ავტორი:

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური 22 იანვარს იუბილარია - მას 75 წელი შეუსრულდა. სამწუხაროა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გამო კვლავ მძიმეა - სახალხო არტისტი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თემურ წიკლაური 1946 წელს კოჯორში დაიბადა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი 1967 წლიდან ფილარმონიის სცენაზე დგას. იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, შემდეგ ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის, გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

ნუგზარ კვაშალი, ვაჟა აზარაშვილი და თეიმურაზ წიკლაური (ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე)

წლევანდელი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა თემურ წიკლაურის ავადმყოფობისა და კორონავირუსის პანდემიის გამო წელს არ მოხერხდა, ამიტომ, გვინდა მისი 2014 წლის გრანდიოზული იუბილე გავიხსენოთ, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შედგა. მომღერალმა მაშინ სცენაზე ყოფნის 45 წელიც აღნიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა.

მაშინ დარბაზში გახლდით და კარგად მახსოვს, საღამოზე, რომელიც მუსიკოსმა, იუბილარის მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა გახსნა, არაერთი თბილი სიტყვით შეამკო იუბილარი და მისი საპატიო ტიტულების დასახელების შემდეგ, წიკლაური "ხელოვნების საპატიო რაინდადაც" შერაცხა...

მერე სცენაზე საპატიო "ივერიელი", "არწივი" და საღამოს მთავარი მოქმედი გმირიც გამოჩნდა, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით, თავისი ცნობილი ჰიტები ისე გულიანად შეასრულა, რომ მისი ერთი სიმღერისა არ იყოს, თამამად იტყოდით - "გული არა ბერდება"...

ჯემალ ბაღაშვილი, შოუბიზნესცენტრ "ლომისის" ხელმძღვანელი, საღამოს რეჟისორი იყო და აი რა გვითხრა: "არა მგონია, ამას სიტყვები სჭირდებოდეს, - 21 სიმღერა ასე გულით, ხმით, მთელი არსებით იმღეროს ადამიანმა, იშვიათია. მაყურებელი გრძნობს ამ სინაღდეს, რაც ასე აკლია არა მარტო ესტრადას, საერთოდ, ცხოვრებას - სიყალბემ წაგვლეკა, სინაღდის დეფიციტია! დიახ, ეს სინაღდეა, რამაც ასეთი დიდი სიყვარული გამოიწვია".

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორმა, კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა კი გვითხრა: "აი, ეს არის სიხარული, რაც ახლა აქ ხდება... დიახ, დამსახურებულ ადამიანებს ვარსკვლავებს ხალხი უხსნის და არა მე. აქამდე ვისი ვარსკვლავიც გაიხსნა, ყველას ასეთი დიდი სიყვარული ახლდა".

თავად თემურ წიკლაური ვარსკვლავის გახსნამდე ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: "ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე... დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა... მერე კი ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარ ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე... რადგანაც ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს".

მომღერლის ცხოვრებაში არაერთი ურთულესი ეპიზოდი ყოფილა, რომელიც მისი ხასიათით, შინაგანი სიძლიერით დაუძლევია. ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიაზე - შვილის, გიორგი წიკლაურის დაკარგვა,ზე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე ისაუბრა:

"ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფალმა მომიწყო. არავინ იცოდა, შევძლებდი და გავაკეთებდი ამას, თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად ირწმუნოს უფლისა, ვიდრე ფიზიკური ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე...

1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ, ასეთ დროს ლომიც კი ხდები" - ამბობდა წიკლაური.

ბატონი თემური იმავე ინტერვიუში მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ნამუშევრებს იხსენებდა, სადაც მიუზიკლ "ფიროსმანს" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის ხელი შემეხო და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი. სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი იყო.

ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე" - იხსენებს ინტერვიუში თემურ წიკლაური.

AMBEBI.GE ულოცავს ქართული სცენის არწივს 75 წლის იუბილეს, მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე