ავტორი:

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

ბოლო პერიოდში აქტიურდება მსჯელობა კორონავირუსის მიმდინარეობისა და ადამიანის სისხლის ჯგუფის ურთიერთმიმართების შესახებ. სულ უფრო ბევრი კვლევა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები გაცილებით იოლად გადაიტანენ ვირუსს, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტები.

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ორი კვლევა, რომელთა მიხედვითაც, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა დაუმძიმდეთ. ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის პაციენტები.

ამას გარდა, მათ ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფილტვების ვენტილაცია და უფრო იშვიათად ჰქონდათ თირკმელების უკმარისობაც. იტალიასა და ესპანეთში, ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში ჟანგბადის მიწოდების საჭირობა 50 %-ით ნაკლებად იყო საჭირო სისხლის სხვა ჯგუფების მქონე პაციენტებთან შედარებით. კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ კი დაადგინა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მქონეებს.

Ambebi.ge დაინტერესდა, რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევენ ქართველი სპეციალისტების აღნიშნულ მოსაზრებებს და რით შეიძლება აიხსნას სისხლის ჯგუფისა და კორნავირუსის მიმდინარეობის ასეთი ურთიერთკავშირი?

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ამ მოსაზრებას რაიმე პრაქტიკული სარგებელი კორონავირუსის მკურნალობაში ვერ ექნება.

"ასეთი კვლევები იყო შიდსიდან დაწყებული არაერთ დაავადებასთან მიმართებით, მათ შორის ჰეპატიტების, მერსისის, სარსის და სხვა დაავადებების მაგალითზე. ეს ისტორიული კვლევებია, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს. ადამიანს იმას ხომ ვერ ეტყვი, შენ თუ ამ ჯგუფის სისხლი გაქვს დამძიმდები-თქო ან - პირიქით. ეს არ არის პროგნოზირებადი და 100%-ის სიზუსტით არ მოხდება ასე. მძიმდება ნებისმიერი სისხლის ჯგუფის პაციენტი. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ა.შ. ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს.

ეს არის პოპულარული ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით უეფექტოა. არაფერს არ ცვლის. რაც შეეხება სავარაუდო ახსნას, თუ რატომ შეიძლება განაპირობებდეს ადამიანის სისხლის ჯგუფი დაავადების დამძიმებას, ან პირიქით, იოლ ფორმებში გადატანს, ეს გამოსაკვლევია. ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ პირველი ჯგუფის სისხლში ანტისხეულები უფრო მეტი რაოდენობითაა. მაგრამ, ვიმეორებ, ეს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებს არ უღიარებია, ამიტომ ამაზე იმედების დამყარება, არ იქნება სწორი" - აცხადებს Ambebi.ge -სთან ბიძინა კულუმბეგოვი.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, ამ საკითხზე მათ კლინიკაში ჩატარებულ მცირე კვლევას იხსენებს და ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული კავშირი პაციენტის სისხლის ჯგუფსა და დაავადების განვითარებას შორის არ გამოუვლენიათ.

"რამდენიმე თვის წინ ჩვენს კლინიკაში ჩავატართ ზედაპირული კვლევა, რაიმე განსხავავება იყო თუ არა სისხლის ჯგუფისა და დაავადების მიმდინარეობაში, მაგრამ რომ გითხრათ რაიმე საინტერესო ვნახეთ - არა. რამდენიმე ასეულ პაციენტზე ჩავატარეთ ეს დაკვირვება. არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ არ გამოვლენილა ჩვენს პრაქტიკაში.

ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. ზოგადად, დაავადების დამძიმება-არდამძიმებას სისხლის ჯგუფზე მეტად ფონური და ქრონიკული დაავადებები განაპირობებს. ყველა დაავადების განვითარება დამოკიდებულია აგენტზე და ორგანიზმზე, შესაძლებელია სხვადასხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს სხვადასხვანაირი იმუნური პასუხი ჰქონდეს ინფექციაზე. თეორიულად შესაძლებელია, რომ იმუნური პასუხი შეიძლება იყოს დამოკიდებული ადამიანის სისხლის ჯგუფზე, თუმცა კიდევ გამოსაკვლევი საკითხია, ამიტომ უფრო კონკრეტულად და გადაჭრით ჯერ გამიჭირდება ამაზე საუბარი" - გვეუბნება ალექსანდრე გოგინავა.

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი არ გამორიცხავს, რომ სისხლის ჯგუფი შეიძლება განსაზღვარვდეს covid-19 -ს მიმდინარეობის თავისებურებებს, თუმცა ექიმი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევები აბსოლუტური სიზუსტის ჯერჯერობით ვერ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს არ შეექმნათ ცრუ მოლოდინები ან არ დაისტრესონ.

"პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ გარანტრებულ ჭეშმარიტება ეს არ არის. კვლევაა, რომელიც საჭიროებს კიდევ მეტ არგუმენტაციას. ამიტომ ადამიანებს არ უნდა შეექმნათ ცრუ იმედები, რომ თუ, მაგალითად, მათ აქვთ პირველი ჯგუფის სისხლი, ვირუსი არ დაემართებათ, ან თუ დაემართებათ უსიმპტომოდ გადაიტანენ. შეიძლება, ამის გამო ვინმე ისე მოდუნდეს, უარი თქვას ნიღბის ტარებაზე და რეკომენდაციების დაცვაზე. ან პირიქით, შეიძლება დაისტრესონ იმ ჯგუფის სისხლის ადამიანები, რომლებიც კვლევის მიხედვით, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ეს ასე არ არის.

კორონავირუსი იმდენად ამოუცნობი და საინტერსო დაავადებაა, მსოფლიოში ძალიან ხშირად იცვლება მის მიმართ მიდგომები და წარმოდგენები. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო რამეს, რომელიც სამედიცინო სამყაროში გაოცებას იწვევს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქრონიკული დაავადებები არის კორონავირუსის გართულების გარანტი, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის საკმაოდ რთული ქრონიკული დაავადების მქონე წევრმა ფაქტობრივად, უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი, მაშინ როდესაც იმავე ოჯახის სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა წევრი საავადმყოფოში იწვა დღეების განმავლობაში დაავადების გართულებული ფორმის გამო ვმკურნალობდით. ამიტომ, ცალსახად გვიჭირს რამის თქმა, ძნელია. ამ ვირუსს აქვს ისეთი უცნაური მახასიათებლები, რაც ჯერ კიდევ უცნობია და კვლევის საგანია" - გვიხსნის ოთარ ჩოკოშვილი.

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ელდელაძე დეტალებით

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა