ავტორი:

"ბჟანიამ და მისმა გუნდმა შარი მოიშორეს, რომლის არაპროგნოზირებადი ხასიათი მობეზრებული ჰქონდათ" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" სკანდალური თანაშემწე დააკავეს

"ბჟანიამ და მისმა გუნდმა შარი მოიშორეს, რომლის არაპროგნოზირებადი ხასიათი მობეზრებული ჰქონდათ" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" სკანდალური თანაშემწე დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ცვლილებების დროს დონეცკიდან ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებული ახრა ავიძბა ის პერსონაა, რომლის გარშემო მისი გამოჩენის შემდეგ ინტერნეტში კამათი არ წყდება. ავიძბა, რომელიც აფხაზური საზოგადოების ცნობით, ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწედ სრულიად დაუმსახურებლად დანიშნეს, მშვენივრად ირგებდა პრივილეგირებულ ცხოვრებას, იქამდე ვიდრე, თავისი გავლენებით სარგებლობა აფხაზეთს გარეთაც არ დაიწყო...

ბოლო ხანებში, სოციალურ ქსელში ის არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკისა და მწვავე განხილვის ობიექტი... ერთხელაც, სოჭში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ასლან ბჟანიას 34 წლის თანაშემწე დააკავეს და მას 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ის 1986 წლის 27 იანვარს ქალაქ სოჭში დაიბადა. ეთნიკური აფხაზი ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად, უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, სადაც მას მეტსახელად "აფხაზი" შეარქვეს და "დონეცკის სახალხო გმირიც" გახდა. ის შარშან, ნოემბერში, სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული ორი ე.წ. კანონიერი ქურდიდან ერთ-ერთის ბიძაშვილია. მან ეს შემთხვევა, ძალიან კარგად გამოიყენა, არსებული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი გააძლიერა და დაუფასდა კიდეც, 11 ივნისს, ის ასლან ბჟანიამ თავის თანაშემწედ დანიშნა, რამაც აფხაზური საზოგადოება გააოცა, რადგან ყველა თანხმდებოდა, რომ ავიძბას არავითარი განათლება და ელემენტარული ქცევის უნარებიც კი არ ჰქონდა. ეს რომ ასე იყო, მან არაერთხელ დაადასტურა.

აგვისტოს დასაწყისში, ადგილობრივ ინტერნეტქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც შავ ტანსაცმელში შემოსილი მამაკაცი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე უკანონოდ ცდილობს შემოჭრას...მესაზღვრე მის შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, ავიძბამ თავისი ახლადნაყიდი, ჯავშნიანი ლენდ-კრუიზერით რკინის ჭიშკარი გაანგრია და აფხაზეთში გადავიდა...

ამას აფხაზური მხარის ე.წ. განმარტება მოჰყვა, თითქოს, ავიძბას "დიპლომატიური პასპორტი" ჰქონდა და საზღვრის კვეთა ისედაც უპრობლემოდ შეეძლო, თუმცა, ამ ხრიკმა არ გაჭრა - ვიდეოში სხვაგვარად ჩანდა, მან არაფრად ჩააგდო საზღვარზე მდგომი თანამშრომელი. საბოლოოდ, 3 ოქტომბერს, სოჭში, საზღვრის უხეში დარღვევის გამო, ის დააკავეს. დანაშაული 200 ათასი რუბლის (დაახლოებით, 2.5 ათასი დოლარი) ოდენობას, ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტზე საუბრისას, ავიძბამ განმარტა, რომ "გამშვები პუნქტის" გავლა მას მერე გადაწყვიტა, რაც "საზღვარზე" ხუთ საათზე მეტ ხანს გააჩერეს.

"ერთ-ერთი რუსი მესაზღვრე "პროვოკაციულად" იქცეოდა... ვალი რა შუაშია?.. მილიარდიანი ვალიც რომ მქონოდა, დიპლომატიური პასპორტი არავის აძლევს უფლებას გამაჩერონ, შეტყობინება აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მისწერონ..." - განაცხადა მან რუსულ მედიასთან საუბრისას.

ამ ფაქტს, აფხაზებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ნაწილის თქმით, ეს ძალიან კარგი ფაქტია, რადგან ავიძბა და მისნაირი უსამართლოდ პრივილეგირებული ადმიანები, ჭკუას ისწავლიან. თუმცა, იყო განსხვავებული მოსაზრებებიც, 5 ოქტომბერს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ათეული მისი მხარდამჭერი შეიკრიბა, რომლებმაც ადგილობრივ მედიასთან განაცხადეს, რომ "უბრალოდ თანაუგრძობდნენ" მას.

"მას დიპლომატიური პასპორტი აქვს, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა და ასეთი პრეცენდენტი არ უნდა მომხდარიყო, ის არ უნდა დაეკავებინათ. როდესაც სოჭში მის წინააღმდეგ ვითარება ასე გამწვავდა, ჩვენ ველოდით, რომ ხელისუფლებისგან რაღაც ღონისძიებები გატარდებოდა... ხალხს აინტერესებს რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით..." - აცხადებს ბესარიონ ბასარია.

"აფხაზო, მე შენ მხარს გიჭერ, თუნდაც რუსეთისა და მისი კანონების წინააღმდეგ, იმიტომ კი არა, რომ წინა ხელისუფლება გააგდეთ, უბრალოდ იმიტომ, რომ აფხაზი ხარ.." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ავიძბა ოჯახით

"ვფიქრობ, ბჟანია და მისი გუნდი ასე შეთანხმებულად იმიტომ არიან ჩუმად, რომ ერთი შარი მოიშორეს, რომლის მწყემსვა და არაპროგნოზირებადი ხასიათი, ძალიან მობეზრებული ჰქონდათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხელისუფლება უბრალოდ ვალში იყო მის წინაშე და ამიტომაც დანიშნეს თანამდებობაზე, რითაც ის ძალიან თავხედურად სარგებლობდ და - არა მხოლოდ აფხაზეთში. ამიტომაც ერთ დღესაც მოეკითხა. იმედია 10 დღეზე მეტ ხანს მოუწევს იქ ყოფნა..." - წერს ლედი კოკოსკერია.

“რუსეთიდან აფხაზეთში გადასვლა უნდოდა, მაგრამ გადაუხდელი კომუნალური დავალიანების, დაახლოებით მილიონი რუბლის (დაახლოებით, 13 ათასი დოლარი) გამო არ უშვებდნენ. არადა, აფხაზეთის "პრეზიდენტის" თანაშემწეს სოჭში უძრავი ქონება და მის სახელზე გაფორმებული ავტომობილი აქვს... ორსაათიანი კამათის შემდეგ, ის ძალით გადმოვიდა აფხაზეთში. თუმცა, ვიღაცეები დგანან, მას ამართლებენ და სოლიდარობას უცხადებენ, თითქოს დამნაშავეების ნაკლებობა გვქონდეს აფხაზეთში... ახლა გაირკვა, რომ ყველა დავალიანება დაუფარავს, ხომ არ იცით საიდან?.. ცხადია, ჩვენი ბიუჯეტიდან... ვინმემ იცის რა სტატუსი აქვს, თანამდებობაზე მყოფი კანონიერი ქურდია, რომელიც აფხაზეთში ისე იქცევა, როგორც სურს..." - წერს გენადი სმირი.

"ყარაბაღის ომი აჩვენებს, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა სუსტდება" -  რას წერს "დოიჩე ველე?

"გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა... ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, დე ფაქტო რეჟიმმა კი ახალგორის დატოვების უფლება არ მისცა" - გამგებელი

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის