში სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლთა ვიზიტი მოჰყვა მოსკოვში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მოთხოვნით(?!).

1988 წლის ზამთარში აზერბაიჯანელი დევნილები გამოჩნდნენ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკას ტოვებდნენ, მათი პირველი ჯგუფი ბაქოში იანვრის ბოლოს ჩავიდა, ისინი ხელისუფლებამ სუმგაითის რაიონში განასახლა. 11 თებერვალს სიტუაციის ადგილზე გასაცნობად მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ჩავიდა და სტეფანაკერტში სამუშაო შეხვედრები გამართა, თუმცა ვერაფერი გააწყო, სიტუაცია ნელ-ნელა უკონტროლო ხდებოდა, სტეფანაკერტში დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგების გამართვა ყოველდღიურ რეჟიშმი გადავიდა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ იქვე აზერბაიჯანულ ქალაქ აგდამის მოსახლეობას და ერთ დღესაც გადაწყვიტეს სტეფანაკერტელები ჭკუაზე მოეყვანათ.

22 თებერვალს ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები აგდანიდან დაიძრნენ, გზად რაც კი შეხვდებოდათ ყველაფერს ანგრევდნენ, გაიარეს რა მილიციის პოსტები სომხურ სოფელ ასკერანისკენ აიღეს გეზი, თუმცა ისინი სოფლის მისადგომებთან 1000 კაციანმა მილიციის შემადგენლობამ დაშალა. ამ არეულობისას დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი, რომელთაგან ერთი - 22 წლის ალი გაჯიევი იყო. დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანილი იყო 50 ყარაბაღელი... 27 თებერვალს, ღამით აზერბაიჯანის ტელევიზიამ გააკეთა განცხადება, რომ ასკერანთან დაღუპულები აზერბაიჯანელები იყვნენ, მათი სიკვდილი სომხებს დაბრალდათ (მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ალი გაჯიევი შემთხვევით აზერბაიჯანელმა პოლიციელმა მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან შიშის გამო მიიმალა). აზერბაიჯანელების შურისძიება მზადდებოდა, მხოლოდ დრო იყო უცნობი...

26 თებერვალს ქალაქ კიროვაბადში (ახლანდელი განჯა) აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მრავალრიცხვოვანი ჯგუფები ქალაქის ე.წ სომხურ კვარტლებში შევარდნენ და იქაური მოსახლეობის დარბევა დაიწყეს. თუმცა რადგან იქ სომხები კომპაქტურად ცხოვრობდნენ თავიანთი უბნების დაცვა საკუთარი ძალებით შეძლეს.

  • სუმგაითის ტრაგედიამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა...

"მათ დროშით გაიარეს ჩემს სახლთან, დროშაზე წარწერა იყო "სიკვდილი სომხებს", 23-ე სკოლასთან გაჩერდნენ. ჯგუფი რომელიც 40-50 კაცისგან შედგებოდა, ცოტა ხანში 5-6 ათასიან ბრბოდ იქცა, დადიოდნენ და ყვიროდნენ "სიკვდილი სომხებს" ყველა მანქანას ამოწმებდნენ, ადიოდნენ თითოეულ ტრამვაისა და ავტობუსში, ეძებდნენ შიგნით სომხებს, თუ პოულობდნენ ძირს მიათრევდნენ და გამეტებით სცემდნენ... ჩემმა ძმამ, მათგან თავი რომ დაეღწია, 45 კილომეტრი 4 საათში გაირბინა, წარმოიდგინეთ როგორი შეშინებული იყო. ჩემი პატარა და ისევ ჩემმა აზერბაიჯანელმა მეზობელმა გადამალა. 27 თებერვალს, როცა სუმგაითში ჩვენ გვხოცავდნენ, აზერბაიჯანული ტელევიზიით კონცერტი გადიოდა, სადაც სომეხი არტისტები აზერბაიჯანულ სიმღერებს მღეროდნენ"(თვიმხილველის ნაამბობიდან). გააგრძელეთ კითხვა

ავტორი: ნინო ბურჭულაძე

"რუსეთის გამარჯვება მთიან ყარაბაღში ევროკავშირის დამარცხებას ნიშნავს... ბაქოსთვის კი ეს არა იმდენად გამარჯვებაა, რამდენადაც ეშმაკთან გარიგება" - "Politico"

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

სომხეთის ოპოზიციის ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს - "ვაძლევთ დროს გადადგომისთვის..."