ავტორი:

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

"ვის ახსოვს ახალი წელი? თითო-თითოდ ვიხოცებით... საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი" შეარქვეს" - მძიმე სიტუაცია ახალგორში და დაცლილი რეგიონი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ბრძანებით ჩაკეტილმა გზამ ახალგორში დარჩენილ მოსახლეობას იმდენად მძიმე პრობლემები შეუქმნა, რომ რაიონი თანდათან იცლება... ადგილობრივების თქმით, ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წნელისის საგუშაგოს აღების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და ქართულ მხარეს გაუგზავნონ. ბოლო დროს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ რაიონის დატოვება ქართველებთან ერთად, ოსებმაც დაიწყეს.

"ქართველებთან ერთად, ოსებიც ვტოვებთ საცხოვრებელს. ექიმის და წამლის გარეშე, არასტაბილურ სიტუაციაში ყოფნა ძალიან ძნელია. აქ უპატრონობით ყოველდღე იხოცებიან ადამიანები... ახლობლები შეგვპირდნენ, ცოტა ხნით ცხინვალის ბინას დაგითმობთო. არადა, სოფელი გვქონდა, მიწა, სახლი, მეურნეობა, მაგრამ აქ ყველაფრის დეფიციტია და რაც იყიდება, ყველაფერი გაძვირდა, როგორღაც ხომ უნდა ვიარსებოთ?" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლინა ჯიოევა.

რამდენიმე დღის წინ, ახალგორში სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო, კიდევ ერთი ადგილობრივი, 80 წელს გადაცილებული გოგია თათარაშვილი გარდაიცვალა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ზურაბ გობოზოვი, ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის უახლოესი მეგობარია და ყველაფრის კეთების უფლება აქვს.

"მან პაციენტს ქართულ მხარეს გადაყვანის უფლება იქამდე არ მისცა, ვიდრე კომაში არ ჩავარდა... მსგავსი რამ ბოლო ხანებში ხშირად ხდება" - ამბობს მეარაყიშვილი.

გასულ კვირას, დაბა ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი, 63 წლის გურამ სტეფანოვი გარდაიცვალა, ის ახალგორის საავადმყოფოში არაერთხელ ყოფილა. ერთხელ ქირურგმა, ონისე გათენაშვილმა გადაარჩინა. თავად ექიმიც, ახლახან, კოვიდ-19-ის გართულების შედეგად, ცხინვალი-თბილისის გზაზე, რეანომობილში გარდაიცვალა... მისი ოჯახის წევრების თქმით, ექიმი პირდაპირ თბილისში კი არა, ჯერ ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც ვითარება დაუმძიმდა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიყვანეს თბილისში.

ადგილობრივებმა, მსგავსი ფაქტების გამო, სამედიცინო დაწესებულებას "გობოზოვის მორგი" დაარქვეს.

ახალგორი დღეს - თამარ მეარაყიშვილის ფოტო

დაბა ახალგორი 1 წლისა და 3 თვის წინ ჩაიკეტა. ამ დროის განმავლობაში თბილისისკენ გზა მხოლოდ ერთხელ გახსნეს, რაც იზოლაციაში მყოფი ადამიანების თქმით, ზღვაში წვეთიც არ არის. ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში, ადგილობრივები "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით იქაურობას ტოვებენ.

"ვიდრე გზას ჩაკეტავდნენ, როგორც ახალგორში, ასევე ცხინვალში, არაფრის დეფიციტი არ ყოფილა, ვგულისხმობ, როგორც სურსათს, ასევე მედიკამენტებს, რადგან ქართული მხარიდან ყველაფერი შემოდიოდა და არც სიძვირე არ იყო. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ავადმყოფები თბილისის კლინიკებში მიდიოდნენ, ან გადაჰყავდათ, ახლა მხოლოდ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს უშვებენ, რაც უმეტესად დაგვიანებულია და ასე თითო-თითოდ ვიხოცებით..." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი AMBEBI.GE- სთან საუბარში.

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი:

- მთავარი ექიმი, რომელიც პაციენტების ჰოსპიტალიზაციას ხელს არ აწერს, ფაქტობრივად სიკვდილისთვის იმეტებს უდანაშაულო ადამიანებს. პაციენტი ვიდრე კომაში არ ჩავარდა, არ გამოუშვეს. მისი ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსია იყო, თუმცა თვეებია არ აუღია. მეზობლები ეხმარებოდნენ, უეცრად ცუდად გახდა. შინაგანი ორგანოები აწუხებდა, მაგრამ კონკრეტულად რას ჭრიდა, დღემდე არ ვიცით - აქ დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ასე დიაგნოზის გარეშე, სხვებიც იხოცებიან.

ახალგორის საავადმყოფოში მთავარი ექიმი, ზურაბ გობოზოვი, ჯანდაცვის მინისტრ, გიორგი ტოტჩიევის უახლოესი მეგობარია და იმას აკეთებს, რაც სურს, ამიტომაც შეარქვა ხალხმა ახალგორის საავადმყოფოს "გობოზოვის მორგი". უამრავი განყოფილება დაიხურა, სამედიცინო პერსონალი გარბის და ხალხიც მიჰყვება.

ახლა ადგილობრივები "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" დახმარებით ტოვებენ აქაურობას, უკანდაუბრუნებლობის ხელწერილით, რასაც მათ ადგილობრივი ხელმძღვანელობა სთხოვს... წამსვლელთა რიგი დგას. თან ისე მიდიან, რომ მძიმე ბარგის წაღების უფლება არ აქვთ, მხოლოდ რამდენიმე ნივთი მიაქვთ. ჰოდა, მიდიან ასე, გულმოკლულები, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ, სიცოცხლე ტკბილია და მასზე მთავარი არაფერია ამ ქვეყნად, არც სახლ-კარი, რასაც ახალგაზრდობა და ზოგჯერ ჯანმრთელობაც შეალიეს. რა დავაშავეთ, რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ასეთ პირობებში?.. - ეს არის კითხვა, რომელიც რამდენიმე თვეა მოსვენებას არ მაძლევს და აღარც პასუხი გვაქვს.

ვის ახსოვს ახალი წელი ან რაიმე დღესასწაული. აქ მხოლოდ გადარჩენაზე ვართ. მუდმივად პრობლემებზე ვსაუბრობთ, ამ ბოლოს რისკის ფასად, ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ვერაფერს ვცვლით, თუმცა მაინც არ ვჩერდები. მეტი გავაკეთო ჩემს მდგომარეობაში მყოფმა?.. თავს ზემოთ ძალა არ არის. ჩვენი ხელისუფლება კი, არაფერს აკეთებს. ჰოდა, რაიონიც იცლება.

აფხაზეთის ახალი წელი: "ახლა მიადგებიან ჩვენს საცოდავ მოსახლეობას და ვაქცინასაც ჩვენზე გამოცდიან"  - რუსული ვაქცინა და "ომი კრიმინალურ სამყაროსთან”

ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა

"ელექტროენერგია გრაფიკით აქვთ, ისიც იმდენად დაბალი ძაბვით, რომ მაცივარსაც ვერ რთავენ" - "მაინინგის მაფია" აფხაზეთში, ენერგოკრიზისის ფონზე