ავტორი:

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"

"ეს არ არის ამერიკა” - ასე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები ამერიკაში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანაში დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ დაწყებულ პროტესტს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გუშინ ისინი კაპიტოლიუმის შენობასთან იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც სენატს 46-ე არჩეული პრეზიდენტისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელებმა შენობაში შეღწევა შეძლეს, რასაც დაპირისპირება და პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ტრამპმა მოგვიანებით მიმართა მის მხარდამჭერებს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ. ტრამპი და მისი ამომრჩეველი ვერ ეგუება და უარს ამბობს იმ რეალობის მიღებაზე, რომ არჩევნებში გამარჯვრებული ჯო ბაიდენია და ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ფაქტია, რომ ვაშინგტონს სენატის დარბევა და მსგავსი პოლარიზაცია არ ახსოვს. ბევრმა ამ პროცესებში გარე ძალების ჩარევის შესაძლებლობაც ახსენა.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

- ტრამპს რომ თავის დროზე ეღიარებინა დამარცხება და მარტივად წასულიყო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, ამ კაცს უფრო მეტი უცნაურობა სჭირს, ვიდრე გვეგონა და სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდად გამოვლინდა. პოლარიზება ამერიკაში იყო და დარჩება კიდეც, ასე იოლად არ წავა. 2016 წელს ასევე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ტრამპსაც, რომლებიც მზად იყვნენ გამოსულიყვნენ ქუჩაში, თუ კი კლინტონი არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. კლინტონმა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი გულზე არ ეხატებოდა, ალბათ ჩვენზე კარგადაც იცნობდა მას და იცოდა, რა შეიძლებოდა დაეშავებინა ამ კაცს, შედეგები აღიარა, წყნარად შეხვდა და შეეგუა დამარცხებას. ახლა, წესით, იგივე უნდა მომხდარიყო, თუმცა კაცი, რომელიც არასდროს აღიარებდა პოლიტიკის და დემოკრატიის დაუწერელ და დაწერილ წესებს, ასე მოიქცა. არცაა გასაკვირი, როცა 2016 წელს იმუქრებოდა, რომ თუ არჩევნებს წააგებდა, არ სცნობდა მას და ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა. ანუ მაშინაც იმუქრებოდა, ასე რომ, გასაკვირი არაფერია. ტრამპმა დააგვიანა მომხრეებისადმი მიმართვა, წადით სახლშიო, ეტყობა, მიხვდა, რომ თვითონაც შარში გაეხვა. ამერიკელ საზოგადოებაში პოლარიზაცია ასე მარტივად არ წავა, მაგრამ ამ მწარე გაკვეთილის მერე, იმედია, ყველა თუ არა, ბევრი მოეგება გონს.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- არა მგონია, ამერიკაში პოლარიზაციამ და რადიკალურმა დაპირისპირებამ დიდხანს გასტანოს, ვფიქრობ, ამუშავდება ინსტიტუტები იმ პოლიტიკისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს პროცესები განაპირობა. რამდენად სწორია ტრამპის არჩევნების გაყალბების თეორია, ალბათ გაირკვევა და დეტალური გამოძიება ჩატარდება იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად. ვფიქრობ, აქ იმუშავებს ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ გვაკლია. დღეს უკვე გაკეთდა განცხადებები ახალი პრეზიდენტისგან, ტრამპიც იძულებული გახდა, გაეკეთებინა განცხადებები...

შესაძლოა, დარღვევები რაღაც დონეზე იყო, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას მთელი ინსტიტუტები აღიარებენ, ამ სიტუაციას უნდა შეეგუო, ესაა დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი. აბსოლუტური ჭეშმარიტება და აბსოლუტური სამართალი არსად დედამიწაზე არ არსებობს, რაღაც გადახვევები შეიძლება იყო, მაგრამ როდესაც ქვეყანა ამ დონემდე მივა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაშიც რაღაც რიგზე ვერაა. ალბათ ამას გარკვეული დაღი დაასვა კორონავირუსმა. ტრამპის პოლიტიკა თავისთავად, საკმაოდ ხისტი იყო - მისი დამოკიდებულება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, ამიტომ ამან ქვეყანაში გაკვეული რყევები გამოიწვია.

ტრამპმა, ფაქტობრივად, ამერიკის ლიდერობაზე თქვა უარი. გასაგებია, რომ მას მექსიკასთან აქვს პრობლემები, მაგრამ იმ კედლის გაკეთება, ფაქტობრივად, ნიშნავდა იზოლაციას დანარჩენი მსოფლიოსგან. ასევე, როგორც იცით, გამკაცრდა შესვლა-გამოსვლა ამერიკაში, საწარმოებს, რომლებიც ამერიკის გარეთ ფუნქციონირებდა, გადასახადი გაუზარდეს... თავის დროზე, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება იმან განაპირობა, რომ მან აქცენტი ამერიკაზე და ამერიკელებზე გააკეთა. ის ცდილობდა უარი ეთქვა იმ როლზე, რაც ამერიკამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აიღო თავის თავზე. მან ამერიკის გლობალური პოლიტიკა ამერიკელის კონკრეტულ პოლიტიკამდე დაიყვანა და ამან თავისთავად, გარკვეული დაპირისპირება წარმოშვა საზოგადოებაში, უფრო პანამერიკული აქცენტები გააღვივა, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც - ტრამპმა მთელი წელი დემოკრატიულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ბრძოლაში გაატარა.

როდესაც ასეთი ვითარებაა, იქ აუცილებლად ჩნდება რადიკალიზმი და ამის გამოვლინება იყო ის, რაც მოხდა. იმედი მაქვს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები იმუშავებენ და ეს პრობლემა სასწრაფოდ იქნება აღმოფხვრილი. ვიტყოდი, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ღრმა ანალიზის საფუძველი პირველ რიგში, ამერიკელებისთვის და იმ ძალებისთვის, რომლებიც ამერიკას, როგორც დემოკრატიის ციტადელს, ისე უყურებენ. არც ის უნდა დაგვავიწდეს, რომ მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა და ორპოლუსიანი სამყარო, ფაქტობრივად, ერთპოლუსიანად ჩამოყალიბდა, მუდმივად მიდის მცდელობა იმისა, რომ ისევ გაჩნდეს მეორე პოლუსი. ამაზე პრეტენზია დღეს ორ სახელმწიფოს აქვს, ესაა ჩინეთი და რუსეთი. გარდა ამისა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის ამ ხისტმა პოლიტიკამ, შესაძლოა სწორმაც, ჩინეთთან გარკვეული დაძაბულობები გამოიწვია, რითიც უკმაყოფილოა ჩინეთი. მუდმივად იყო და ახლაც უკმაყოფილოა რუსეთიც. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესები მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ მათ ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ბუნებრივია, საშუალება თუ იქნება, ისინი პროცესებს ხელს წააშველებენ.

"ჩეჩნეთის უკანასკნელი ემირი" ლიკვიდირებულია - რამზან კადიროვის მტკიცებით, სპეცოპერაციას ის ხელმძღვანელობდა

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა, მექსიკასთან კედლის მშენებლობა - შეჩერებული: ტრამპის რა გადაწყვეტილებები გააუქმა ბაიდენმა მუშაობის პირველივე დღეს