ავტორი:

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, რეკორდულად იზრდება. თუ აქამდე ხელისუფლებები თავს იკავებდნენ შეზღუდვების ახალი ტალღისგან, ახლა აცხადებენ, რომ "სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს."

კარანტინს, საგანგებო მდგომარეობასა და მკაცრ წესებს უბრუნდებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, იტალია და.ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ წრტილოვან "ლოქდაუნს" აცხადებენ შვედეთშიც, ქვეყანაში, სადაც ამ დრომდე კორონავირუსთან ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს იყენებდნენ და სადაც არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა.

ვნახოთ, სად ამკაცრებენ წესებს პანდემიის შეჩერების მიზნით:

  • საფრანგეთი

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა.

ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები "არ არის საკმარისი". ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები.

ამასთან, სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი. ბოლო დღეებია, რაც საფრანგეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 30 000 სცდება.

  • გერმანია

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიაწოდა.

"დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნაწილობრივი კარანტინის პირობებში, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, დაიხურება რესტორნები და ბარები, გარდა გატანის მომსახურებისა, კვლავ გაუქმდება ხალხმრავალი ღონისძიებები, შეზღუდვა დაწესდება ნაკლებად აუცილებელ მიმოსვლაზე, აიკრძალება სასტუმროებში ღამის გათენება, გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში ყველამ სახლიდან უნდა იმუშაოს. საჯაროდ შეხვედრებზეც წესდება შეზღუდვა და იკრძალება ორ ოჯახზე მეტის შეკრება, შეკრებილთა რიცხვი კი 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. იზღუდება გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებაც, დაიკეტება თეატრები და კინოდარბაზები. დაიხურება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და საუნები.

რაც შეეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ისინი ღია რჩება. კვლავ შესაძლებელი იქნება რელიგიური ღვთისმსახურებებისა და საპროტესტო აქციების გამართვა. მოხუცთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება მნახველების მიღება. ღია რჩება მაღაზიებიც.

"ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ ვითარებაში. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მწვავე საგანგებო ვითარება ეროვნულ დონეზე. თუკი ინფექცია ამ ტემპებით გავრცელდება, ჩვენ მივალთ ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზღვარზე“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

  • იტალია

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა იტალიაშიც. ბარები და რესტორნები საღამოს 6:00 საათზე იკეტება, დროებით დაიხურა სპორტდარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

ყოველივეს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და აქციები გაიმართა. ტურინში მომიტინგეების ნაწილმა რამდენიმე მაღაზია დაარბია, ქუჩებში კი პიროტექნიკა ააფეთქა და სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა ქალაქ მილანში გამართულ საპროტესტო აქციაზეც.

ამასთან, იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 25 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც პანდემიის დასაწყისიდან ამ დრომდე რეკორდული მაჩვენებელია.

  • ჩეხეთი

საგანგებო მდგომარეობა და ღამის "კომენდანტის საათი“ დააწესეს ჩეხეთში. სახლიდან გასვლა იკრძალება 21:00 საათიდან გამთენიის 04:59 საათამდე. წესები ვრცელდება ყველაზე, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. კვირაობით არცერთი მაღაზია არ იფუნქციონირებს, ხოლო სხვა დღეებში 20:00 საათზე დაიხურება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩეხეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

  • ესპანეთი

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ესპანეთშიც და დააწესეს ე.წ. კომენდანტის საათი. რომელიც მოქმედებს ღამის 23:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. ქვეყანაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს.

  • ბელგია

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაკეტილია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები, მაღაზიები 20:00 საათამდე მუშაობს, პირბადეების ტარება სავალდებულოა ხალხმრავალ ადგილებში. ეს წესები კი მოქმედებს 19 ნოემბრამდე.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟიში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმებს მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ. ქალაქში სამედიცინო პერსონალის თითქმის მეოთხედი დაინფიცირებულია, მაგრამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და საავადმყოფოებში მოქალაქეების მიმართვიანობის მკვეთრი ზრდის გამო, სამედიცინო სფეროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებათ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას სთხოვენ. ბელგიის ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები ამბობენ, რომ მათ უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა ბელგიაში 10 ათასს აჭარბებს.

  • შვედეთი

შვედეთი ის გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც აქამდე ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით შეზღუდვები არ დაუწესებიათ და ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა ახლა, ზოგიერთ ადგილას უფრო მკაცრი მითითებები დააწესეს, რადგანაც ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ ქვეყანაშიც მკვეთრად იზრდება.

27 ოქტომბერს შვედეთში კორონავირუსის 1980 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული ციფრია.

უფსალა შვედეთის პირველი ქალაქია, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაკეტეს. ამის შესახებ politico.eu წერს. ქალაქში დაახლოებით 230 000 ადამიანი ცხოვრობს და ის სტოკჰოლმთან ახლოს, 1 საათის გზაზე მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი გასცეს მკაცრი რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან, ასევე თავი აარიდონ კონტაქტს ადამიანებთან გარდა იმ პირებისა, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ. განთავსდა ბანერები წარწერით - "საფრთხე ჯერ არ დასრულებულა."

ცნობისთვის, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44.7 მილიონს აჭარბებს, მათ შორის 1,1 მილიონი გარდაიცვალა, ხოლო 32,7 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად დეკემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს.

"მიბაძეთ რუსეთის დუმას "დემოკრატიაში", ჩვენთან 20 წელია ერთი ძალა იგებს და გაურკვევლობაში არ ვართ" - როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ქართულ არჩევნებს

"ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სააკაშვილი კი ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბრობს" - "არჩევნები ქართულად" უცხოური მედიის თვალით

გაერთიანებულ სამეფოში კარანტინი მეორედ გამოცხადდა - რა შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები გარეთ გასვლას?