ავტორი:

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

"შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს" - რას აცხადებენ სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ambebi.ge - სთან

საომარი მოქმედებები, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, გრძელდება. მომხდარში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ, ვითარება იმდენად არასტაბილურია, რომ შესაძლოა, დაპირისპირება ფართომასშტაბიანი გახდეს.

ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარე რეალურ ინფორმაციას, როგორც ადამიანური, ასევე სამხედრო დანაკარგის შესახებ, მალავს. სომხეთის ცნობით, ქვეყანამ 16 სამხედრო დაკარგა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში სულ ცოტა, 26 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა პოზიციები, რომელიც აზერბაიჯანთან საბრძოლო შეტაკებების დროს 27 სექტემბერს დაკარგა, კვლავ დაიბრუნა. მისივე ცნობით, არწახის (ყარაბაღის) არმიის კონტრშეტევისას, მოწინააღმდეგის დაკანარგი, როგორც სამხედროების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით, დიდია - ისინი ასეულობით სამხედროს დაღუპვაზე ლაპარაკობენ, ამასვე ამტკიცებს აზერბაიჯანი მოწინააღმდეგეზე.

აზერბაიჯანელი მოხალისეები

აზერბაიჯანში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს, რამდენიმე ქალაქი კი, კომენდატის საათის რეჟიმზე გადავიდა. აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებს "სამამულო ომად" აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე მიიყვანენ საქმეს და დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიას.

საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა სომხეთმაც. კონფლიქტის განახლების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარებას აპირებს.

სომეხი მებრძოლები

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრობმა ყარაბაღში 7 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს. ამ ინფორმაციას თავის მხრივ, სომხეთი სიცრუეს უწოდებს.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის /თოვუზის ტერიტორიაზე დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ambebi.ge დაუკავშირა სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპერტებს, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

აზერ მუხტაევი, აზერბაიჯელი სამხედრო მიმომხილველი:

- სომხეთთან ისედაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით დიდი ხანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება. ფაქტია, სომხეთი ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურობდა ამ მიმართულებით, რადგან ფაშინიანი თანდათან კარგავს ძალაუფლებას, რაც ცხადია, არ სურს და უნდოდა, შერყეული ძალაუფლება ამ სამხედრო პროვოკაციებით გაემყარებინა. მას ასევე, სურს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგულია და ამის ნიშანია ესეც... ბოლო ხანებში სომხეთი მუდმივად ატარებდა სადაზვერვო ხასიათის ოპერაციებს, ანუ ემზადებოდა ასეთი სახის კონფლიქტისთვის. სომხეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ამ დაპირისპირებას ყოველთვის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იმედია, ეყოფა გონიერება, რომ მის ისედაც დამძიმებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ვითარებას, ახალი ომი საბოლოოდ ჩამოშლის, რითაც რუსეთს კიდევ უფრო მიეჯაჭვება...ფუად ახუნდოვი, აზერბაიჯანელი ექსპერტი:

- ომი ყველა შემთხვევაში კოშმარია, მაგრამ კარგი იქნება, სომხეთის ხელისუფლებამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს და დროულად შეაჩეროს თავისი არმია, რომელიც ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიოდა, რომ კონფლიქტი განახლებულიყო... სომხეთის ხელისუფლება ფაშისტურ იდეოლოგიას ატარებს, კავკასიაში დომინანტი ერის სტატუსი სურს, რასაც ცხადია, მარტო ვერ შეძლებს და უამრავ ბინძურს თამაშში ერევა, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა... კარგი იქნება სომხეთის მოქალაქეებმა გააცნობიერონ, რომ მუდმივი ინტრიგებითა და პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ, ვერც საშინაო და ვერც საგარეო პრობლემებს ვერ მოაგვარებენ, პირიქით, სულ უფრო ღრმად ეფლობიან ჭაობში და მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნიან.

გორ არმათუნი, სომეხი მიმომხილველი:

- საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და არ ვიცი, რა ჩააქრობს იმ საბრძოლო განწყობას, რაც ახლა მოსახლეობაშია. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, სამხედრო კომისარიატში უამრავი ადამიანი მივიდა... საავადმყოფოებში დაჭრილებისთვის სისხლის გადასხმის მსურველთა რიგები დგას. ადგილობრივები ერთმანეთს, მათ შორის უცხოეთში მყოფ დიასპორას მოუწოდებენ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და შეურთდნენ მოხალისეებს... აძლევენ რჩევებენ, რომ დაბრუნება შეიძლება მინსკისა და პარიზის გავლით... საბრძოლო პოზიციებიდან მოდის ინფორმაცია, რომ სირიიდან გამოტანილი საბრძოლო ტექნიკით გვებრძვიან, ითქვა, რომ ტყვედ აიყვანეს სირიელი გენერალი. ომი არასდროს არის სასურველი, მით უფრო, ახლა, როდესაც სომხეთის პრემიერ - მინისტრსა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის ძალიან დიდი დაძაბულობაა, ქვეყანას კორონავირუსმა უმძიმესი შედეგი მოუტანა, თუმცა, ფაქტია, რომ სომხეთი უკან დახევას არ აპირებს, არაფრის ფასად, რადგან ამ მოტივაციას, რაც ახლა მოსახლეობაშია, ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს მოუხერხებს. ფაშინიანს, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მანქანებით, ებრძვიან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პასიურობას არავინ აპატიებს.

სტეფან გრიგორიანი, ექსპერტი:

- მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო... იბომბება არწახის (ყარაბაღის) სოფლები, მათ შორის სომხეთის მოსაზღვრე ქალაქი, ვარდენისი. მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები და გაეროს მიერ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სრულად არის იგნორირებული... საბრძოლო მოქმედებებს, უკვე ემსხვერპლა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვრცელდება ინფორმაცია ერთი ბავშვის დაღუპვის შესახებაც... ეს არის თავდასხმა აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ამის მტკიცებულებებიც არსებობს...

ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან შესაძლოა, სამხედრო მოქმედებები კონფლიქტის ზონას გასცდეს, რაც მთელ სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს, მით უფრო კორონავირუსით გამწვავებულ ფონზე... ამიტომ მოვუწოდებთ გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, "მინსკის ჯგუფს", ეფექტიანი ზომები მიიღონ, რათა აგრესიული მოქმედებები შეწყდეს, ვიდრე ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმებულა... ამ ეტაპზე სხვა, გარე სახელმწიფოების ინტერესების განხილვისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა მთავარია, ვითარება დაწყნარდეს და მომხდარის სასწრაფო ანალიზი დაიწყოს.

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენი ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

კორონავირუსის ერთ-ერთ ვაქცინაზე კლინიკური ცდები კიდევ ერთმა კომპანიამ შეწყვიტა - მიზეზი "აუხსნელი დაავადების" გამოწვევაა

აშშ-ში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა - ვირუსი ორივე ჯერზე სხვადასხვა სირთულის იყო