ავტორი:

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ ჩვენი უძრავი ქონების ყიდვა... გგონიათ, სამოთხედ გადააქცევენ აქაურობას?!" - აფხაზების გამოხმაურება ლავროვის განცხადებაზე

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დროდადრო წამოწეული უძრავი ქონების ყიდვის თემა, ადგილობრივ მოსახლეობაში ნიადაგის მოსინჯვის ერთგვარი საშუალებაა. მათი ცნობით, ეს საკითხი მაშინ ამოტივტივდება-ხოლმე, როდესაც რეგიონში დაძაბულობაა, ასეთი შემთხვევები კი არც ისე იშვიათია.

მაგალითად, ახლა ოკუპირებულ რეგიონს COVID-19-ის მეორე ტალღამ შეუტია და ოპოზიციური პარტია "არუაას" აქტიურობითა და ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ დაგვიანებით შეფასებული ვითარების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, კოვიდინფიცირებულებისთვის 500-კაციანი საველე ჰოსპიტალი სთხოვა, რადგან გუდაუთის ერთადერთი კოვიდჰოსპიტალი გადავსებულია, ეპიდვითარება კი - უმართავი.

ერთი სიტყვით, ამ უკიდურესად მძიმე სოციალურ ფონზე, რომელსაც კოვიდ-ვითარება უარესად ამწვავებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთში "რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების უფლებები" განიხილა და აღნიშნა, რომ მას ძალიან უკვირს, რომ ეს საკითხი დღემდე დაურეგულირებელია.

"მოსკოვი დაუბრუნდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის, ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრების საკითხს”,- განაცხადა რუსულ მედიასთან საუბრისას ლავროვმა.

მის კომენტარს მწვავე რეაქცია მოჰყვა რეგიონში. ნაწილის თქმით, ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან არასწორად ფორმულირებული და არაკორექტულად შეფუთული საკითხი, რაზეც სხვებმა უპასუხეს, რომ ლავროვმა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული რუსეთის მოქალაქეებისა და აფხაზეთის “ხელმძღვანელობისვის” კრემლის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, აფხაზეთის "პრეზიდენტის" სტრატეგიულ კომუნიკაციებში ე.წ. თანაშემწე, რენატ ქარჩავა აცხადებს, რომ ამ საკითხში აფხაზეთში პოზიცია ასეთია - "აფხაზეთსა და რუსეთს ეკონომიკური განვითარების გეგმები ცალ-ცალკე აქვთ, რადგან რუსეთი სხვა სახელმწიფოა...".

იგივე გამოცემასთან საუბარში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ფაურ კოვე ამბობს, რომ ქონებრივი დავა აფხაზეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს, მათ შორის თავად აფხაზებშიც ხდება და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით წყდება.

"რაც შეეხება ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს, აფხაზეთში ყველა სახელმწიფო უწყება ერთნაირად უდგება ყველა ეროვნების წარმომადგენლებს, მათ შორის ქართველებს. თუმცა ეს არ ეხებათ მათ, ვინც იბრძოდა ან დღესაც იბრძვის აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”, – აცხადებს კოვე.

"ეს საკითხი მართლაც მძიმედ დგას აფხაზეთში... გასაგებია, რომ ვიღაცეებს სურთ, ადგილობრივი მოსახლეობა იქამდე მივიდეს, რომ ისინი აქეთ იხვეწებოდნენ, უკვე დანგრევის პირას მისული უძრავი ქონების შესყიდვა-გარემონტებას, მაგრამ იმედია, ეს დღე არ დადგება... ფაქტი ერთია, აფხაზებს ეშინიათ თავიანთ ქვეყანაში თავადვე არ დარჩნენ დაუცველი, ამიტომ რაღაცეების თმენის ფასად, თვითმყოფობას ინარჩუნებენ..." - წერს ერთ-ერთი აფხაზი სოციალურ ქსელში.

"რუს ინვესტორებს კაპიკებში სურთ უძრავი ქონების შესყიდვა. ახლა ჩვენმა მთავრობამ თანხმობა რომ მისცეს, გგონიათ, მაშინვე დაესევიან და აქაურობას სამოთხედ გადააქცევენ?.. არა. დაელოდებიან, რომელ ძალზე მოწადინებულს წასძლევს სული პირველად და თავად დაიწყებს ინვესტორი ძებნას. ამის შემდეგ, თანხასა და პირობებს შესთავაზებენ... ეს ყველაფერი კი მოიტანს იმას, რომ აფხაზეთის ენერგეტიკულ ბაზარს რუსი ინვესტორები დაიპყრობენ, რადგან მათ სწორედ ამ სფეროში სურთ შემოსვლა. მათი შემოსვლით კი, ჩვენ დავკარგავთ ბაზარზე კონტროლს, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე" - წერს კრისტი როყვა.

"არადა, ამ პრანჭვა-კეკლუცობაში მართლა თავზე დაგვემხობა ყველაფერი... ახლა რა ფუნქცია აქვს იმ დაკეტილ სახლებს, ნარკომანები და ქურდები რომ აფარებენ თავს. ვისაც დაკანონებული გაქვთ, გამოიყენეთ და ვისაც არა, იქნებ მართლა დადგეს საშველი, თორემ როდემდე უყურებთ ამ მოჩვენებებით სავსე ქალაქსა და ქვეყანას, ნახეთ რას ჰგავს აფხაზეთის აღმოსავლეთი?... დრო ახლა რუსი ინვესტორების სასარგებლოდ მუშაობს, რაც უფრო ძველი იქნება, უფრო დაბალ ფასში შეისყიდიან..." - მიაჩნია ირაკლი ლაკობას.

რუსეთის, როგორც არშემდგარი მშვიდობისმყოფელის მეორეხარისხოვანი როლი ყარაბაღის კონფლიქტში: სისუსტე თუ ახალი პოლიტიკური თამაში? - "სომხეთი საზღაურს იხდის"

აზერბაიჯანი სომხეთის ცოცხალი ძალის განადგურებაზე იუწყება - როგორია ვითარება ყარაბაღში და გამართავენ თუ არა ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს მოსკოვში

დარღვეული შეთანხმება, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უმძიმესი შედეგები