ავტორი:

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?

"ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს" - რა რეკომენდაციებს გასცემს ამირან გამყრელიძე?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება.

მისივე თქმით, საქართველოში შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება.

„რაც შეეხება ევროპის რეგიონს, თითქმის ყველა ქვეყანაში სიტუაცია და მეორე ტალღის მიმდინარეობა უფრო და უფრო მძაფრდება. ამის გამო, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღეს. საქართველოშიც ამ მხრივ, თანდათან ვაძლიერებთ სხვადასხვა შემზღუდავ ღონისძიებებს პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით, 209 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, რაოდენ კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა, იმიტომ, რომ ისინი ინფიცირებულ ადამიანებს ემსახურებიან. ჩვენთან სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი 6%-ზე მეტი არ არის, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

„საკმაოდ დიდია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ჯგუფები. აქაც პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში უვლინდება პირს გარკვეული სიმპტომი, აუცილებელია დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, "ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება". მისი თქმით, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები.

„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსტულტაცია და შემდგომ, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.

თუ ოჯახის წევრი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით.

ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში მოქალაქეებს პირბადე ეკეთოთ.

„დღეს პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლაში. პირბადეზე უკეთესი ამ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერია. ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინა, ასევე არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების წამალი. ამიტომ, ყველაზე მძლავრი პრევენციული ღონისძიება და დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებაზე თავის არიდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ფრაგმენტებად ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ  არაფერი მესმოდა." - როგორია აქციის დაშლისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება 3 სავალდებულო გამოკვლევა? - გამყრელიძე პაციენტების მკურნალობაზე, ანტიგენის სწრაფ ტესტებსა და საწოლების დეფიციტზე

"...ეს ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ამას ერთ კვირაში დავინახავთ" - რაზე აფრთხილებს და რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე საზოგადოებას?