ავტორი:

კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ

კორონავირუსის ახალი შტამი, ვაქცინაციის დეტალები და შეზღუდვების შემსუბუქება - თამარ გაბუნია მთავრობის გეგმების შესახებ

დღეს დიდი დღესასწაულია. ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დაცვა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება ეკლესიებში მანამდეც ხდებოდა, ამდენად ეს წესები საეკლესიო მსახურების პროცესში დღესაც იქნება ძალაში.

„დღეს აღარ იმოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს, ეს არის ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება - ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანციის დაცვა - 2 მეტრი. დღეს დიდი დღესასწაულია, ამ დღეს ყველა ველოდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • შეზღუდვების შემსუბუქება

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, 10 იანვრის შემდეგ შესაძლოა, კვლავ იყოს შემთხვევების მატება. მისივე თქმით, შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით დასკვნა 15 იანვრის შემდეგ გაკეთდება.

„შეზღუდვების გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიწევს დავაკვირდეთ კიდევ ამ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. 1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ტესტირება კარდაკარის პრინციპით

კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების ჩატარებისას კარდაკარ სიარულს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების რისკი და ალბათობა მაღალი იქნება.

„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ვირუსის კიდევ ერთი ახალი ტალღა აღარ განმეორდეს და ამისთვის ერთ-ერთი გზა არის აქტიური ტესტირება. ჩვენ ძალიან ფართოდ გვაქვს გაშლილი ტესტირების პროცესი, მათ შორის სამედიცინო პერსონალისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ჯგუფების, ასევე მოსახლეობის. რაც შეეხება კარდაკარ პრინციპს, პირველი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის დასაწყისში გლობალურად გაიცა, იყო ის, რომ ოჯახის ექიმები და ზოგადად, სამედიცინო პერსონალი კარდაკარ პრინციპით ტესტირების ჩატარებასა და ბინაზე სერვისის გადატანას მორიდებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ჩვენ ამდენი დისტანციური სერვისი შემოვიტანეთ. ამდენად, კარდაკარ პრინციპი ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით გარკვეული რისკის მატარებელია. თუმცა, ის რომ ტესტირების წერტილი ქვეყანაში უფრო მეტი უნდა შეიქმნას, რომ მოსახლეობა თავად მოვიდეს, ცხადია. ამაზე რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს, რაიონულ და სოფლის დონეზე, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია თებერვალსა და მარტში. ტესტირებისთვის კარდაკარ სიარულზე თავს შევიკავებთ, იმიტომ, რომ ინფექციის გავრცელების რისკები და გავრცელების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე როცა მოსახლეობა აქეთ მოდის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ბიზნესგარემოში, სადაც ადამიანებს დახურულ სივრცეში უწევთ მუშაობა, კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება. მისივე თქმით, აღნიშნულ გარემოში ადამიანები დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას მუდმივად ვერ ახერხებენ.

მანვე აღნიშნა, რომ ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები.

„ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ყოველთვის ემატება მაღალი რისკის მქონე ახალი ჯგუფები. ბოლო პერიოდის განმავლობაში რელიგიური პირები დაემატა, ასევე ტაქსის მძღოლებს შორის ტესტირება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მინდა გითხრათ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. ასევე ვფიქრობთ, ტესტირებას სხვადასხვა ბიზნეს გარემოში და აი, ეს მოდელი მუშავდება. განსაკუთრებით იმ ბიზნესს გარემოში, სადაც დახურულ სივრცეში უხდებათ მუშაობა მუდმივად ადამიანებს და ისინი ვერც დისტანციის დაცვას შეძლებენ და შეიძლება პირბადის გამოყენებაც მუდმივად ვერ მოახერხონ“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • ვაქცინაცია

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შემოტანა განიხილება. მისი თქმით, პირველ რიგში აიცრება ხანდაზმული მოსახლეობა და შემდეგ სხვა ჯგუფები.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ეს ამბავი ასე მარტივად არ ხდება.

რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას. ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა და „ასტრაზენეკა“. ეს არის ვაქცინები, რომლებმაც მიიღეს FDA-ს ან ევროპის მარეგულირებლების ავტორიზაცია. მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია მოხდება ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე და ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, უკვე განხორციელდება გეგმის შესაბამისად.

ვაქცინაციის პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ხანდაზმული ასაკი მოგეხსენებათ, არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. პირველი პრიორიტეტი არის ხანდაზმული მოსახლეობა და ამას შემდეგ მოყვება სხვა ასაკობრივი ჯგუფები,“ - განაცხადა გაბუნიამ.

  • გრიპის ვაქცინაცია

გაბუნიას განცხადებით, სეზონური გრიპის ვაქცინის ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღესდღეობით ქვეყანაში გრიპის ვაქცინის მხოლოდ ის მარაგია დარჩენილი, რაც რისკ-ჯგუფების ასაცრელად არის საჭირო.

„შესყიდვა მოხდა 235 ათასი დოზის. ვაქცინის დიდი რაოდენობა გაიხარჯა. გაფართოვდა პირველადი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი იმისთვის, რომ უფრო აქტიური ათვისება ყოფილიყო და მოცვაც უფრო ფართო ყოფილიყო. დღესდღეობით გვაქვს ის მარაგი, რაც უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მაგალითად ორსულებისთვის იმისთვის, რომ შევძლოთ კიდევ აცრა. ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებადაქტიური, ვიდრე თავიდან მოთხოვნა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია ეს გავითვალისწინოთ კოვიდის ვაქცინისთვისაც, რადგან ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება, ვაქცინის შემოტანის შემდეგ დადგება მომენტი, რომ მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა არ აიცრას. ასე რომ, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

  • რემდესივირი

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „რემდესივირით“ 29 პაციენტი გადის მკურნალობას. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, 29 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირს“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია.

,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არ შეგვიძლია. „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

  • კორონავირუსის ახალი შტამი

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ერთადერთი დაზუსტებული მონაცემი არსებობს, რომლის მიხედვითაც ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი პირვანდელი სახეობა. მანვე აღნიშნა, რომ უფრო დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს.

„ერთადერთი რაზეც დაზუსტებული მონაცემი არსებობს ისაა, რომ ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პირვანდელი მისი სახეობა. თუმცა ახალგაზრდა ასაკში რამდენად უფრო სწრაფად ვრცელდება ამაზე დადასტურებული, მეცნიერული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვიდრე უფრო უკეთესი ინფორმაცია იქნება", - განაცხადა გაბუნიამ.

  • საველე ჰოსპიტლები

თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლების მოწყობა არც აქამდე ყოფილა მთავრობის გეგმაში და არც მომავალში იგეგმება. მისივე თქმით, საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კლინიკური სასტუმროებია.

„საველე ჰოსპიტლების ანალოგი და გარკვეულწილად დამხმარე ჰოსპიტალური სექტორისთვის ეს იყო კლინიკური სასტუმროები, რომელიც კარგად იქნა გამოყენებული როგორც აჭარაში, ასევე სხვა დანარჩენ რეგიონში და ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ვიზიტის დროს ამ მოდელმა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვის კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. დღეს ამის საჭიროება არ არის, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-დან 400 საწოლამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე