ავტორი:

"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო" - რას ყვებიან მძევლები თავდამსხმელზე

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში რამდენიმესაათიანი მძევლობის შემდეგ, 43-ვე ადამიანი გათავისუფლებულია. მათი ნაწილი წუხელ ღამითვე გამოკითხეს პოლიციაში... ძალოვან უწყებებთან გასაუბრების შემდეგ, მათ ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს, რადგან, მათივე თქმით, "სამართლებრივი პროცედურები არ დასრულებულა და ჯერ ლაპარაკი არ სურთ". მედიასთან მხოლოდ ირაკლი კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მძევლად ყოფნის დროსაც აქტიური იყო. ის თავდამსხმელის დავალებით, ერთ-ერთ ტელევიზიას დაუკავშირდა და მისი მოთხოვნები გააცნო.

ირაკლი კვარაცხელია:

- მადლობელი ვარ, სამხარეო პოლიციის უფროსის, რომლის პროფესიონალური მუშაობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მისი ძალისხმევის გარეშე, ახლაც იქ ვიქნებოდით. ყველა დეტალი არ მესმოდა, მაგრამ ესაუბრებოდა ძალიან დამაჯერებლად და მშვიდად, რასაც თურმე ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონია... ჩემს საქმეზე ვიყავი მისული, ბარათი უნდა დამემზადებინა, ზუსტად ორი-სამი წუთი საქმე იყო, რადგან ბარათი უკვე დამზადებული ჰქონდათ. ამენთო რიგის ნომერი და უნდა მივსულიყავი ოპერატორთან და უეცრად გავიგე გასროლის ხმა. ორი გასროლა იყო, თუ სწორად მახსოვს. მანამდე, ჩემს ზურგს უკან რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მან ესროლა გარეთ მყოფ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს იღებდა, ეტყობა, რაღაც უჩვეულო შეამჩნია, თორემ რატომ გადაუღებდა... თან მერე საუბარში თავად თქვა, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გარედან მიღებდაო. საბედნიეროდ, აცდა. შუშას ნატყვიარი ეტყობა...

- ამ დროს უკვე ნიღაბი ეკეთა?

- დიახ, ნიღაბიც ეკეთა და ხელყუმბარასაც მაშინვე მოხსნა დამცავი და ძირს დააგდო... ეს კი დავინახე, მაგრამ მაინც ვერ მოვდიოდი გონს, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა... მერე უკვე გავაცნობიერე საფრთხე. მერე მალევე მოითხოვა მენეჯერი, რომელიც ადგილზე არ იყო, ზედა სათულზე ყოფილა და გაქცევა მოასწრო. ამის შემდეგ მესამე სართულზე ასვლა გვიბრძანა, სადაც დავბინავდით კიდეც, მერე მოგვთხოვა 112-ში დარეკვა, სადაც ყველას დაარეკინა. ერთ-ერთს უთხრა, "ტვ პირველთან" დაკავშირება, მან უპასუხა, "ფეისბუქი"არ მაქვსო, მეორეს უჯდებოდა, კიდევ ერთსაც რაღაც ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და ასე მოვიდა ჩემამდე და თავად ვუთხარი, მაქვს "ფეისბუქი"-მეთქი, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი კაცთან, რომელიც ამდენი ადამიანის წინ გახსნილი ხელყუმაბრით ხელში იდგა. ძალიან მეშინოდა, პოლიციას არ დაეწყო შტურმი, ამ შემთხვევაში ყველანი დავიღუპებოდით.

- მძევლებში პანიკა იყო?

- შეშინებული ვიყავით, მაგრამ თითქოს პანიკა არ იყო, თავად გაგვაფრთხილა, ზემდეტი მოძრაობები არ იყოსო... თავიდან იყო აგრესიული, ალბათ ის კადრი დააფქსირა კამერამ, მერე ჩვენგანაც დაინახა, რომ შიში გადავლახეთ და უფრო კომუნიკაბელური გახდა... დაუჯერებელია, მაგრამ 7 საათი ერთად ყოფნის განმავლობაში ზოგიერთმა იხუმრა კიდეც, რაზეც რამე აგრესია არ ჰქონია. ვინც ტიროდა და ემოციურად მძიმედ იყო, თავიდანვე გაუშვა. მათ შორის ფეხმძიმე ქალიც... შესაძლოა, ეს იმიტომაც გააკეთა, რომ თავად უფრო კონცენტრირებული ყოფილიყო საკუთარ გეგმაზე. ზოგი იმდენად იყო შოკში, რომ ტირილის თავიც არ ჰქონდა, უბრალოდ გახევებული იჯდა...

ნანა, (სახელი შეცვლილია):

- შიში თითქოს მალევე გამიქრა, რადგან ბრძანებებს მოკლედ და გასაგებად გვეუბნებოდა, ზედმეტი მოძრაობები არ იყოს, თორემ ვისვრიო... აქამდე ასე ახლოს იარაღიანი ადამიანი არასდროს მინახავს, არათუ გახსნილი ხელყუმბარა. შოკი მქონდა, მაგრამ მერე ვიღაცებმა ძალა მოიკრიბეს, დაელაპარაკნენ და მეც ცოტა მოვეშვი. დილით ვიგრძენი, რომ კბილები მტკივა, ეტყობა, ერთმანეთზე ვაჭერდი... როდესაც ნერვიულობას გვამჩნევნდა, ძალიან ჩვეულებრივად და მშვიდად გვეუბნებოდა, თუ გესვრით, არ არის რაღაც სასწაული, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი ვკვდებითო... ვფიქრობ, ეს იყო ადამიანი პროფესიონალ სამხედროსა და შეშლილს შორის, რომელსაც ასეთი ფრაზის მერე შეეძლო ხაჭაპური შემოეთავაზებინა ან ეკითხა, ხომ არ დაგცხათ, კონდენციონერი ხომ არ ჩავრთოთო? ასეთ რადიკალურ გამოსვლებზე ზოგს გაეღიმა კიდეც, მაგრამ აგრესია არ ჰქონია, ინფორმაციას ძირითადად მედიის საშუალებით იღებდა.

პოლიციას სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა, მე თითიქოს ხმა დავკარგე და არც დაუძალებია. ვფიქრობ, დრო სწორად ჰქონდა გათვლილი და რაღაც ისტერიკებს არ აწყობდა, უბრალოდ, მძევალს სთხოვდა დარეკვას, სპიკერზე ჰქონდა ჩართული და თავად კარნახობდა რაც უნდა ეთქვათ - მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა... შორიდან კარგი და ადვილია, იმაზე ლაპარაკი, არ უნდა მიეცათ ფულიო, ეს რა გააკეთესო, ამ პოზიციის მქონე ადამიანებს მივმართავ, - დაჯექით გახსნილი ხელყუმბარისა და ავტომატის პირისპირ 7 საათი და მერე იმსჯელეთ, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე კი არა, იქ მყოფ ოჯახის წევრებზეც ვფიქრობდით, რომლებიც მუხლებზე იდგნენ და ღმერთს სთხოვდნენ ჩვენს გადარჩენას... მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ ასეთი თანმიმდევრული იყო, განსაკურებული მადლობა ავთო გალდავას, იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. მეტს ვერაფერს ვიტყვი...

P.S. სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟში გამოყენებული ფოტოები გუშინ, ჯერ კიდევ მძევლობაში ყოფნისას, “ფეისბუქში” გაავრცელა ბანკში მყოფმა გოგონამ, თიკო ხუფენიამ.

არჩევნების დღეს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 ფაქტზე დაიწყო, 9 პირი კი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ცესკოს მთელ ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული