ავტორი:

როგორ მიმდინარეობს პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის - "ჯამურად, 1 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს საგრანტო კომპონენტზე"

როგორ მიმდინარეობს პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის - "ჯამურად, 1 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს საგრანტო კომპონენტზე"

"ევროკავშირმა" და CENN-მა ორი წლის წინ წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი - "ეს წალკაა" დაიწყეს. პროექტი მიზნად ისახავს წალკის მუნიციპალიტეტში საოჯახო მეურნეობების გაძლიერებას, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმებას და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერას, ამასთანავე, ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. როგორ დაიწყო და მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის განვითარება პროექტის ფარგლებში და რა გეგმებია მისი განხორციელების დარჩენილი ორი წლის განმავლობაში - AMBEBI.GE-ს ამის შესახებ CENN-ის პროექტის მენეჯერი, მელანო ტყაბლაძე ესაუბრა:

- პროექტი "ეს წალკაა" მიმდინარეობს "ევროკავშირის" ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, რაც საქართველოში 2013 წელს დაიწყო და მისი უკვე მესამე ფაზა მიმდინარეობს. პირველმა და მეორე ფაზებმა ქვეყნის 8 მუნიციპალიტეტი დაფარა. მესამე ფაზაში დამატებული 4 მუნიციპალიტეტია: ახმეტა, მესტია, წყალტუბო და წალკა. CENN ამ პროექტს კურირებს, როგორც განმახორციელებელი ორგანიზაცია. პროექტის ხანგრძლივობა 4 წელია, მისი განხორციელება 2018 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდება. გვყავს ორი პარტნიორი ორგანიზაცია - "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" და გერმანული ორგანიზაცია "კვლევისა და განვითარების ინსტიტუტი". ამ უკანასკნელს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების - LAG-ების ჩამოყალიბებისა და განვითარების გამოცდილება აქვს.

პროექტი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს წალკაში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ამის გაუმჯობესებას ხელი მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში შეუწყოს. ამას მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციითა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველჰყოფით ვცდილობთ. პირველ რიგში, კეთდება ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ვცდილობთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები, და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები, რაც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, დაინერგოს გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობით - რათა ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობა გარემოსთან მეგობრული და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების გზით იქნას მიღწეული.

სამიზნე ჯგუფი თავად წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა, თუმცა განსაკუთრებით, ადგილობრივი თემები (იცით, რომ მუნიციპალიტეტი მულტიკულკტურალურია), ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება, ფერმერები, მეწარმეები, ტურისტულ საქმიანობაში ჩართული პირები, სასწავლო დაწესებულებები, ამ შემთხვევაში სკოლები, ახალგაზრდობა, და რეგიონული მედია და რეგიონული მედია ორგანიზაციები.

- ამ ორი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, გამოჰყოთ მთავარი წარმატებები და სირთულეები, რასაც შეხვედრიხართ და რასაც ალბათ, ახლა ხვდებით?

- მთავარი წარმატებები ალბათ ყველა აქამდე შესრულებული საქმიანობაა. LAG-ი რომ ჩამოყალიბდა, ეს უკვე წარმატებაა, რადგან მუნიციპალიტეტში გაჩნდა ერთეული ორგანიზაცია, რომელიც იწვევს სანდოობას, არის ობიექტური, აქვს ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა, აქვს უნარ-ჩვევები, ჩაერთოს ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მეორე, აქამდე წალკაზე ფოკუსირებული მსგავსი დოკუმენტი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ამიტომ ამ დოკუმენტის არსებობაც, თავისი სამოქმედო გეგმით, რა თქმა უნდა, წარმატებაა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ესწრებიან სხვადასხვა სოციალურ საღამოს, რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საგაზაფხულო ბანაკებში, მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ, ასევე, ტარდება სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები - ესეც პროექტის წარმატებაა. უფრო ხელშესახები შედეგებია მაგალითად ის, რომ ორ სოფელში მოეწყო სარწყულებლები, რაც საკვანძოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტისთვის, რომ საქონელს ამის ნაკლებობა არ ჰქონდეს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი ასპექტები, რომ სარწყულებლები დაშორებული ყოფილიყო სასმელი წყლისგან, რათა მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი ჰქონდეს. ამასთანავე, სოფელი ოზნი წყალმომარაგების გარეშე იყო, ამ პროექტით და მერიის თანამშრომლობით კი ამჟამად მისი წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს, რაც დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. კიდევ ის, რომ წალკაში CENN-ს ოფისი აქვს - აქ ძალიან ჭირს ხელმისაწვდომი სივრცე, რომელიც აღჭურვილია ტექნიკით, ინტერნეტით, სადაც იმართება საღამოები ახალგაზრდებისთვის, ესეც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი დიდი წარმატებაა. ვახორციელებთ საკმაოდ სოლიდურ საგრანტო პროექტებსაც, პირველი რაუნდი დავიწყეთ და 15 გამარჯვებული გვყავს, ამჟამად იმპლემენტაცია მიმდინარეობს.

რაც შეეხება გამოწვევებს, წალკის მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის მიმოცვლა, მასზე ხელმისაწვდომობაა. გარკვეულწილად, ამის გადაჭრა იმით შევძელით, რომ LAG-ს თავისი ვებგვერდი და "ფეისბუქგვერდი" აქვს, სადაც ყველა ინფორმაციის მიმოცვლა ხდება, რისი მიწოდებაც მოსახლეობისთვის შესაძლებელია. თუმცა, თავის მხრივ, ცნობიერების დაბალი დონე და ინტერნეტზე ნაკლები ხელმისაწვდომობა ხელს გვიშლის, სასურველი შედეგი მივიღოთ. ამასთანავე, გამოწვევაა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულად გაუმართავობა, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა სკოლებსა და ბაღებში ნაკლებია, არ ხდება ნარჩენების მდგრადი მართვა, მაღალია დაბინძურების ხარისხი, საძოვრების მართვის ხარისხი ქაოტურია, მიწების რეგისტრაციის საკითხიც პრობლემაა და ა.შ.

- შემდეგი ორი წლის განმავლობაში რა გეგმები გაქვთ?

- პრინციპში, პროექტის სტრუქტურა იგივეა, ძალისხმევა ისევ და ისევ მიმართული იქნება მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაზე, იმ პროცესებზე, რასაც ვახორციელებთ; ასევე, გარკვეული ჯგუფებისთვის (ახალგაზრდები, ქალები, ფერმერები, მწარმოებლები, ტურისტული სერვისების განმახორციელებლები) მათ საჭიროებებზე მორგებული სპეციფიკური ტრენინგების, სასწავლო თუ გაცვლითი კურსების და არაფორმალური განათლების უზრუნველყოფა. საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესი ცოცხალი პროცესია და იცვლება, თუმცა პროექტს აქვს იმის რესურსი, რომ ეს ინტერესები მაქსიმალურად დააფოკუსიროს, მათგან სპეციფიკურები გამოკვეთოს და ამ ინტერესებს მათი ცნობიერების და სასწავლო უნარ-ჩვევების ამაღლების ნაწილში უპასუხოს. ახალგაზრდებთან გავაგრძელებთ მუშაობას, მათთვის ისევ უზრუნველყოფილი იქნება სოციალური საღამოები, სადაც შეიკრიბებიან, ფილმების ჩვენებები და განხილვები იქნება, საინტერესო შეხვედრები ექნებათ, მოხდება მათი ინტეგრაცია, განსაკუთრებით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის - შევუწყობთ ხელს, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები. ვიმუშავებთ პედაგოგებთან და სკოლებთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მცირე საგრანტო პროექტები დაწერონ და შემოიტანონ, ერთი მხრივ, გააძლიერონ სკოლა, ხოლო მეორე მხრივ - საკუთარი უნარ-ჩვევები იმ კუთხით, რომ მცირე საგრანტო პროექტების მართვა შეძლონ.

სტრატეგიის დოკუმენტი და სტრატეგიის სამოქმედო გეგმა წლიდან წლამდე გადაიხედება და განახლდება, რათა შემდგომი დაგეგმვის პროცესები მასთან შესაბამისი იყოს. ყველაზე მსხვილი კომპონენტია ის, რომ ვაგრძელებთ საგრანტო პროექტების დაფინანსებას, მათ აუცილებლად უნდა უპასუხონ სწორედ იმ საჭიროებებს, რომელიც სტრატეგიის დოკუმენტში იქნება იდენტიფიცირებული ისევ და ისევ მოსახლეობის და სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან, ქვემოდან ზემოთ პრინციპით. ჯამურად, 1 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს საგრანტო კომპონენტზე.

ტურისტული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, უკვე შექმნილია ტურისტული გზამკვლევი. სიღრმეებში რომ ჩავედით და ტურისტული პოტენციალი შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ ტურისტულ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტში არ ვიცნობდით, მით უმეტეს, ამას არ იცნობს საზოგადოება და საერთაშორისო ტურისტი. ამიტომ, ჩვენს ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად ითვლება, რომ წალკა "დაიბრენდოს", როგორც ტურისტული შესაძლებლობის მუნიციპალიტეტი, რათა მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტურისტები. საგრანტო კომპონენტიდან ტურიზმის მიმართულებით ვინც ჩვენი ბენეფიციარები იქნებიან, მოხდება მათი გაძლიერება იმ ნაწილში, რომელშიც დასჭირდებათ.

- ტურიზმი ახსენეთ - ამ მიმართულებით ხედავთ თუ არა წალკის განვითარების მთავარ პოტენციალს და შეგიძლიათ თუ არა დააკონკრეტოთ ის ნაწილები, რაზეც ამბობთ, რომ წალკას ტურისტული პოტენციალი აღმოაჩნდა?

- ტურისტულმა გზამკვლევმა მუნიციპალიტეტისთვის დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა მთავარი ეკონომიკური წყარო ტურიზმი შეიძლება იყოს თუ არა, ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან წალკა ოდითგანვე სოფლის მეურნეობის მიმართულების მუნიციპალიტეტი იყო, ალბათ, ასე დარჩება კიდეც. რა თქმა უნდა, აქაც გასაუმჯობესებელია გარკვეული ელემენტები. თუმცა, პარალელურად თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ ტურიზმიც განვითარებული იყოს, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით, კომბინაციაში აგროტურიზმის, სამთო ტურიზმის განვითარება კიდევ უფრო საინტერესოა.

კონკრეტულად, დაშბაშის კანიონი უკვე ყველაზე ცნობილი და დაბრენდილია, იქ კერძო კომპანიის მიერ ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, 68 მილიონის ინვესტიცია იდება, რაც ფაქტობრივად, პირდაპირ იქნება იმის წინაპირობა, რომ წალკის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ტურისტების თვალთახედვის არეალში მოექცეს. ასევე, ბარეთის ტბა საინტერესოა ბიომრავალფეროვნების და გარემოს დაცვის ჭრილში, იქ გადამფრენი ფრინველები ჩერდებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია - ვისაც ინფორმაცია აქვს, ტურისტები იქ დადიან, თუმცა ბრენდირების შემთხვევაში ამ ადგილს მეტი ტურისტი ეწვევა. არის ჩრჩილის კანიონი, ბეშთაშენის ჩანჩქერი, რომელიც სილამაზით არ ჩამოუვარდება დაშბაშის კანიონს და ა.შ...

სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა - "მაქსიმალურად მქონდა შეზღუდული წასვლა-წამოსვლა... ვფიქრობ, ბავშვების მოტანილი ხომ არაა?”

"არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ბათუმში კარვების გახსნაზე... შეცდომების აღიარება არ გვიჭირს" - იმნაძე

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა