ავტორი:

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

პარასკევს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ტელემარათონი გაიმართება. მარათონზე შეგროვებული თანხა კი მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში გადმოფრენას მოხმარდება. ამ დღეს, კულტურის პალატა ფილარმონიის წინ ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავს გახსნის.

მარათონისთვის ანგარიშის ნომერი დავით ოქიტაშვილმა გახსნა, ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ ის კურირებს თანხის შეგროვებას, რომელიც მომღერლის სამშობლოში დაბრუნებას უნდა მოხმარდეს.

ზურაბ დოიჯაშვილი 9 თვეა, რაც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. დიაგნოზი გახლავთ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. მომღერალი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა.

მეუღლე ქეთი ვადაჭკორია AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მეუღლის მდგომარეობა კრიტიკული და ამავე დროს უიმედოა, ექიმები იმედს არ აძლევენ, დაავადება კი იშვიათი და საკმაოდ მძიმეა.

- როდესაც ზურას დაავადების შესახებ გავიგეთ, მაშინ კიდევ იყო შანსი, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა, მაგრამ პანდემია დაემთხვა. ძალიან რთული სიტუაცია იყო და ფინანსურად ვერ მოხერხდა გადმოყვანა.

ამ წუთის მდგომარეობა კი ასეთია, დღეს რომ ჩემთან რეანომობილი ჩამოფრინდეს, ზურას ვერ გადმოვიყვანთ, რადგან ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ძალიან მინდა, მისი საქართველოში წაყვანა, მისი ბოლო სურვილი ეს იყო.

- ბოლოს როდის გესაუბრათ?

- 28 აპრილს... სახლში ვიყავით და ძალიან გაუჭირდა სუნთქვა. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ამბობდა, დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო. ასეთი გამართული წინადადებით მას შემდეგ აღარ უსაუბრია.

თვენახევარი კომაში იყო, კომიდან გამოვიდა, მაგრამ აპარატის მოხსნა ვერ მოხერხდა. დაეწყო კუნთების ატროფია და წონაში სწრაფი კლება, ჩაერთო პროფესორების გუნდი და სწორედ მაშინ დაუსვეს დიაგნოზი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად პროგრესირებს მისი დაავადება. საათობით შეიძლება დამძიმდეს.

ამ ერთი თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გაუკეთეს, ფარული სისხლდენა ეწყებოდა. ზურას საქართველოში აქვს გაკეთებული გულის შუნტირება და სწორედ ეს აცოცხლებს. უმაღლეს დონეზე აქვს გაკეთებული და აქაური ექიმებიც კი კითხულობდნენ, ვისი გაკეთებულია შუნტირება, გული რომ ამას უძლებსო.

- მკითხველს რომ უთხრათ, ვინ იყვნენ საქართველოში ბატონი ზურას ექიმები?

- ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარდა გულზე შუნტირება. ზვიად ბახუტაშვილმა და დათო ლოლიაშვილმა გაუკეთეს. დათო დღემდე ზურას გვერდით დგას.

- ქალბატონო ქეთი, ფინანსური პრობლემების გამო ბინა დაკარგეთ და შემდეგ მთელი ოჯახი ისრაელში წახვედით ...

- მთელმა საქართველომ იცის, რომ ბინასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა და სახლის გარეშე დავრჩით. გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით ისრაელში სამუშაოდ. არაფერი გვითაკილია მე, ზურას და შვილებს. გვინდოდა, ისევ შეგვეძინა ჭერი საქართველოში, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

- შვილები ახლა სად არიან?

- პანდემიის დაწყების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან მათი სამსახურებიც დაიხურა. ჩემი მესამე შვილიშვილი აქ დაიბადა, ისრაელში.

- საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში, შეუძლიათ ქართველ ექიმებს ასეთი დაავადების მქონე პაციენტის მართვა?

- დიახ, ამ დაავადების რამდენიმე შემთხვევა იყო საქართველოში და ქართველ ექიმებს აქვთ გამოცდილება. მართალი რომ გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, რადგან ამ წუთას ზურას მდგომარეობა კრიტიკულია. არ ვიცი, რა იქნება ერთ სააათში, ხვალ დილას... ექიმებს რომ ვეკითხები, მეუბნებიან, - ისე იქნება, როგორც უფალი გადაწყვეტსო.

- პანდემიის დასრულების შემდეგ, თქვენ და თქვენი შვილები დაბრუნდებით ისრაელში სცხოვრებლად?

- ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს, რასაც არც ისრაელი ჩამოგვართმევს და არც საქართველო. აქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც გვერდში მიდგანან და ამით ვსულდგმულობ, მაგრამ საქართველოა ჩვენი სამშობლო. არჩევანის წინაშე რომ დავდგე, სად ვიცხოვრებდი, რა თქმა უნდა, საქართველოში. მითუმეტეს ვიცი, რითი დამთავრდება ზურას ავადმყოფობა და არც სიცოცხლეში და არც მერე არ დავტოვებ უჩემოდ.

სს „საქართველოს ბანკი“ბანკის კოდი - BAGAGE22ანგარიში - GE06BG0000000498478658

მიმღები - ტურიზმის განვითარების ასოციაციადანიშნულება - ზურა დოიჯაშვილისთვის

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"